ჩინეთი უნგრეთს უსაფრთხოების საკითხებში დახმარებას სთავაზობს

ჩინეთი უნგრეთს უსაფრთხოების საკითხებში დახმარებას სთავაზობს

ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა. იშვიათი შეხვედრების ფორმატში ჩინეთმა დიდი ხნის სტრატეგიულ პარტნიორს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებში დახმარება შესთავაზა. ეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებს მიღმა, უსაფრთხოების საკითხებზე მიღწეული პირველი შეთანხმებაა, რაც ევროპაში ჩინეთის გავლენების ზრდის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.

ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის განცხადებით, ქვეყანა იმედს გამოთქვამს, რომ უნგრეთთან სამართალდაცვით და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა უახლოეს მომავალში გაღრმავდება. ცნობისათვის, ჩინეთსა და უნგრეთს 75-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობა აკავშირებთ.

ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის განმარტებით, ბილატერალური ურთიერთობის გაღრმავება ტერორიზმთან და ტრანსნაციონალურ დანაშაულებთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ვანგ შიაონგი ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრსაც შეხვდა.

მხარეები უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების განვითარების საკითხებს ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივის, „სარტყლისა და გზის“ ფარგლებშიც განიხილავენ.

ჩინეთი ევროპულ სახელმწიფოსთან ურთიერთობებს იმის ფონზე აღრმავებს, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოების საკითხებს სულ უფრო აქტიურად განიხილავს. შეგახსენებთ, რომ უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების უკვე ერთადერთი ოპონენტია. შესაბამისად, უნგრეთთან გაფორმებული უსაფრთხოების პაქტი ჩინეთისათვის დიპლომატიური გამარჯვებაა. ხშირ შემთხვევაში, უნგრეთი ჩინეთთან მიმართებით ევროკავშირის კრიტიკული განცხადებებისგან დისტანცირდება.

ჩინური კომპანიის, Huawei-ს ყველაზე დიდი უცხოური საწარმო და ლოგისტიკური ცენტრი სწორედ უნგრეთში მდებარეობს. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და თვალთვალის ტექნოლოგიური მხარდამჭერი სწორედ Huawei გახლავთ. უახლოეს პერიოდში უნგრეთში ჩინური ელექტრომობილების მწარმოებლის, BYD-ის ქარხანაც გაიხსნება.