ფოტო: Getty Images
Nvidia-მ ღია კოდის ხელოვნური ინტელექტის მოდელების პლატფორმა Hugging Face-ის შეძენაზე შეთანხმებას მიაღწია. როგორც გამოცემა The Information-ი საკითხთან დაკავშირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, პოტენციური გარიგების ღირებულება $12.9 მილიარდს აღწევს.
შესყიდვაზე შეთანხმების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, Hugging Face-ის შესყიდვა Nvidia-ს ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი შენაძენი იქნება. გარიგების ღირებულება განსაკუთრებით მაღალია Hugging Face-ის ფინანსურ შედეგებთან შედარებით. The Information-ისცნობით, კომპანიის წლიური შემოსავალი დაახლოებით $150 მილიონს შეადგენს.
Hugging Face-ის პლატფორმა ღია კოდის დიდი ენობრივი მოდელებისა და მონაცემთა ნაკრებების განთავსებისთვის გამოიყენება. ცნობისთვის, Nvidia იმ კომპანიებს შორის იყო, რომელთაც 2023 წელს Hugging Face-ის $235-მილიონიან დაფინანსების რაუნდში მიიღეს მონაწილეობა. მაშინ კომპანიების შეფასებამ $4.5 მილიარდს მიაღწია.
Financial Times-ის ცნობით, გასული წლის განმავლობაში Hugging Face-მა Nvidia-სგან $500 მილიონის ინვესტირების შეთავაზებაზე უარი განაცხადა. შეთავაზების მიღების შემთხვევაში კომპანიის შეფასება $7 მილიარდს მიაღწევდა.
Hugging Face-ის შესყიდვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Nvidia-სთვის, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებას თავისი ბიზნესის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად მიიჩნევს. პარალელურად კი, დახურული კოდის მოდელების შემქმნელი კომპანიები, მათ შორის Anthropic-ი და OpenAI, უკვე მუშაობენ შიდა წარმოების ჩიპებზე, რომლებიც Nvidia-ს GPU-ების ალტერნატივად განიხილება.
Nvidia სამომავლოდ AI-ტექნოლოგიებზე მოთხოვნის გაძლიერებასაც პროგნოზირებს. მომავალი ფისკალური წლისთვის კომპანიამ შემოსავლების 70%-ით ზრდის მიზნები გამოაქვეყნა. დამატებით, 2027 ფისკალური წლის ჩათვლით Nvidia AI-მიმართულებასთან დაკავშირებულ კომპანიებში $18 მილიარდის ინვესტიციებსაც განიხილავს.















