მიმდინარე წლის განმავლობაში, აქციების ღირებულების თითქმის სამჯერადი ზრდის გავლენით, ჩიპების მწარმოებელი Nvidia, საბაზრო კაპიტალიზაციით, მსოფლიოს ნომერ პირველი კომპანია გახდა. ბოლო მონაცემებით, Nvidia-ს საბაზრო ღირებულება $3.571 ტრილიონს აღწევს და აჭარბებს Apple-ს, რომელიც $3.366 ტრილიონადაა შეფასებული.
სამშაბათის ვაჭრობაში, Nvidia-ს აქციის ღირებულებამ $139.91-ს მიაღწია, დასრულების შემდეგ კი, მცირედით შემცირდა. Nvidia-მ მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა გასულ წელსაც, როდესაც ამერიკული კომპანია GPU-ების ძირითად წყაროდ იქცა ბაზარზე. ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, მხოლოდ ბოლო ხუთ კვარტალში, ჩიპების მწარმოებლის შემოსავალი გაორმაგდა.
ცნობისთვის, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ $3-ტრილიონიანი ნიშნული ამ წლის დასაწყისში გადალახა. შედეგად, კომპანია შეუერთდა ისეთ გიგანტებს, როგორებიც Apple-ი და Microsoft-ი არიან, წლის დასასრულისთვის კი, ორივე მათგანი უკან ჩამოიტოვა. Nvidia მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია ივნისშიც გახდა, თუმცა პოზიცია მხოლოდ მცირე ხნით შეინარჩუნა.
ამჟამად, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების პირველ სამეულში კვლავ მხოლოდ ამერიკული კომპანიები: Nvidia, Apple-ი, და Microsoft-ი არიან წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ გლობალურად, მხოლოდ ამ სამი კომპანიის საბაზრო ღირებულება აღემატება $3-ტრილიონიან ნიშნულს.
უახლესი მონაცემებით, Apple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $3.366 ტრილიონს, ხოლო Microsoft-ის – $3.123 ტრილიონს უტოლდება.