ფოტო: Getty Images
აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს კერძო სექტორის კონტრაქტებზე. ამ ხარჯების დიდი წილი კი სულ რამდენიმე ათეულ კომპანიაზე ნაწილდება. აშშ-ის მსგავსი მკვეთრად კაპიტალისტური ქვეყნებისათვის სერვისების განხორციელების ეს მოდელი მეტად მიღებულია და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს.
აშშ-ის მთავრობა კონტრაქტორებს სხვადასხვა ტიპის სერვისების ან პროდუქციის მისაღებად ქირაობს, მათ შორისაა: სოციალური სერვისები, სამხედრო მრეწველობა, ჯანდაცვა, საბანკო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. სტატიაში კი სწორედ აშშ-ის მთავრობის უმსხვილესი კონტრაქტორების რეიტინგს წარმოგიდგენთ. მონაცემები აღებულია მთავრობის ხარჯების მეთვალყურე კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშიდან, რომელიც დაკონტრაქტების ოფიციალური ვებგვერდის მაჩვენებლებს ეყრდნობა.
რეიტინგი შედგენილია 2025 ფისკალური წლის მაჩვენებლების გათვალისწინებით და მოიცავს აშშ-ის ფედერალური მთავრობის მიერ ყოველი კონტრაქტორი კომპანიისათვის გადასაცემი ფინანსური ვალდებულების მაჩვენებლებს.
გასაკვირი არ არის, რომ რეიტინგის სათავეში აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპანიები ექცევიან. ამ მხრივ უპირობო ლიდერი ცნობილი ამერიკული სამხედრო კომპანია Lockheed Martin-ია, რომელიც აშშ-ის მთავრობისთვის წამყვან მრავალფუნქციურ სტელს-ტიპის გამანადგურებელ F-35-ებს აწარმოებს. ჯამში 2025 ფისკალურ წელს აღნიშნულმა კომპანიამ აშშ-ის ფედერალური მთავრობისგან $73.7 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები მიიღო. სამთავრობო კონტრაქტებში Lockheed Martin-ის დომინაცია იმდენად დიდია, რომ მისი კონტრაქტები რეიტინგის მომდევნო ორი კომპანიის ჯამურ ღირებულებასაც აღემატება.
რეიტინგის მეორე პოზიციასაც სამხედრო კომპანია General Dynamics-ი იკავებს. ის მრავალ სხვა მაღალტექნოლოგიურ სამხედრო პროდუქტთან ერთად, აშშ-ის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკების, M1A2 Abrams-ების მწარმოებელია. ამ უკანასკნელმა გასულ ფისკალურ წელს $35.9 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები მიიღო. რეიტინგის მესამე პოზიციას ასევე სამხედრო კონტრაქტორი, ყველაზე მოთხოვნადი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მწარმოებელი Raytheon-ი იკავებს. მის მიერ მიღებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება $34 მილიარდს შეადგენს.
ხუთეულში ერთადერთი არასამხედრო კომპანია UnitedHealth Group-ია, რომელმაც ფედერალური მუშაკების ჯანდაცვის დაზღვევის, ბენეფიტებისა და სხვა სერვისებისათვის, 2025 ფისკალურ წელს აშშ-ის მთავრობისგან $25.4 მილიარდი მიიღო. კიდევ ერთი მსხვილი ჯანდაცვის სექტორის კომპანია რეიტინგის მეშვიდე ადგილზე მყოფი TriWest Healthcare Alliance-ია, რომელიც აშშ-ის სამხედრო პერსონალის ოჯახების ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებას უზრუნველყოფს. ამ უკანასკნელის მიერ მიღებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება $13.4 მილიარდს შეადგენს.
რეიტინგის ათეულში მყოფი ერთადერთი საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანია Leidos-ი, აშშ-ის ფედერალური მთავრობის კონტრაქტებს ($12.6 მილიარდი) კვლავ სამხედრო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იღებს. IT-კომპანიების უმეტესობა სამთავრობო კონტრაქტებს სწორედ კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა სისტემებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პლატფორმებისათვის იღებენ.
| რეიტინგი | კომპანია | კონტრაქტების ღირებულება (2025) | პროდუქტი (მაგალითი) | ინდუსტრია |
| 1 | Lockheed Martin | $73.7 მილიარდი | გამანადგურებელი F-35 | თავდაცვა |
| 2 | General Dynamics | $35.9 მილიარდი | M1A2 Abrams ტანკი | თავდაცვა |
| 3 | RTX (Raytheon) | $34.0 მილიარდი | სარაკეტო სისტემა Patriot | თავდაცვა |
| 4 | UnitedHealth Group | $25.4 მილიარდი | ფედერალური მუშაკების ჯანდაცვის ბენეფიტები | ჯანდაცვა |
| 5 | Boeing | $23.1 მილიარდი | გამანადგურებელი F-15EX | თავდაცვა |
| 6 | Northrop Grumman | $14.8 მილიარდი | ბომბდამშენი B-21 Raider | თავდაცვა |
| 7 | TriWest Healthcare Alliance | $13.4 მილიარდი | სამხედრო პერსონალის ოჯახის წევრების ჯანდაცვა | ჯანდაცვა |
| 8 | Leidos | $12.6 მილიარდი | სამხედრო IT და კიბერუსაფრთხოების სისტემები | IT-სერვისები |
| 9 | McKesson | $11.9 მილიარდი | ფარმაცევტული სერვისები | ჯანდაცვა |
| 10 | Huntington Ingalls Industries | $11.2 მილიარდი | Virginia-კლასის წყალქვეშა ნავი | თავდაცვა |
| 11 | L3Harris Technologies | $8.7 მილიარდი | ტაქტიკური საკომუნიკაციო სისტემები | თავდაცვა |
| 12 | Booz Allen Hamilton | $7.8 მილიარდი | კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი | IT-სერვისები |
| 13 | BAE Systems | $7.7 მილიარდი | საბრძოლო მანქანა Bradley | თავდაცვა |
| 14 | Cencora | $7.4 მილიარდი | ფარმაცევტული სერვისები | ჯანდაცვა |

















