ომი ახალი მოდაა

ომი ახალი მოდაა

მყიდველი. შაქარი როგორ არის ფუთი?

ვაჭარი. ცხრა და ორი აბაზი, კნიაზჯან.

მყიდველი. რას ამბობ?!. ვის გაუგონია ასე ძვირათ?.. ეხლახან არ იყო, შვიდ და ერთ აბაზათ?..

ვაჭარი. დიახ, კნიაზ, მაგრამ კავკავის ქირა თერთმეტი აბაზი გახდა… ახლა კიდევ „ვოინობა“… ნეტავი კაპეიკი მოვიგო და მეტი არ მინდა.

მყიდველი. კალბასი როგორღაა, გირვანქა?

ვაჭარი. ექვსი შაური, კნიაზის ჭირიმე!..

მყიდველი. შე ოჯახ აშენებულო, ეგ ხომ ადგილობრივი არი?.. მაგას ხომ ქირა არა აქვს?

ვაჭარი. ვაჰ, კნიაზჯან, რა ხამივით ლაპარაკობ… უხარჯოთ რა არის ვაჭრობაში? მერე კიდენ წელს ღორის საჭმელი არ მოვიდა, სიმინდი ყინვამ წაახდინა, ახლა „ვოინობა“…

მყიდველი. ე… ე… ე… შვილოს! თქვენ სულყველას „ვოინობას“ აბრალებთ… მაშ ღვინოს როგორღა ჰყიდი ბოთლს?

ვაჭარი. ღვინოს?.. ოჰ რა ღვინოს მოგართმევ!.. სპირტია, სპირტი!.. ბოთლში გამოგართმევ რვა აბაზს.

მყიდველი. ბოთლში, თუ თუნგში?.. გაგიჟდი?.. ეგ რაღამ დააძვირა?

ვაჭარი. გოლვამ, კნიაზ… „ვოინობა“…, – რაფიელ ერისთავი, „ბაზრის სცენები“, 1878 წ.

1876 წელს, ტფილისელები, რომლებიც „უიმისოთაც არ იყვნენ გულ-მაგარნი და მხნენი“, გვარიანად დააფრთხო ცნობამ რუსეთსა და ოსმალეთს შორის მოსალოდნელი ომის შესახებ. რას აღარ ლაპარაკობდნენ ქალაქში, „დაშინებული ხალხის თვისება ხომ ის არის, რომ ბუზის-ოდენას სპილოდ აქცევენ“. როგორც პრესა იუწყებოდა, კაცს ვერ ნახავდით ქალაქში, ომიანობის დაწყების მოლოდინი რომ არ ჰქონოდა, შესაბამისად, როგორც ამისთანა დროს შეეფერება, ტფილისი მღელვარებას მოეცვა და ყველა უჩვეულო ფაცაფუცში იყო.

ქალაქში შეკრებილიყვნენ „კავკასიის უწარჩინებულესი ღენერლები და ღუბერნიის მარშლები“ და იმაზე მსჯელობდნენ, „თუ როგორ უნდა გამოიყვანონ მილიცია, როგორი წესები, რა გვარი იარაღი უნდა იყოს იმაში და რა შემწეობის მიცემა შეუძლიან ამ მილიციას ომიანობის დროს“.

თავის მხრივ, ლოგისტიკურ საკითხებს განიხილავდა ქალაქის გამგეობაც, რომლის აზრითაც, რუსეთიდან თფილისში მოსული ჯარის დროებით აქ გაჩერების დროს, ქალაქს უნდა ეკისრა ხარჯი, რაც ჯარს სახლის, შეშისა და განათებისთვის დასჭირდებოდა. საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის, ნავთი, შესაბამისად, განათების ხარჯი უკვე გაძვირებულიყო, რადგან „ურმები და ხარ-კამბეჩი, რომელნიც ნავთის მოტანაზე იდგნენ და ბაქო-თფილისს შუა დადიოდნენ, მმართებლობის საჭიროებისათვის იყვნენ გადაყვანილნი“ და სხვადასხვა სამხედრო სურსათს და იარაღს ეზიდებოდნენ.

არსებულ ვითარებას გვარიანად აუღელვებია ქალაქის „ფულიანი ხალხი“: „საცა კი ფულები აქვთ, აგროვებენ, და მაგრად ინახვენ ზანდუკებშია; ბანკებიდამ გამოაქვთ, რაც კი შეუნახავთ, და აღარავის აღარ აძლევენ“. ამას, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაურთულებია ტფილისში „ფულის შოვნა“: „უიმისოთაც ძნელი იყო ჩვენს ქალაქში ფულის შოვნა და ახლა ხო რაღა, კარგი გირაოც რომ ჰქონდეს და საკადრისი სარგებელიც (ვსთქვათ 20%) შეაძლიოთ, მაინც გაგიჭირდებათ შოვნა. ახლა თუ ასეა, ომი რომ გამოცხადდეს, მაშინ ხო რაღაც უნდა მოველოდეთ!..“

ომის მოლოდინისა და ჯარისკაცების ხარჯზე ქალაქის რიცხოვნობის ზრდასთან ერთად, ფასი, ბუნებრივია, პროდუქტზეც იზრდებოდა:

„საზოგადოთ ყველაფერი გაძვირდა ჩვენში; მაგრამ ყველაზე უფრო საგრძნობელი ჩვენი ქალაქისათვის შაქრის, სანთლის და ხახვის გაძვირება შეიქნა. თივა და ქერი ისევ თან-და-თან ძვირდება; ამას ომიანობის მოახლოებას აბრალებენ“.

პარალელურად, თფილისმა ნელ-ნელა სრულებით სამხედრო ქალაქის შეხედულება მიიღო, სადაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ნახავდით ოფიცრებსა და გენერლებს, ქვეითთა და ცხენოსანთა ლეგიონებს, თუმცა შიგადაშიგ მაინც გამოკრთებოდა იმედი, რომ „ომი არ იქნებოდა“:

„რაც დრო მიდის, თან-და-თან უფრო შეიძლება სთქვას კაცმა, რომ ომი არ ატყდება, მაგრამ ომისათვის მზადება ჯერ არ შეჩერებულა და, როგორც სჩანს, ასე ადვილად არც შეჩერდება. ჩვენში ამ ომიანობისათვის მზადებას, სხვათა შორის, იმითაც ვატყობთ, რომ ქალაქის არსენალში დღე-და-ღამ განუწყვეტელი და გაცხარებული მუშაობა არის. ამბობენ, რომ ამ ჟამად არსენალში ძველი სისტემის თოფებს ახალ სისტემის თოფებად აკეთებენო და სხვა სამხედრო იარაღსაც ამზადებენო“.

მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა, რადგან, „ძლივს, როგორც იყო ვეღირსეთ! დიდხანს კი მოველოდით, დიდხანს კი გვიცემდა გული, რომ გადაწყვეტილი შეგვეტყო: ომი იქნებოდა, თუ მშვიდობიანობა. ბოლოს გადაწყდა: ომია! ეს ნათლად წარმოგვიდგა ჩვენ თვალ წინ, როცა 12 აპრილს, სიონის სობოროში ვნახეთ რამდენიმე მოხუცებული მამა-და-დედა კაცები, რომელნიც ცხარე ცრემლით სტიროდნენ, როცა იმათ ომის გამოცხადება და დაწყება შეიტყვეს. ხუთი ათას კაცამდინ არიან მარტო მილიციონერები ჩვენის მხრით გამოყვანილნი ბრძოლის ველზე; ისინი, რაღა თქმა უნდა, იომებენ…“, – წერდა 1877 წლის 15 აპრილის „დროების“ ნომერში გაზეთის რედაქტორი სერგეი მესხი.

ამბობენ, ომის პირველ დღეებში ქალაქში დაკვირვებული თვალი განსაკუთრებულს ვერაფერს შეამჩნევდა, რადგან თითქოს ყველა დარწმუნებული იყო, რომ ომი აუცილებლად გამოცხადდებოდა – „ჯერ ასეა და მერე ვნახოთ რა იქნება“.

„მერე“ – მალევე დადგა და ომის გამოცხადება თანდათან დაეტყო თფილისს – „გაფაციცებული მორბიან გარეთ ყველანი დიდით-პატარამდინ და მოდიან ბულვარზე. აქ, მირიმანოვისა და მდივანის სახლების წინ, ნამდვილი პოლიტიკური ბირჟაა. მუდამ ჯგუფ-ჯგუფად შეგროვებულია ხალხი. ზოგს ტელეგრამმა უჭირავს ხელში, ჰკითხულობს და სხვები ყურს უგდებენ; ზოგი კი ისე ჩამდგარა ხალხში და ომის ამბავს ელაპარაკება პირ-დაღებულს ხალხს, თითქო ეს არის დაბრუნებულიყოს ბრძოლის ველიდამ და ყველაფერი თავის საკუთარის თვალით ენახოს“.

ომის დაწყება ყველაზე მეტად მოსახლეობის ჯიბეს დაეტყო, რადგან ქალაქში პრაქტიკულად ყველაფერი გაძვირდა. ამის გამო, თფილისის გუბერნატორ ბარონ ოსტენ-საკენს განკარგულება გაუცია, „მომეტებული ყურადღება მიექციათ ყოველგვარი ხორაგეულისა და ნაწარმის ფასების შეტყობისა და ტაქსების შედგენისთვის“, რადგან აქაოდა და „ვოინობააო“, ვაჭრები ყველაფერს საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით ჰყიდდნენ.

ამ განკარგულების შედეგად, ქალაქში „ყოველ გვარი ხორაგი“ გაიაფდა, თუმცა დროებით. „ღარიბ ხალხს თან-და-თან უძნელდებოდა თავის ცოდვილი სხეულის დაკმაყოფილება“:

„ყოველი მხრიდან მოდიოდა მოსახლეობის საჩივარი, „გამოცხადებულს მაზანდას (ტაქსას) ჩვენი ვაჭრები სრულებით ყურადღებას არ აქცევენ, როგორც ნებავთ, როგორც ჰსურთ, ისე ჰყიდიანო. ბაზარი სრულებით უყურადღებოთ არის დაგდებული და ვისაც როგორც ჰსურთ, ისე ვაჭრობსო“; „ამასთანავე ყოველის მხრით უკმაყოფილებას აცხადებენ ქალაქის გამგეობის პოლიციაზე ანუ ესრედ წოდებულ ბაზარნიკებზე; გვეუბნებიან და გვწერენ, რომ ქალაქის ტაქსას ვაჭრები სრულიად არ უყურებენო, როგორ შეხვდებათ, როგორ მოახერხებენ ისე ატყვილებენ ხალხს, და ბაზარნიკებს კი ამ დროს დაუღიათ პირი და შესჩერებიან ვაჭრებს“.

როგორც გაზეთები წერდნენ, „ადრინდელი ომის მომსწრე კაცებისაგან გავიგონეთ, რომ სიძვირე უწინდელი ომების დროსაც ყოფილაო, მაგრამ ამისთანა სიძვირეს არასოდეს მოვსწრებივართო“.

პროდუქციის ერთი-ორად გაძვირებით გამოწვეულ პრობლემაზე ქალაქის გამგეობაშიც „ჩამოვარდნილა ლაპარაკი“. ხმოსან ალადათოვს განუცხადებია, სიძვირეზე გაზეთები წერენ, ხალხიც ჩივის და დროა ამ გარემოებას ყურადღება მივაქციოთო.

„მე თვითონ მუდამ დღე დავიარები ბაზარში და ვრწმუნდებიო, რომ მართლაც ისეთი სიძვირეა ახლა ჩვენ ბაზრებში, ისეთი მოტყუება ხალხისა, თუ წონაში და თუ ზომაში, რომ არც ერთი მყიდველი კმაყოფილი არ მიდის ვაჭრისაგანო“.

მისივე აზრით, ეს სიძვირე მხოლოდ ომიანობისთვის არ უნდა მიეწერათ, რადგან მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ვაჭრებს „ყურის-მგდებელი“ არავინა ჰყავდათ, პროდუქციას ჩარჩები ყიდულობდნენ და იმ ფასს ადებდნენ, რაც მოესურვებოდათ, „ბაზარნიკები“ კი ამ ყველაფერზე სათანადოდ ვერ რეაგირებდნენ.

საპასუხოდ, ხმოსან დოლუხანოვს, რომელიც, როგორც ჩანს, გარკვეულწილად ვაჭრობის სფეროში წესრიგის დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, განუცხადებია, ვაჭრების მიერ კლიენტის წონაში მოტყუებისთვის ექვსი პროტოკოლი შევადგინეთ და პროკურორს გადავეცითო… „მეტი არაფერი. ამით გაათავეს ლაპარაკი! არავითარი საშუალება ბაზრის უწესოების მოსასპობლად, არავითარი ღონის-ძიება კეთილ-სინდისიანი და თავიანი ბაზარნიკების დაყენებისათვის და ღარიბი ხალხის ბედის შემსუბუქებისათვის“.

სამაგიეროდ, ის კი „მოუხერხებია“ ქალაქის რჩევას, რომ ბირჟის ფაეტონებით მგზავრობის საფასური გაეზარდა, „რადგან ომიანობის გამო ცხენის შენახვა ერთობ გაძვირდაო“.

ყველა უბედურებასთან ერთად, თფილისელებს ზამთარიც დაემატათ. როგორც კი ქალაქში „სიცივეები დაიჭირა“, სხვადასხვა პროდუქტთან ერთად, შეშაც განსაკუთრებით გაძვირდა.

ამ სიძვირესა და სასოწარკვეთილებას ზოგი იქამდე მიუყვანია, რომ დაუჯერებელი ნაბიჯები გადაუდგამთ – „ქალაქის სასაფლაოების ყარაულები სჩივიან, რომ მიცვალებულების საფლავებზე დადგმულ მატურებსა [საფლავის ძეგლებს] და ჯვრებს იპარვენო და შეშის მაგიერ სწვენო“.

ამ ლამის საყოველთაო გაჭირვების ფონზე, მოსახლეობას მაინც ქალაქის გამგეობის ეიმედებოდა, რამეს მოიფიქრებენ, ასე ხომ არ მიატოვებენ გაჭირვებაში ჩავარდნილ ხალხსო… მაგრამ, ჩანს, რიგი გარემოებების გათვალისწინებით, ამ გამოწვევის წინაშე ქალაქის გამგეობა უძლური იყო. როგორც ერთ-ერთ სხდომაზე ქალაქის თავს, დიმიტრი ყიფიანს განუცხადებია,  თფილისში არსებული სიძვირის თაობაზე კავკასიის მეფისნაცვლის მთავარ სამმართველოში ცალკე კომისიაა დანიშნული და იმედია, ის მიიღებს ჯეროვან ზომებსო, რომ აუცილებლად საჭირო საგნები („ხორაგი“) უფრო გაიაფდესო, ქალაქის გამგეობა, დამოუკიდებლად, ამ პრობლემას ვერაფერს მოუხერხებსო…

ასე რომ, მოსახლეობის მოლოდინი სულ „ტყუილ-უბრალო აღმოჩნდა“.

ცხოვრება გაჭირდა და ფასების ზრდასთან ერთად, ქალაქში დანაშაულის სტატისტიკაც გაიზარდა – „ამ სიცივესა და სიძვირესთან ერთად, ქურდებიც მეფობენ ჩვენს ქალაქში; თითქმის ისე დღე არ გაივლის, რომ ქალაქის რომელსამე უბანში ან კაცი არ მოჰკლან, ან არ გასცარცვონ ვინმე და ან რამე არ მოიპარონ“.

თფილისელები ხვდებოდნენ, რომ ამგვარ ვითარებაში პოლიციელებს „უფრო მომეტებულად მართებდათ თვალების გამოჭყეტა და სიფხიზლე, მაგრამ თავად სამართალდამცავებზე რა გითხრათ, მათ სიმცირეზე, გულგრილობასა და ხშირ შემთხვევაში – არაპროფესიონალიზმზე ხომ ომამდეც ჩიოდნენ ქალაქში?!

ყველა სიკეთესთან ერთად, ტფილისელ კრიმინალებს გვარიანი მიხვედრილობაც გამოუჩენიათ, „კარგად გამოუანგარიშებიათ“, რომ ომიანობის გადამკიდე, მათთვის „სახეირო“, ე.ი. ფულიანი ხალხი ღამღამობით იშვიათად გამოდიოდა ქუჩაში. შესაბამისად, „საღამოობით 6-7 საათზე გამოდიან სანადიროთ; ყველა ავაზაკობა, კაცის-კვლა და ქურდობა, რაც ამ უკანასკნელ ხანებში მოხდა ჩვენს ქალაქში, მოხდა სწორეთ ამ დროს, ე.ი. საღამოს 6 საათიდამ 8 საათამდინ. გამვლელ-გამომვლელის ხალხის იმათ არ ეშინიანთ; კარგათ იციან, რომ მეცხრამეტე საუკუნეში არავინ გამოჩნდება ისეთი გულ-შემატკივარი რაინდი, რომ თავის მოყვასისათვის ხანჯალ ან რევოლვერ ამოღებულს კაცს წინ დაუხვდეს“.

ამ პერიოდში, მცირე თუ საშუალო სიმძიმის დანაშაულებთან ერთად, თფილისში რამდენიმე გახმაურებული კრიმინალური შემთხვევაც მომხდარა.

„იარმუკის თავში ერთს ზარაფს [„ფულების დამხურდავებელი. ძველად ბანკები რომ არ იყო, მის ნაცვლად იყვნენ ზარაფები, მაგალითად, თუ რომელიმე მოვაჭრეს სახელდახელოდ ფული დასჭირდებოდა, ზარაფები ხელს უმართავდნენ და ისინიც სარგებლით იხდიდნენ“, – იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი] სამი ვიღაც ავაზაკი დაეცა; ერთმა ყელში წაუჭირა ხელი და დანარჩენი ორი ჯიბეს და საზარაფო ყუთს მივარდნენ… ზარაფმა როგორც იქნა გაინთავისუფლა ერთი ხელი, ამოიღო ჯიბიდამ რევოლვერი და თუმცა ოთხჯერ გაისროლა, მაგრამ ვერც ერთს ვერ მიარტყა. ამ დროს შეიქნა ერთი ყვირილი და ხმაურობა… ავაზაკებმა გაუშვეს თავის მსხვერპლს ხელი და გაიქცნენ; მაგრამ წასვლამდინ ერთმა იმათგანმა დანა-ხანჯალი დაჰკრა თურმე საწყალ ზარაფს… მაყურებლები ბევრი იყვნენო, გვითხრეს; მაგრამ ვერცერთმა ვერ გაბედა ავაზაკისთვის ხელი ეტაცნა და დაეჭირა“.

ასევე:

„ამ ხუთშაბათს პირველად იგრძნობს ქალაქი, რომ ჩვენი ქვეყანა, ომის გამოცხადების შემდეგ, „სამხედრო მდგომარეობაში“ იმყოფება: ამ დღეს ქალაქში, სამხედრო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩამოაღრჩობენ ორ ძმათ ყუზანოვებს, რომელთაც ამას წინათ ავაზაკობის დროს მოჰკლეს ერთი პოლიციის სალდათი სოლოლაკზე“.

ქალაქში მიმდინარე პროცესების პარალელურად, ბრძოლის ველზე გაცხარებული დაპირისპირება გრძელდებოდა. პერიოდულად თფილისში ჩამოჰყავდათ დაჭრილი სამხედროები, რომელთათვისაც ქალაქში რამდენიმე სამკურნალო იყო გამართული.

როგორც გაზეთი „კავკაზი“ იუწყებოდა, 1877 წლის ივლისში, ავლაბრის მახლობლად, ომში დაჭრილ მეომართათვის გამართულ ლაზარეთში 593 სამხედრო მკურნალობდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალის სიმცირის გამო, დაჭრილებს სათანადო ყურადღება აკლდათ – თითო მომვლელს, სულ მცირე, 50 პაციენტი აბარიაო. ამას გარდა, ამავე გაზეთის ცნობით, ავადმყოფებს ხშირად აკლდათ საკვები, ჩაი და თამბაქო.

ვითარების გამოსასწორებლად, მოსკოვიდან თფილისში 56 მომვლელი ქალი გამოუგზავნიათ, რომელთა ნაწილი ადგილზე დარჩებოდა, ნაწილს კი ბრძოლის ველზე გაგზავნიდნენ.

იმავე პერიოდში, „ფინალდიის საზოგადოების“ ხარჯით, თფილისში კიდევ ერთი ლაზარეთი გამართულა. ამბოდნენ, „ეს ლაზარეთი ყველა სხვა ლაზარეთებზე უფრო კარგად და თავიანათ არის გამართულიო, ჩინებული ექიმები ჰყავთ, კარგად დაჯილდოებული მომვლელები, წამლები ბლომათ, სუფთა ქვეშსაგები და სხვა ყველაფერი რაც ავათმყოფებისთვის საჭიროაო“.

ასევე, „ნავთლუღის გზაზე მყოფი ბარაკების დაჭრილი მეომრებიც დიდ ყმაყოფილებას აცხადებდნენ თურმე უფალ რეიტერზე, რომელიც „წითელი ჯვრის საზოგადოებისაგან“ ყოფილა ამორჩეული ამ ავათმყოფების ყურის-საგდებელად. მაგრამ ამასაც ამბობდნენ, რომ ამ ბარაკებში ზოგიერთი სხვა მოსამსახურე პირები კარგად არ იქცევიანო“.

როგორც ჩანს, კარგად არც თფილისში მყოფი „სალდათები“ იქცეოდნენ და ქალაქში „უწესოებას ახდენდნენ“ – „უხვდებიან ქუჩებში ხალხს, სულ ტყუილ-უბრალოთ ჩხუბს აუტეხენ და სცემენო; ხშირად დუქნებში შედიან, ვაჭრობენ და ფულს არ იძლევიანო“.

მათი უსაქციელობის შესახებ ერთ-ერთი თფილისელი პრესის საშუალებით უამბობდა საზოგადოებას:

„ჩემთვის წყნარად, მშვიდობიანად მოვდიოდი ჰავლაბარში; უეცრად ვიღაცამ საშინლად მათრახი დამკრა კეფაში. მივიხედე გარეტიანებულმა და ვნახე, რომ ორი სალდათი დამდგომია თავზე და საშინლად მლანძღავენ. გაუსხლტი ამათ ხელიდამ, წაველ პოლიციაში; მაგრამ დესიატნიკმა მითხრა, რომ მე მაგათ ხელს ვერ ვახლებ, ამის წინაზე მე თვითონა მცემესო. შემდეგ იმათ უფროსს კოლბესთან მიველ და ვმადლობ, მოისმინა ჩემი საჩივარი და იმათ დასჯას დამპირდა…“

პასუხისმგებელი პირები თუ არ ან ვერ, რუსის „სალდათებს“ უსაქციელობისთვის „საკადრის პასუხს“ თფილისელი კინტოები სცემდნენ. ამბობდნენ, კვირა ისე არ გაივლის, იარმუკაში კინტოებსა და „სალდათებს“ შორის საშინელი ჩხუბი და აყალმაყალი არ ატყდესო.

დაჭრილებთან და „რუსის სალდათებთან“ ერთად, თფილისში ჩნდებოდნენ ბრძოლის შედეგად დატყვევებული „ოსმალო“ სამხედროებიც, რომელთაც ადგილზე მცირე ხნით ტოვებდნენ, შემდეგ კი „მცხეთით და დუშეთით რუსეთისაკენ აგზავნიან დროებით დასასახლებლად, სანამ ტყვეების გაცვლა არ იქნებოდა“:

„ჩვენს ქალაქში ჩამოიყვანეს 25 ტყვე ოსმალო, რომელნიც, როგორც ამბობენ, ახალციხის სამზღვარზე დაუჭერიათ. მთელი ქალაქი დაედევნა ამათ, როცა ქუჩებში ჩამოატარეს; ქალაქის ბიჭებმა თითქო ლუკმა-პური იშოვნეს, ისე კუდ-მოგლეჯილი და კიჟინით მისდევდნენ. მაგრამ სასიამოვნო იყო ის, რომ ერთსაც არ მოუფიქრნია რაიმე შეურაცხყოფა მიეყენებინა ამ უბედურებისათვის; ყველანი თანაგრძნობით შესცქეროდნენ და ზოგიერთებმა პაპიროზიც კი უთავაზეს“, – იუწყებოდა გაზეთი „დროება“.

მაგრამ, ამავე გაზეთის ცნობით, ტყვეთა მიმართ ყველას ამგვარი, „სამაგალითო“, დამოკიდებულება არ ჰქონია:

„რამდენიმე ოსმალოს დატყვევებულები მიჰყავდათ ჩვენ სალდათებს. ალექსანდროვის ბაღთან ერთი ამ ტყვეთაგანი როგორღაც ჩამორჩა დანარჩენებს უკან და იქით-აქეთ იხედებოდა. ამ დროს მივიდა იმასთან სალდათი, ერთი ლაზათიანათ შეუკურთხა და რამდენიმეჯერ გადაკრა ზურგზე მათრახი, რომელიც ხელში ეჭირა… საწყალმა ტყვემ დაღუნა თავი, ხმა-ამოუღებლად გასწია წინ და თავის უბედურ ამხანაგებს მიეწია. კარგი იქნება, რომ მთავრობამ ამ გვარ შემთხვევებს მიაქციოს ყურადღება და ამისთანა სურათებისგან დაგვიცვას ჩვენ, რომელთაც „პირუტყვების დამფარველი საზოგადოება“ შევადგინეთ და სისხლი ყელში მოგვდის, როცა საწყალს პირუტყვს, მგონი, იმაზე უფრო საბრალო გლეხი შოლტსა სცემს“.

ტყვეთა შორის, ზოგჯერ „ოსმალო ფაშები“, მაღალი სამხედრო წოდების პირებიც გამოერეოდნენ. მაგალითად, 1877 წლის ოქტომბერში, ტფილისში ყარსთან ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდნილი ფაშები ჩამოუყვანიათ, სასტუმრო „ლონდონში“ დაუბინავებიათ და „ხარჯის ფულად“ მათთვის დღეში 8 მანეთი დაუნიშნავთ.

სწორედ შესაბრალისნი არიან ეს დატყვევებული ფაშები, რომელნიც ამ ჟამად ჩვენს ქალაქში იმყოფებიან; ისე შინიდამ ვერ გამოსულან, ისე ფეხი ვერ გადაუდგამთ, რომ უანგარიშო ხალხი ერთის ამბითა და ხან კიჟინით არ დაედევნოს უკან. დადევნება და კიჟინა კიდევ არაფერი: ზოგიერთი ქუჩის ბიჭები იქამდინ თამამად იქცევიან, რომ კალთაში წაავლებენ ხელს და სწევენ.

„როგორც გალიაში დამწყვდეული მაიმუნი, ისე ვართ ჩვენ აქაო“, – სთქვა ერთმა ამათგანმა, „მაგრამ ყველაზე უფრო ის მაკვირვებსო, რომ სხვაგან საზოგადოთ ქუჩის ბიჭებმა იციან სდევნა, როცა ვისმეს ან რასმეს უნახავს დაინახავენ და აქ კი მაღალ საზოგადოებასაც ჰქონია ეს ჩვეულებაო!“, – წერდა „დროება“ დატყვევებული ფაშების თფილისური „თავგადასავლის“ შესახებ, რომელთაგან ექვსი „რუსეთს გაუგზავნიათ“, ომარ-ფაშა კი ქალაქში დარჩენილა.

სამხედრო ტყვეების შემხედველს, ზოგიერთს აზრად მოსვლია, კარგი იქნება „ტყუილად ყოფნას და უსაქმოთ რჩენას“, მთავრობამ ისინი რაიმე საქმეში, მაგალითად, გზების დაგებისას მუშებად გამოიყენოსო. თუმცა ერთი დაბრკოლება კი ჰქონია ამ აზრს, „ამ მუშა დატუსაღებულ ოსმალოს სალდათებს ყარაულები მოუნდება, უამისოთ, რაღა თქმა უნდა, ყველანი გაიქცევიანო“.

ტყვეებთან ერთად, თფილისში ზოგჯერ ბრძოლის შედეგად მოპოვებული ნადავლიც იგზავნებოდა. მაგალითად, 1877 წლის ზაფხულის მიწურულს, ქალაქში მოუტანიათ „ოსმალოს რამდენიმე ზარბაზანი“, რომლებსაც ხალხი ჯგუფ-ჯგუფად ეხვეოდა და დიდი გაკვირვებით ათვალიერებდა.

ყოველივე ეს მოსახლეობას ომის მიმართ ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს უფრო და უფრო უღვივებდა, მით უფრო, რომ როცა „პური ჭირდა“, ერთადერთ ნუგეშად სანახაობა რჩებოდა:

„ომი ხომ ჭირია და ჭირი; მაგრამ ჩვენს ხალხს ამ ომმა ის სარგებლობა მოუტანა, რომ გაზეთების კითხვას შეაჩვია. ვისაც არ დაინახავთ ახლა, ვისაც თავის დღეში გაზეთის სახელიც არ გაუგონია, ყველას ხელში უჭირავს და ჯგუფ-ჯგუფად ჰკითხულობენ. კინტოები ბრძოლის ველის შაურიან კარტასა შლიან და ერთმანეთს უთითებენ, რომ აი რუსები აქ გადავიდნენო“.

თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ომმა ზოგიერთისთვის, პირდაპირი მნიშვნელობით – კომერციული ხასიათი შეიძინა. როგორც სერგეი მესხი წერდა:

„ომიანობამ ხელი მოუწყო „შაურიანი ლიტერატურის“ გაძლიერებასა და აღყვავებას. ხედავენ, რომ ამისთანა იაფი პატარა წიგნები კარგათ ისყიდება ხალხში; ხედავენ, რომ ეს საქმე ცოტა არ იყოს სასარგებლო საქმეა იმათ ჯიბისათვის და აღმოჩნდნენ ისეთი პირნი, რომელთაც თავის დღეში არ უსწავლიათ, არა უკითხავ, არა უწერიათ-რა, გარდა მოკითხვის წიგნებისა, ისეთი პირნი, რომელთაც ჩვენი ხალხის გონების გახსნა ანუ გარყვნა შარშანდელ თოვლად მიაჩნიათ და ამ პირებმა დაიწყეს სხვა-და-სხვა ქმნილებათა წერა, გამოცემა და შაურად გაყიდვა.

ხალხი ჰყიდულობს – რას იზამ! ომი ახალი მოდაა! ყველას ჰგონია, ერთს რასმე შევიტყობ ამ წიგნებიდან ომზედაო, ჩვენებურს მამაცობაზედა და თავ-განწირულებაზედაო! იაფიც არის! შაურის მიცემა არ ეძნელებათ და ჰყიდულობენ“.

ამგვარ „ქმნილებათა“ ნიმუშად კი სერგეი მესხის გაზეთში „დროებაში“ გამოქვეყნებული ეს რეკლამაც გამოდგება:

„დაიბეჭდა და გამოვა ამ თვეში ომის სიმღერა და სხვა ლექსები თქმული დავით გივიშვილისაგან. ფასი ყველგან ერთი შაური“.

„შაურიანი ლიტერატურის“ გამომცემელთა გარდა, ომიანობით გვარიანად უსარგებლიათ ჩვენი ქალაქის „მკერვალებსა“ და მექუდეებს, რომლებიც თურმე დღედაღამ მუშაობდნენ – „ეს მუშაობა სულ სამხედრო კაცებისთვის არისო“. ყველაფერთან ერთად, ამ მიზეზით, თფილისში ტანსაცმელიც გაძვირებულა.

ომის მსვლელობასთან ერთად, უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენდა „ოსმალეთიდამ გადმოსახლებულთა“ და ბრძოლის ველზე მყოფ მეომართა ღარიბი ოჯახების დახმარების საკითხი.

1877 წელს, „ოსმალეთიდამ გადმოსახლებულ სომხების სასარგებლოდ ალექსანდროვის ბაღში სახალხო სეირნობის გამართვა დაუგეგმავთ. ბაღში სამხედრო მუზიკა, სამხედრო მომღერლები, საზანდარი, შუშხუნები გაართობენ მოსეირნეებს. ბაღის კარები საზოგადოებისათვის ნასადილევის ოთხ საათზე გაიღება. შესვლის ფასი ერთი აბაზია დანიშნული“.

ამ საქველმოქმედო „სახალხო სეირნობის“ შედეგად, ჯამში სულ 4700 მანეთი შეუგროვებიათ.

„ყველა ამ წვალებას, ყველა ამ დავიდარაბასა და უიმისოთაც ღარიბსა და საწყალს ხალხისაგან თითო აბაზობით მოგროვებას, ერთი გვითხარით, ის არ ემჯობინებოდა, რომ რამდენსამე მდიდარს სომეხს მოეგროებინა ეს ფული თავიანთში და გაეგზავნათ მიზნისამებრ? უფალნი: ონანოვი, ჩითახოვი, მანთაშოვი, თამამშოვები და სხვა ამგვარები იმ ღამეს ცხარე ოფლის წურვით აგროვებდნენ თითო-ოროლა თუმანს! ერთი მითხარით – განა ძალიან გაუჭირდებოდათ ამათ, რომელთაც თითოს ორ-სამ მილიონზე ნაკლები შეძლება არა აქვთ, რომ ასი-ორასი თუმანი გამოეღოთ და ჩაებარებინათ ვისთვისაც რიგი იყო?“, – წერდა „დროება“.

ბრძოლის ველზე მყოფ მეომართა ღარიბი ოჯახების დახმარების საკითხს ქალაქი „უფრო მომეტებულის“ ყურადღებით მოპყრობია და იმ ტიპის „კერძო საზოგადოების“ დაარსების აზრამდე მისულან, რომელიც საომრად გაგზავნილი სამხედროების ოჯახებს „ფულითა თუ სხვა ღონის-ძიებით მოუმართავდა ხელს“.

ამ საქმიანობაში აქტიურად ჩართულა „ქალაქის რჩევაც“. ხმოსნების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „იმ მეომართ ოჯახს, რომელთაც მარტო ერთი სული (ცოლი) დარჩენიათ ქალაქში, ომის დამთავრებამდე, ქალაქის ხაზინიდამ, სახლის ქირად თვეში სამი მანეთი მიეცემოდათ; იმათ, რომელთაც ორი შვილი ჰყავდათ – თვეში 4 მანეთი და 50 კაპიკი და რომელთაც ორზე მეტი – იმათ კი 6 მანეთი თვეში“.

ამასობაში, ფრონტზე სამხედრო მოქმედებები ისე განვითარდა, რომ 1878 წლის დასაწყისში, მხარეებს შორის დროებითი მორიგება გამოცხადდა. ამ გარემოებამ ჩვენს ქალაქში „ზოგიერთი საგნები ცოტა არ იყოს გააიაფა“:

„თან-და-თან ეტყობა ჩვენს ქალაქს ომის შეწყვეტა და შავს ზღვაზე გზის გახსნა: თითქმის ყველა გვარი საქონელი, რაც ზღვით მოჰქონდათ ჩვენკენ, ყოველ დღე იაფდება. რაღა თქმა უნდა, როცა ყირიმიდამ და სამზღვარ გარეთიდამ მოვლენ ხომალდები და მოგვიტანენ საქონელს, მაშინ უფრო გაიაფდება.

მოგეხსენებათ, რომ პირველი ხომალდი რუსის საზოგადოებისა „იუნონა“ 2 თებერვალს უნდა გამოსულიყო ოდესიდამ; აგრეთვე რიშარს, ტოლლეს, ერვიეს საქონელიც მოდისო, როგორც „თფილისის მოამბე“ გვაცნობებს, მარსელიდამ, და ყველა ეს ხომალდები საქონლით დატვირთული ამ დღეებში ფოთში უნდა მოვიდნენ“.

დროებითს მალე საბოლოო მორიგება მოჰყვა და ეს ამბავი 1878 წლის 21 თებერვალს, დილის 10 საათზე, ზარბაზნის სროლამ ამცნო თფილისელებს. დიდძალი ხალხი გამოსულა ქუჩაში, „ეკითხებოდნენ ერთმანეთს – თუ რისგან არის ეს სროლაო. ბოლოს ხმა გავარდა, რომ მორიგება არისო“.

ამ ცნობის მიღების შემდეგ კი უკვე იმის გარკვევას შეუდგნენ ტფილისელები, რა პირობებით დაასრულა რუსეთმა ოსმალეთთან ბრძოლა და მომავალში რა მოელოდათ.

ომი დამთავრდა, მაგრამ სიძვირისა კვლავ ეშინოდათ თფილისელებს, რადგან როგორც კი „ხელ-ახლად ომის ატეხის“ შესაძლებლობის შესახებ გავარდებოდა ხმა, ან პეტერბურგიდან, თუ უცხო ქვეყნებიდან „დასაფრთხობი“ ტელეგრამები მოვიდოდა, ვაჭრები წუთს არ კარგავდნენ და „ხელ-ახლად“ აძვირებდნენ: პურს, ხორცს, შაქარს და „სხვა ყოველგვარ ხორაგეულს“…