ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთის მიერ რუსული ენერგიის იმპორტი $88 მილიარდამდე გაიზარდა

ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთის მიერ რუსული ენერგიის იმპორტი $88 მილიარდამდე გაიზარდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩინეთის მიერ რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის იმპორტი ნახევარზე მეტით გაიზარდა. ჩინეთის საბაჟოს უკანასკნელი მონაცემებით, რუსულ ენერგიაზე პეკინის დანახარჯები 12 თვის წინანდელი $57 მილიარდიდან $88 მილიარდამდეა გაზრდილი.

რუსულ ექსპორტში ჩინეთის მზარდი წილი, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარე კვირას პრეზიდენტ სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტმაც კარგად წარმოაჩინა, გასაკვირი არ უნდა იყოს. საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, რუსეთს საბრძოლო დაფინანსების სანდო წყარო ჰყავს, ჩინეთი კი, თავის მხრივ, რუსული წიაღისეული საწვავის შეძენას ხშირად ფასდაკლებებითაც კი ახერხებს.

ბოლო ერთი წლის იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთი ჩინეთისთვის ნავთობის მთავარი მიმწოდებელი გახდა და საუდის არაბეთს გადაასწრო. ინდონეზიის შემდეგ, რუსეთი მეორეა ჩინეთისთვის ქვანახშირის მიწოდების მოცულობითაც, ჩინეთის თხევადი ბუნებრივი აირის მიმწოდებლებს შორის კი, ავსტრალიისა და კატარის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის დაწყებიდან, ჩინეთის მიერ რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტი 89.3 მილიონ ტონამდეა გაზრდილი, რუსული LNG-ის შესყიდვები 52%-ით 6.86 მლნ ტონამდე, ხოლო ქვანახშირი 33%-ით, 76.4 მლნ ტონამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ რუსული საქონლის მიმართ ჩინეთის მზარდი მოთხოვნა განსაკუთრებით შესამჩნევი ქვეყნის 2022 წლის Covid Zero-პოლიტიკიდან გამომდინარეა, რამაც გავლენა იმპორტზეც მოახდინა.

რაც შეეხება რუსეთიდან ჩინეთში სხვა მასალების იმპორტს, წინა წელთან შედარებით მონაცემები ასე გამოიყურება:

  • რაფინირებული ალუმინის იმპორტი თითქმის გაორმაგდა და 538,607 ტონა შეადგინა.
  • რაფინირებული სპილენძის იმპორტი შემცირდა 33%-ით და 281,908 ტონა შეადგინა.
  • რაფინირებული ნიკელის იმპორტი შემცირდა 14%-ით და 43,021 ტონა შეადგინა.
  • პალადიუმის იმპორტი 1,3-ჯერ გაიზარდა და 11,551 კილოგრამი შეადგინა.
  • ოქროს იმპორტი გაიზარდა 68%-ით და 6,803 კილოგრამი შეადგინა.
  • ხორბლის იმპორტი შემცირდა 13%-ით და 52,668 ტონა შეადგინა.
დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *