ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის პრემიერმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ესპანეთის პრემიერმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა

რეგიონულ და მუნიციპალურ არჩევნებში მემარჯვენე ოპოზიციის ტრიუმფის შემდგომ, ესპანეთის სოციალისტი პრემიერი პედრო სანჩესი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გეგმავს. არჩევნები როგორც მის პოლიტიკურ, ასევე მისი უმცირესობაში მყოფი სამთავრობო კოალიციის მომავალს განსაზღვრავს.

ესპანეთის პრემიერმა მთავრობის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო და 23 ივლისს ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარება დააანონსა. „მე მივიღე გადაწყვეტილება გუშინდელი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით“, – განაცხადა სანჩესმა და დასძინა, რომ მიუხედავად ჩატარებული არჩევნების ლოკალურობისა და რეგიონული არეალისა, შედეგებით მიღებული მესიჯი სცილდება მისი ჩატარების მასშტაბებს.

კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ (PP), რომელმაც პარტია Unidas Podemosსთან ერთად ხმები სანჩესის კოალიციაზე დე ფაქტო რეფერენდუმისთვის გამოიყენა, არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. PP-იმ ესპანეთში გამართულ რეგიონულ და მუნიციპალურ არჩევნებში ხმების 31.5% მოიპოვა, ხოლო PSOE-მ მხოლოდ 28.2%-ის მოპოვება შეძლო. სანჩესის სოციალისტურმა მუშათა პარტიამ (PSOE) 12 რეგიონიდან მხოლოდ სამში შეძლო გამარჯვების მოპოვება, მაშინ როდესაც არჩევნებამდე პარტია ათ რეგიონს მართავდა.

ცნობისთვის, ესპანეთში საყოველთაო არჩევნები მიმდინარე წლის დეკემბერში უნდა ჩატარებულიყო. სანჩესის გადაწყვეტილებას მიესალმა PP-ის ლიდერი ალბერტო ნუნეს ფეიხო და განაცხადა, რომ ესპანეთი ცვლილებებისთვის მზადაა. „ჩვენი ქვეყანა განახლებისკენ მიმავალ გზაზეა და არჩევნებშიც დადასტურდა, რომ ის შეუჩერებელია“, დაწერა ნუნესმა Twitter-ის გვერდზე და მხარდამჭერებს ივლისის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.