საფირმო მოდელების წყალობით, Rolls-Royce-სა და Bentley-ს რენესანსის ხანა უდგათ. თუმცა საკულტო ბრიტანული ავტომწარმოებლები ორი ძალიან განსხვავებული გზით დადიან.
შარმი ლეგენდარული ბრიტანული ავტომწარმოებლის განუყოფელი ნაწილია, ავტომწარმოებლისა, რომელიც კვლავ უბრუნდება იღბლიან გზას და ახალი მფლობელითა და ახალი, კლასიკური და, ამავე დროს, თანამედროვე მანქანებით პრეტენზიულ მყიდველთა ახალ თაობას იზიდავს.
სურათი კიდევ უფრო შთამბეჭდავი ხდება, როცა ზემოთქმული ორ ასეთ კომპანიას ეხება.
ეს ორი კომპანია კი Rolls-Royce Motor Cars-ი და Bentley Motors-ი გახლავთ – ავტობრენდების ორი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომლებიც, ათწლეულების მანძილზე, ერთმანეთთან მისტიკურად იყვნენ დაკავშირებულნი, ხოლო დღეს, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ორივე მათგანის დიდებული დაბრუნების მომსწრენი ვხდებით.
იყო დრო, როცა 1960-იანებში, თითქმის 70 წლის განმავლობაში, Rolls-ი Bentley-ს ფლობდა და ეს ორი ბრენდი, პრაქტიკულად, იდენტური იყო, კაპოტის განსხვავებულ ორნამენტებს თუ არ ჩავთვლით. მაგრამ დღეს BMW-ის მფლობელობაში მყოფმა Rolls-Royce-მა და Volkswagen AG-ის განყოფილება Bentley-მ წარმატებისაკენ მიმავალი სხვადასხვა გზა იპოვა. მათი 1998 წლის განქორწინება ცოტათი მძიმე გამოდგა (მათ შორის, ჰქონდათ ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ექნებოდა Rolls-Royce-ის ბრენდზე კონტროლი), მაგრამ დღეს ორივე კომპანია გაცილებით კარგად გრძნობს თავს.
2017-ში, მსოფლიო მასშტაბით, Bentley-მ რეკორდული რაოდენობის, 11,089 მანქანა გაყიდა, რაც, დიდწილად, მისი პირველი სპორტული ავტომობილის, Bentayga-ს წარმატების დამსახურებაა. 2016 წელს გამოშვებული $229,000-იანი Bentayga მალევე გახდა Bentley-ს ბესტსელერი მოდელი. ჯერ კიდეც 2010-ში არამოგებიანმა Bentley-მ 2016-ში $2.4 მილიარდის ტოლფას შემოსავალზე $135-მილიონიანი ოპერაციული მოგება აჩვენა.
Rolls-Royce-იც მშვენიერ რელსებზეა შემდგარი. 2014 კომპანიისთვის თავის საუკუნეზე ხანგრძლივ ისტორიაში საუკეთესო წელი იყო გაყიდვების მხრივ: Black Badge-ით – Ghost-ის, Wraith-ისა და Dawn-ის მოდელების თამამი ვერსიებით – მან ახალგაზრდა მყიდველები მოიზიდა და 4,063 მანქანა გაყიდა. 2017-ში გაყიდვები 3,362-მდე შემცირდა, ძირითადად იმიტომ, რომ Rolls-Royce-მა შეწყვიტა თავისი ფლაგმანი Phantom-ის წარმოება.
თითქოსდა ამ სინქრონულობის სრულყოფის მიზნით, ორივე ბრენდი განახლებული დიზაინით უშვებს მანქანებს, რომელთაც 15 წლის წინ ამ რენესანსს დასაბამი მისცეს.
Rolls-Royce-ის შემთხვევაში, ეს 2018-ის Phantom VIII არის – ფუფუნების სიმბოლო, ინდივიდუალური შეკვეთებით დამზადებული დიდებული სედანი. რაც შეეხება Bentley-ს, ეს Continental GT-ის განახლებული ვერსიაა, გაუმჯობესებული Grand Tourer-ი, რომელიც ეფექტიანობისა და ფუფუნების სინთეზს წარმოადგენს.
Rolls-Royce-ის ახალი Phantom-ები ხშირად არ გამოდის: 2018-ის მოდელი მხოლოდ მერვე გამოშვებაა მას მერე, რაც 1925-ში პირველი Phantom-ი გამოუშვეს. მის მომხმარებელთა შორის დიდი მრავალფეროვნებაა: ამ მანქანის არსებობის მანძილზე მის მფლობელთა შორის ფრედ ასტერსაც ნახავდით და ჯონ ლენონსაც. როგორც ყველა სხვა Phantom-ი, უახლესი გამოშვების დიზაინი უკანა სავარძლის მგზავრზეა მორგებული. როცა კარი ფაქიზად იხურება, თქვენ ძვირფას, წყნარ თავშესაფარში ამოჰყოფთ თავს, თავზე კი ვარსკვლავებით მოჭედილი ჩარდახი გადგათ, რომელიც ისე შეგიძლიათ შეცვალოთ, რომ თქვენი დაბადებისას არსებული ვარკვლავთა განლაგება გამოისახოს.
წინასწარი შეთანხმებით, Phantom-ის პანელი შეიძლება, მბრუნავ არტგალერეადაც იქცეს, სადაც მფლობელებს შეუძლიათ, ნამუშევრები ერთი მინის უკან გამოფინონ, რომელიც, თავის მხრივ, ციფრული პანელიც არის და ე.წ. ინფორმაციულ-გასართობი ეკრანიც.
და რამდენადაც Rolls-Royce-ის მყიდველთა საშუალო ასაკი 40-45 წელს უახლოვდება (ახალგაზრდა მომხმარებელთა წყალობით ისეთ ბაზარზე, როგორიც ჩინეთია), ახალი მოდელის შექმნისას ისიც იქნა გათვალისწინებული, რომ მანქანის ტარებაც ისეთივე სასიამოვნო იყოს, როგორიც მისით მგზავრობა. Phantom-ი ელექტრონულად კონტროლირებული მჭიდის სისტემაზე, Magic Carpet Ride-ზე, დალივლივებს, ხოლო ახალი, სუპერმძლავრი, 12-ცილინდრიანი წყვილი ძრავა 0-დან 60 მილი/საათის სიჩქარეს 5.1 წამში უზრუნველყოფს.
მეორე მხრივ, Bentley-ს ახალი Continental GT-ი, რომლის ფასი, სავარაუდოდ, $240,000-დან დაიწყება, მაღალეფექტიანი მანქანების მოყვარული მძღოლისთვის შეიქმნა, თუმცა, პარალელურად, არც არამძღოლი მგზავრების კომფორტია უგულებელყოფილი. 12-ცილინდრიანი წყვილი ტურბო-ძრავა მანქანას უმაღლეს სიჩქარეს, 207 მილ/საათს ანიჭებს, 0-დან 60 მილ/საათამდე სიჩქარეს კი სულ რაღაც 3.6 წამში კრეფს.
პანელიც ცალკე აღტაცების საგანია. მართვადი, სამმხარიანი ეკრანი ბრუნავს და მძღოლს საშუალებას აძლევს, სამი ვარიანტიდან რომელიმე აირჩიოს: წკრიალა ხის ფანერი, 12.3-ინჩიანი ტაჩსკრინი ან სამი ელეგანტური ანალოგური კალიბრი.
მაგრამ არის ერთი მონაკვეთი, სადაც კომპანიათა გზა აშკარად იყოფა: Bentley ზრდის აჩქარებას Volkswagen-ის საინჟინრო პოტენციალის მაქსიმალური ათვისებით გეგმავს (ამის შედეგია, მაგალითად, ახალი, ელექტრიფიცირებული ძალური აგრეგატი) მაშინ, როცა Rolls-Royce-ს ცოტა აქვს საერთო BMW-სთან; ის საკუთარ მოქნილ, ადაპტირებად პლატფორმას ქმნის, რომელიც Phantom-ისა და მომავალი მოდელების ქვაკუთხედია, მათ რიცხვში, Project Cullinan-ისა, რომელიც კომპანიის პირველი 4WD მანქანა გახლავთ და, წესით, წლის ბოლოსკენ უნდა გამოვიდეს.
Bentley-ს ამბიციური სურვილი აქვს – უნდა, გაყიდვები წელიწადში 20,000 მანქანამდე გაზარდოს, Rolls-Royce-ი კი მეტ ექსკლუზიურობას უმიზნებს – 6,000-ზე ნაკლების გაყიდვას გეგმავს. შედარებისთვის: გასულ წელს Maserati-მ 46,186 მანქანა გაყიდა, ხოლო Lamborghini-მ – მხოლოდ 3,104.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ფასები ხშირად $400,000-ს აჭარბებს, Rolls-Royce-ს აქვს იმის ფუფუნება, ცხვირი აიბზუოს „მასობრივი ბაზრის“ ბრენდთან პლატფორმების გაზიარების იდეაზე. მისი ყველაზე დიდი გამოწვევა – იმ უღიმღამო იმიჯისგან თავდაღწევაა, რომელიც სათავეს მდოგვ Grey Poupon-თან ასოცირებული, 1980-იანების ავადგანთქმული რეკლამებით იღებს და რომელიც დღემდე აჩრდილივით დასთამაშებს კომპანიას.
Bentley-ს, საპირისპიროდ, უნიკალური შუალედური ნიში უკავია ყველაზე ძვირად ღირებულ Mercedes-Benz-ებსა და Rolls-Royce-ის ყველაზე იაფ მოდელებს შორის. „სექსუალურ მიმზიდველობაზე თუ მიდგება საქმე, მან ამოცანას კარგად გაართვა თავი, – ამბობს Cox Automotive-ის უფროსი ანალიტიკოსი რებეკა ლინდლენდი, – მაგრამ რეალობა ისაა, რომ ამ ბრენდებმა ფულიც უნდა გაკეთონ“.
არადა, Bentley-ს მანქანის საშუალო ფასი – სადღაც $250,000 – გაფიქრებინებს, მას მოგების მიღება არ უნდა გაუჭირდესო. მაგრამ 2017-ის სექტემბრის ჩათვლით, მისი ოპერაციული მარჟა 2.5%-ით დაეცა – კარგა ქვემოთ, პროლეტარულ ავტომწარმოებლებთან, General Motors-სა და Ford-თან, შედარებით. ასე რომ, Porsche-ს პლატფორმაში ცვლილებების შეტანა Bentley-ს ხარჯების შემცირებასა და მარჟების სტიმულირებაში დაეხმარებოდა, ცხადია, თუ ამას ბრენდის დნმ-ს არ შესწირავს მსხვერპლად, – აღნიშნავს LMC Automotive-ის ანალიტიკოსი ჯეფ შუსტერი. ამასთან, ამ უკანასკნელის აზრით, „Porsche-ს ბერკეტად გამოყენება მის მაღალ კლასს ბევრს არაფერს დააკლებს ტექნოლოგიისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით“.
საქმე ისაა, რომ ორივე ავტომწარმოებელმა პრაქტიკულ ბიზნესმოდელებს მიაგნო. „მანქანებს თუ შევადარებ და ვმართავ მათ, სხვაობა საგრძნობია, – ამბობს ვოლფგანგ დიურჰაიმერი, რომელმაც Bentley-ს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ახლახან დატოვა. – Rolls-Royce-ი წმინდა ფუფუნებაა. ჩვენ ფუფუნებაც ვართ და ეფექტიანობაც“.
ამ მოსაზრებასთან არც Rolls-Royce-ს აქვს რაიმე საწინააღმდეგო. „ჩვენ, Bentley-სთან შედარებით, ფასის სულ სხვა სეგმენტზე ვმუშაობთ“, – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი ტორსტენ მიულერ-ოტვოსი.
რა თქმა უნდა, ექსკლუზიურ ყოფაში, სადაც მდიდარ მფლობელებს, საშუალოდ, შვიდი მანქანა აქვთ, ფასი გადამწყვეტ მნიშვნელობას კარგავს. „ჩვენი კლიენტების გარაჟები ჩვენს გარდერობებს მოგაგონებთ: ყველა სიტუაციისთვის შესაბამისი მანქანა მოეპოვებათ“, – შენიშნავს მიულერ-ოტვოსი.