ორი ბიზნესი - ერთი ესთეტიკით

ორი ბიზნესი - ერთი ესთეტიკით

ალბინა ქაჯაიამ ესთეტიკურ მედიცინაში კარიერის შენება დაახლოებით 15 წლის წინ დაიწყო. სამშობლოში დაბრუნებულს, რეპუტაციის შესაქმნელად ბევრ გამოწვევასთან გამკლავება მოუწია. დღეს ის „ტოტალ შარმის“ დერმატოკოსმეტოლოგიის ფილიალის ხელმძღვანელია, ერთი წლის წინ კი ფრენჩაიზის ქვეშ სტომატოლოგიის მიმართულება დააფუძნა. ალბინა კარიერულ გზასა და აღნიშნული ბიზნესების განვითარებაზე გვესაუბრა. 

 

საქართველოში 2009 წელს დაბრუნდით, უცხო გარემოში, თან ასეთ საპასუხისმგებლო სფეროში თავის დამკვიდრება არ გაგიჭირდათ? რა გამოწვევების გადალახვა მოგიწიათ?

როდესაც მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთიდან დავბრუნდი, ქართულად მხოლოდ „გამარჯობა“ და „ნახვამდის“ ვიცოდი. ახალ გარემოში თავის დამკვიდრება ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, საქართველო ჩემი სამშობლოა და მინდოდა, მუშაობა საკუთარ მიწაზე გამეგრძელებინა, ამიტომ გამოწვევებს არ შევუშინდი. პირველი კლინიკა ორბელიანის ქუჩაზე გავხსენით, მას შემდეგ კი რეპუტაციის შენების საკმაოდ გრძელი და რთული გზა გამოვიარე. 

2021 წელს „ტოტალ შარმ ვაკის“ ფილიალი გახსენით. მართალია, ჯერ მხოლოდ რამდენიმე წელია გასული, თუმცა მაინც გკითხავთ: კმაყოფილი ხართ მისი შედეგებით?

დიახ, „ტოტალ შარმ ვაკის“ ფილიალი პანდემიის შემდეგ გაიხსნა. ამ რამდენიმე წელიწადში მოვახერხეთ, რომ საკმაოდ კარგი ფინანსური შედეგები გვეჩვენებინა და ბაზარზე თავი დაგვემკვიდრებინა, რაც ჩვენი უნიკალური სერვისებისა და პროდუქტების ხარჯზე შევძელით.

დღეს ჩვენი ფილიალი მომხმარებლებს ინოვაციურ და ეფექტიან სერვისებს სთავაზობს, რომლებიც ხანგრძლივ და შესამჩნევ შედეგებს უზრუნველყოფს. ამაში კი ისეთი თანამედროვე აპარატები გვეხმარება, როგორიცაა EmFace-ი და BTL Exilis Ultra. ამ აპარატების გამოყენებით სახის გასაახალგაზრდავებლად ინიექცია საჭირო არ არის. ისინი თვალსაჩინო ეფექტს რეაბილიტაციის მინიმალური პერიოდის ან რეაბილიტაციის აუცილებლობის გარეშე იძლევა.

გარდა ამისა, გვაქვს უახლესი აპარატები – Morpheus8 და Ultraformer III, რომლებიც კანის რეგენერაციასა და ტონუსის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. მათი უპირატესობა ისაა, რომ ორივე აპარატით ჩატარებული პროცედურის შემთხვევაში შედეგი ძალიან სწრაფად მიიღწევა.

რაც შეეხება სხვა სერვისებს, ჩვენს კლინიკაში ასევე შესაძლებელია სახისა და სხეულის პილინგი, გაახალგაზრდავების პროცედურა. ამისთვის ფოტოთერაპიას მივმართავთ, რომლის დროსაც Lumecca-ს ლაზერს ვიყენებთ. ეს მეთოდი, კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ძლიერი ინტენსივობის სინათლეს (IPL) ეყრდნობა. იგი ეფექტიანად ებრძვის პიგმენტაციას, მუქ ლაქებს, აკნეს ნიშნებსა და არათანაბარ ტონუსს.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში მხოლოდ პრემიური კლასის ბოტოქსს ვიყენებთ. ეს არის ამერიკული „იუვიდერმი“, რომელიც ბუნებრივ შედეგს უზრუნველყოფს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვაქვს უახლესი აპარატები, რომლებიც კანის ინვაზიის გარეშე მოქმედებს. მსგავსი აპარატები სხვა კლინიკებში არ არის ხელმისაწვდომი. 

თანამედროვე აპარატებისა და ინოვაციური მეთოდების გარდა, კლინიკის წარმატების ერთ-ერთი უმთავრესი განმპირობებელია ჩვენი გუნდი, რომლის დაკომპლექტებაშიც დიდი შრომა და ენერგია ჩავდე. ჩვენთან მუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმები და დერმატოკოსმეტოლოგები. ჩემი, როგორც კლინიკის დირექტორის მოვალეობაა, თანამშრომლების განვითარებაზე ვიზრუნო. აქედან გამომდინარე, გუნდის წევრები ხშირად გადიან ტრენინგებს და ცოდნას მუდმივად იუმჯობესებენ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მომხმარებლებს მაღალ ხარისხსა და საუკეთესო შედეგებს ვთავაზობთ. 

ტრენერობის მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ. თქვენ თუ უზიარებთ მათ ცოდნას?

მე „ალერგანის“ ოფიციალური საერთაშორისო ტრენერი, შპს „აპტოსის“ დამფუძნებელი და მსოფლიოს უდიდესი კონგრესების სპიკერი ვარ, ამიტომ წლის განმავლობაში არაერთ ქვეყანაში მიწევს გამგზავრება. მათ შორის ხშირად მიწვევენ ბრაზილიაში, იაპონიაში, ევროპის ქვეყნებსა და ა.შ. უახლოეს მომავალში საფრანგეთში ხუთი ლექცია უნდა ჩავატარო.

გარდა ამისა, ხშირად ვუტარებ ტრენინგებს „ტოტალ შარმ ვაკის“ პერსონალს როგორც კლინიკაში, ასევე კონგრესზე. წელიწადში ერთხელ „აპტოსი“ და „ტოტალ შარმ ვაკე“ უდიდეს საერთაშორისო კონგრესს, „კოლხიდას“ მართავს. ამ კონგრესის ფარგლებში ბევრი ვორკშოპი ტარდება, სადაც თავს უამრავი ადამიანი იყრის. მსგავსი ღონისძიებები ექიმებს ახალი ცოდნის შეძენასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება.

რა თქმა უნდა, საკუთარი თავის განვითარებაზეც ვზრუნავ, რისთვისაც მუდმივად ვეცნობი უახლეს კვლევებს, სტატიებს, პრეპარატებსა და მიდგომებს. ამ გზით ვცდილობ, მსოფლიოს ტენდენციებს არ ჩამოვრჩე.

ახალი მიდგომები ახსენეთ, როგორ შეიცვალა დერმატოკოსმეტოლოგია ბოლო პერიოდში? 

ბოლო პერიოდში დერმატოკოსმეტოლოგიაში მრავალი ახალი მიდგომა და ინოვაცია გამოჩნდა. ეს, დიდწილად, ნატურალურ და ორგანულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. ამასთან, ბიოტექნოლოგიისა და გენური ტექნოლოგიების განვითარებამ უფრო ზუსტი და ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობისთვის ახალი შესაძლებლობები გახსნა. ეს მიდგომები არა მხოლოდ კანის მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, არამედ მომხმარებლების ცხოვრების ხარისხის გაზრდისა და მათთვის კომფორტის შექმნისკენაა მიმართული. 

მსოფლიოში აღნიშნული სფეროს განვითარებას ფეხს ჩვენც ვუწყობთ. მაგალითად, აქტიურად ვიყენებთ ცნობილი შვეიცარიული ბრენდის, Valmont-ის პროდუქციას, რომელიც უკვე 40 წელია, რაც არსებობს. ეს არის პრემიუმ-სეგმენტის კოსმეტიკა, რომელსაც უნიკალური ფორმულა აქვს. მისი მთავარი ინგრედიენტი ორაგულის პროტეინია, რომელიც ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებითაა მდიდარი. ის ანთებით პროცესებს ამცირებს, ასევე, კანს ახალგაზრდობასა და ელასტიკურობას უნარჩუნებს.

ერთი წლის წინ სტომატოლოგიის მიმართულება – „ტოტალ შარმ დენტი“ დაამატეთ. რატომ გადაწყვიტეთ თქვენი საქმიანობისგან განსხვავებული ბიზნესის წამოწყება? 

ამ შეკითხვას ძალიან ბევრი მისვამს და მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი ინტერესები მხოლოდ დერმატოკოსმეტოლოგიით არ შემოიფარგლება – ყოველთვის ვცდილობ, სხვადასხვა სფეროში განვითარების შესაძლებლობები დავინახო. გარდა ამისა, სტომატოლოგია ესთეტიკური მედიცინისგან არც ისე შორსაა. 

ხშირად, პაციენტების არასწორად სტრუქტურირებული კბილების გამო, სახის ესთეტიკურ პროცედურებზე მუშაობა გარკვეულ სირთულეებს ქმნიდა, განსაკუთრებით ცხვირის, ყბისა და ტუჩების მიდამოებთან. ამიტომ სტომატოლოგიის მიმართულების დამატება სრულიად ბუნებრივი ნაბიჯი იყო. ეს ჩვენი პაციენტებისთვის უფრო სრულყოფილი ესთეტიკური მომსახურების შეთავაზების საშუალებას გვაძლევს.

ამ გადაწყვეტილებაზე პირადმა გამოცდილებამაც დიდი გავლენა იქონია. როგორც სამი შვილის დედას, მუდმივად მიწევდა სხვადასხვა კლინიკაში სიარული – როდესაც მე ერთ კლინიკაში მივდიოდი, შვილები საბავშვო კლინიკაში მიმყავდა, ხოლო კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) გასაკეთებლად – კიდევ სხვა დაწესებულებაში. ეს ყველაფერი დიდ დროსა და ენერგიას ფუჭად მახარჯვინებდა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, შემექმნა ერთი სივრცე, სადაც ხარისხიანი და კომპლექსური მომსახურება ყველა ოჯახისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი. 

ჩემთვის ხარისხი ყველაფერში პრიორიტეტულია. როდესაც სტომატოლოგიური კლინიკის შექმნა გადავწყვიტე, ვიცოდი, რომ ის მაღალტექნოლოგიური და უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო – იქნება ეს აპარატურა, სავარძლები თუ სამედიცინო ხელსაწყოები. ასევე, ეს უნდა ყოფილიყო კლინიკა, რომელიც კვირის შვიდივე დღეს იმუშავებდა, რათა სერვისით სარგებლობა ყველას მათთვის ხელმისაწვდომ დროს შესძლებოდა.

მჯერა, რომ სწორედ ხარისხიანი მომსახურება გვეხმარება ბაზარზე გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში, ამიტომ კონკურენციის არასდროს შემშინებია.

არ გაგიჭირდათ თქვენგან განსხვავებული პროფესიის ადამიანების გუნდის შეკრება? 

ჩემთვის გუნდის შერჩევა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. რადგან „ტოტალ დენტი“ „ტოტალ შარმ ვაკის“ შვილობილი კომპანიაა, ამ საკითხს მეტი სიფრთხილით და მოწიწებით მოვეკიდე და ბედნიერი ვარ, რომ ეს სირთულე გადავლახე. ჩემ მიერ დაკომპლექტებული გუნდის წამყვანი სპეციალისტი, არჩილ აფხაძე რამდენიმე ათწლეულია, ამ სფეროში მოღვაწეობს და ისეთ რთულ ოპერაციებს ასრულებს, რომლებსაც საქართველოში ერთეული სპეციალისტები თუ გაუმკლავდებიან წარმატებით. 

ვინაიდან სტომატოლოგთან ვიზიტი, ახლაც კი, დახვეწილი აპარატურისა და მეთოდების ფონზე, მაინც სტრესულად მიიჩნევა, მინდოდა ამ კლინიკასთან დაკავშირებით მომხმარებლებს განსხვავებული ემოცია გასჩენოდათ. აქედან გამომდინარე, გუნდის დახმარებით შევეცადე, შემექმნა გარემო, რომელიც პაციენტებს დისკომფორტს მაქსიმალურად შეუმცირებდა. მხოლოდ სამედიცინო მომსახურების ხარისხზე არ ვსაუბრობ, არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტის მიმართ ექიმისა და კლინიკის სხვა თანამშრომლების მიდგომა. 

კლინიკის გახსნიდან ერთ წელიწადში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბაზარზე უკვე კარგი პოზიცია გვიჭირავს. რეპუტაციის შენებას ამ მიმართულებით მომავალშიც გავაგრძელებთ. 

როგორც აღნიშნეთ, „ტოტალ შარმი“ ინოვაციებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით გამოირჩევა. რამდენად აქტიურად იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს?

ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტით ძალიან დავინტერესდი. ჩემი აზრით, AI-ს ყველა უნდა დაეუფლოს. როდესაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ჩემი ტვინი სხვანაირად ამუშავდა. ახლა უფრო მრავალფეროვნად ვფიქრობ, ძალიან ბევრი აზრი მებადება, რაც მენეჯმენტში მეხმარება. აქედან გამომდინარე, AI შეიძლება ადამიანმა ძლიერ ინსტრუმენტად აქციოს და ამით გონებრივი არსენალი შეავსოს.

გარდა პირადი მოხმარებისა, ხელოვნურ ინტელექტი კოსმეტოლოგიაშიც დავნერგეთ და ახლა კანის ანალიზს 3D-ფოტოაპარატს (რომელიც ასევე ჩვენი ექსკლუზივია საქართველოში) ვაკეთებინებთ. ის ადგენს, რა ტიპის კანი აქვს პაციენტს, რა მდგომარეობაშია იგი, რამხელაა ფორები, შეესაბამება ნორმას თუ არა და ა.შ. რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტი ძალიან გვეხმარება იმაში, რომ მდგომარეობა შევაფასოთ, მაგრამ საბოლოო დასკვნას ბუნებრივი ინტელექტი – ადამიანი აკეთებს.

თქვენს კარიერას დავუბრუნდეთ. ყველაზე დიდ მიღწევად რას მიიჩნევთ?

კარიერიდან ჩემთვის ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა მახსენდება. პირველი, ეს არის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სიგელი დერმატოლოგიისა და ესთეტიკური მედიცინის დარგში შეტანილი წვლილისთვის.

მეორე მიღწევა, ეს არის PhD ფარმაკოლოგიის კათედრაზე, ქართულ ენაზე. ჩემთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო. ყოველთვის ვამბობ, რომ ამის შემდეგ აღარაფრის მეშინია.

მესამე მნიშვნელოვანი მიღწევა არის ის, რაზეც ალბათ ჩემი სფეროს ყველა ექიმი ოცნებობს. წელს, აპრილში, მონაკოში გამართულ მასშტაბურ კონგრესში მივიღე მონაწილეობა, სადაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ სპეციალისტებთან ერთად გამოვედი სცენაზე. დარბაზში დაახლოებით 5 ათასი ექიმი იყო. 

კონგრესში მონაწილეობა ამერიკული „ალერგანის“ სესიის ფარგლებში მივიღე, როგორც კომპანიის ლიდერმა და ტოპ-10-ში შემავალმა სპეციალისტმა. სიტყვით გამოსვლისას ქართულ სილამაზეზე ვისაუბრე. 

ბოლოს კი, წელს დავამთავრე „ალერგანის“ სამწლიანი პროგრამა – Leaders of the Future. ამ პროგრამაზე სწავლა ძალიან რთული იყო. 

სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრეთ.

ბაზარზე, სტომატოლოგიის მიმართულებითაც, უკვე კარგი პოზიცია გვიჭირავს, მაგრამ მინდა, რომ ჩვენი სახელი მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან, კარგ მომსახურებასა და რეპუტაციასთან კიდევ უფრო ასოცირდებოდეს. ამჟამად სწორედ ამაზე ვმუშაობთ. მიხარია, რომ საწყისი ნაბიჯები უკვე გადავდგით და წინსვლას მომავალშიც გავაგრძელებთ. 

სამომავლოდ, ჩვენს გეგმებშია კიდევ უფრო მეტი ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვადაპტირდეთ სიახლეებთან და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება შევთავაზოთ.