ოთხი წამყვანი გლობალური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი — ლიდერები, რომლებიც სამყაროს ცვლიან

ოთხი წამყვანი გლობალური სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტი — ლიდერები, რომლებიც სამყაროს ცვლიან

ინფრასტრუქტურა – ტრანსპორტი, წყალი, ელექტროენერგია, 5G – შესანიშნავია იმით, რომ თითოეულ პროექტს – ათასობით, ქსელებზე მიერთების შემთხვევაში კი მილიონობით ადამიანისთვის მოაქვს სარგებელი. გამორჩეული ბიზნესების მსგავსად, პროექტები ხშირად წარმოიშობა ცალკეული ადამიანების (ზოგჯერ საკმაოდ არაგონივრული) იდეებიდან. ეს ადამიანები არასდროს ნებდებიან; ისინი ენერგიულად და დაჟინებით გაივლიან ბეწვის ხიდს, რომელიც შორსმჭვრეტელ და შეშლილ ადამიანებს ყოფს ერთმანეთისგან. საუკეთესო პროექტები ჩვენ არა მხოლოდ მომავალს გვანახვებენ, არამედ იმასაც გვეუბნებიან, თუ ვინ ვართ ჩვენ და ვინ შექმნის ამ მომავალს.

ჩვენი გლობალური სტრატეგიული ინფრასტრუქტურის მე-13 ვირტუალური ფორუმის ფარგლებში ჩვენ ვუმასპინძლებთ 100 პროექტის ხელმძღვანელს მთელი მსოფლიოდან. აღნიშნული პროექტების საერთო ეკონომიკური ღირებულება 200 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს. წარმოგიდგენთ ოთხ ასეთ პროექტს – რას გვპირდებიან მათი ავტორები გლობალური ეკონომიკის აღდგენის თაობაზე?

კლა­რა (ავსტრალია): $20 მილიარდამდე ღირებულების პროექტი, რომელიც მელბურნსა და სიდნეის ერთმანეთთან დააკავშირებს, ითვალისწინებს ჩქაროსნული მატარებლის ხაზისა და ახალი „ჭკვიანი“ ქალაქების მშენებლობას. პროექტის პირველ ეტაპზე აშენდება სამი ახალი ქალაქი, ხოლო დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს მიწის ღირებულების ამოღება. პროექტი, რომლის ამოქმედებაც 2029 წლისთვის იგეგმება, ძალზე ამბიციურია და ფარავს მონრეალიდან ვაშინგტონამდე მანძილს.

CG/LA INFRASTRUCTURE, INC.

სინ­მა (მიანმარი): $1.1-მილიარდიანი ინიციატივა ითვალისწინებს ქალაქ რანგუნიდან 240 კმ-ის დასავლეთით, ბენგალის ყურეში ღრმაწყლოვანი პორტისა და ჰაბის მშენებლობას. პირველ ეტაპზე პორტი კონტეინერებს და დიდი ზომის ტვირთს გაატარებს. პროექტის მიზანია, გარდაქმნას მიანმარი და გამოაცოცხლოს რანგუნისა და სინმას შორის მდებარე რეგიონი, რომელიც ერთ დროს მთელ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას ამარაგებდა მარცვლეულით, და სადაც დღესაც გაივლის ბრიტანელების მიერ 1877 წელს აშენებული, ახლა კი გამოუყენებელი რკინიგზის ხაზი. პროექტი ფინანსდება კერძო ინვესტიციებით და მიწის ღირებულების ამოღებით.

CG/LA INFRASTRUCTURE, INC.

ფე­რო­პის­ტა (კოლუმბია): პროექტი ითვალისწინებს 61 კმ სიგრძის ინოვაციური სარკინიგზო/სატვირთო ხაზის გაყვანას. აქედან 42 კილომეტრს ორმაგი სარკინიგზო გვირაბი დაიკავებს, რომელიც კოლუმბიური ანდების შუაგულში გაჭრის გზას. პროექტი დედაქალაქ ბოგოტას, ისევე როგორც მთელ ცენტრალურ კოლუმბიას ბუენავენტურის პორტთან დააკავშირებს. პროექტი შეამცირებს მგზავრობის დროს და დაბინძურების დონეს, გაზრდის ქვეყნის ეკონომიკურ პროდუქტიულობასა და უსაფრთხოებას, და გარდაქმნის ცენტრალური კოლუმბიის მაღალმთიან რეგიონებს. ფეროპისტა დაფინანსდება სატვირთო მოსაკრებლებით.

CG/LA INFRASTRUCTURE, INC.

თეია (აშშ): $13 მილიარდამდე ღირებულების პროექტი ითვალისწინებს კოსმოსურ სივრცეში 120 დაბალი ორბიტის სატელიტის გაშვებას. მოწინავე სენსორული ტექნოლოგიის გამოყენებით, სატელიტური სისტემა მთელი დედამიწის მასშტაბით წამში სამ სურათს გადაიღებს და შეინახავს. მონაცემთა შეგროვების ასეთი მეთოდი რადიკალურად შეცვლის ჩვენი მუშაობის წესს და გარდაქმნის ყველაფერს – სოფლის მეურნეობითა და უსაფრთხოებით დაწყებული, სამთო მრეწველობითა და გარემოს დაცვით დამთავრებული. ეს არის გლობალური პროექტი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა ინვესტიციებს იზიდავს და მონაცემთა ცენტრს ავითარებს.

 

ოთხივე პროექტი შთამბეჭდავია. თუმცა არსებობს უფრო გრანდიოზული ინიციატივებიც. მაგალითად, 8 სექტემბერს ინგლისში საფუძველი ჩაეყარა $140-მილიარდიან სარკინიგზო პროექტს, რომელიც ლონდონიდან ჩრდილოეთ ინგლისამდე გაიყვანს ჩქაროსნული მატარებლის ხაზს; ხოლო ჩინეთში 2019 წელს დამტკიცდა $142-მილიარდიანი პროექტი, რომელიც შემდეგი ხუთი წლის მანძილზე 26 რეგიონში ჩქაროსნული რკინიგზისა და მეტროს განვითარებას გულისხმობს.

ზემოთ მოყვანილი ოთხი პროექტი ჩვენ გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ ამბავს მოგვითხრობს და გვეუბნება, რა უნდა განაპირობებდეს გლობალურ აღდგენასა და ზრდას, მაგრამ როგორ დავაჩქაროთ ამგვარი პროექტების შესრულება, როგორ გავამრავლოთ წარმატებული ინიციატივები, როგორ გავავრცელოთ სამეწარმეო ინფრასტრუქტურა და როგორ შევუწყოთ ხელი გლობალურ აღდგენას?

აღნიშნული პროექტებიდან ჩვენ მივიღეთ ხუთი მარტივი გაკვეთილი, რომლებიც წინსვლის გზას გვაჩვენებს:

მე­წარ­მე­ე­ბის ჩარ­თ­ვა

პროექტი არის ბიზნესი – მას საფუძვლად უდევს ორიგინალური იდეა, რომელსაც მხარდაჭერა და წახალისება ესაჭიროება. ზემოთ მოყვანილ პროექტებს სწორედ ასეთი იდეების მქონე ადამიანები უძღვებიან: უძრავი ქონების სექტორში მოღვაწე აღმასრულებელი პირი, სერიული მეწარმე, მეცნიერი და ორი ინჟინერი.

ქმე­დე­ბა: შევიმუშაოთ მექანიზმი ინიციატივების (თუნდაც არაგონივრული წინადადებების) მხარდასაჭერად – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლაპარაკია ტექნოლოგიურ ინოვაციებზე.

სტრა­ტე­გი­უ­ლი ბიძ­გის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა

მეწარმე არ უნდა შეეშვას თავის იდეას. ამის უზრუნველყოფის ერთ-ერთი გზა არის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ან სხვა სახის რთულად მოსაპოვებელი დაფინანსების უზრუნველყოფა. ყველა ზემოთ მოყვანილ პროექტს სოლიდური მხარდაჭერა აქვს – ძირითადად მთავრობებისგან (მრავალმხრივ ბიუროკრატიებს ასევე აქვთ საჭირო დაფინანსება, მაგრამ ისინი ნელა მოქმედებენ და ვერ ერგებიან მეწარმეთა მოთხოვნებს).

ქმე­დე­ბა: შევიმუშაოთ დაფინანსების მექანიზმები, რომლებიც იმოქმედებენ ადგილობრივ ან სახელმწიფო/რეგიონულ დონეზე და დაკომპლექტებული იქნებიან ისეთი ადამიანებით, ვინც გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებს და რისკზე მიდის.

ლი­დე­რო­ბა ყვე­ლა­ფერს შე­საძ­ლე­ბელს ხდის

ამ ოთხი პროექტის თითოეული ხელმძღვანელი კარგი მსმენელია, შემდეგ კი ისინი ყველაფერზე მიდიან თავიანთი მიზნების მისაღწევად. ეს უნდა წახალისდეს – განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ პანდემიიდან გამოსვლას ვცდილობთ.

ქმე­დე­ბა: დაწესდეს ყოველწლიური ფულადი ჯილდო ინფრასტრუქტურულ მეწარმეობაში.

კერ­ძო ინ­ვეს­ტი­ცია არის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლა

ოთხივე პროექტი უზრუნველყოფილია კერძო დაფინანსებით, რომლის ყველა სახეობაც (იქნება ეს მიწის ღირებულების ამოღება, შედეგზე დაფუძნებული კონტრაქტირება თუ სხვა) ამ პროექტებისთვის საწვავის ტოლფასია. არსებობს კერძო ინვესტიციების ინფრასტრუქტურაში განხორციელების შვიდი სხვადასხვა გზა, და თითოეული მათგანი სათანადო ყურადღებას იმსახურებს.

ქმე­დე­ბა: წავახალისოთ კერძო ინვესტიციების განხორციელების ინოვაციური გზები – საგადასახადო შეღავათები, სუბსიდიები და საჯარო აღიარება.

შე­დე­გი/­სარ­გე­ბე­ლი უნ­და იყოს ყუ­რადღე­ბის ცენტ­რ­ში

გამორჩეული პროექტების ხელმძღვანელებს ჩვეულებრივ ამოძრავებს არა ტექნოლოგია და საინჟინრო საქმე, არამედ ის სარგებელი, რომელიც ამ პროექტებს ადამიანებისთვის მოაქვს (სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება, ახალი ბიზნესები, ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება). შედეგი ყოველთვის გამომდინარეობს საზოგადოების ინტერესებიდან.

ქმე­დე­ბა: შეიქმნას უპირატესობების ინდექსი, რომელშიც კვარტალურად იქნება ასახული პროექტის შედეგები (სამუშაო ადგილები, ჯანდაცვა, მობილურობა, ახალი ბიზნესები, ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება და ა.შ.). აღნიშნული უპირატესობები შემდგომში გაეცნობა ფართო საზოგადოებას.

პანდემიით დაჩქარებული, დრამატული ცვლილებების ეპოქაში ხელსაყრელია ჩვენს განაშენიანებულ გარემოში ინვესტიციების განხორციელება, ყველაზე ჭკვიანი ადამიანების ჩართვა და შესანიშნავი პროექტების, ლიდერებისა და შედეგების გამორჩევა. სტივ ჯობსის თქმით, „ასეთ დროს ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის ადამიანები, რომლებიც გიჟები არიან და ფიქრობენ, რომ შეუძლიათ შეცვალონ სამყარო. სწორედ ისინი შეცვლიან მას“.