პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, სპორტის მოყვარულთა ყურადღება უკვე პარაოლიმპიური თამაშებისკენ მიეპყრო, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ოფიციალურად ხვალ, 28 აგვისტოს გაიხსნება. სპორტული ღონისძიებები სტარტს 29 აგვისტოდან აიღებს და 8 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ზაფხულის XVII პარაოლიმპიურ თამაშებში 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი დაახლოებით 4,400 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ისინი ერთმანეთს სპორტის 22 სახეობაში, 549 ოქროს მედლის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან.
წელს საქართველოს პარაოლიმპიადაზე რეკორდული რაოდენობის, 14 სპორტსმენი წარმოადგენს. მათ შორის არიან:
- ანა ჯაფარიძე – პარატაეკვონდო
19 წლის ანა პარაოლიმპიური თამაშების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა. მან უკვე შეძლო ევროპის საკონტინენტო ტურნირის მოგება.
- გიორგი ნიკოლაძე – პარატაეკვონდო
გიორგი ევროპის საკონტინენტო ტურნირისა და გრან-პრის ორგზის გამარჯვებულია.
- ლია ჩაჩიბაია – პარატაეკვონდო
ლიას ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
- ირმა ხეცურიანი – ეტლით ფარიკაობა
ირმა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია, მას მსოფლიო თასი 21-ჯერ აქვს მოგებული.
- ნინა თიბილაშვილი – ეტლით ფარიკაობა
ნინა პარაოლიმპიურ მედალს უკვე ფლობს – ის ტოკიოს ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია. გარდა ამისა, თიბილაშვილი არის მსოფლიო ჩემპიონი გუნდურ თანრიგში და მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებული.
- გიგა ოჩხიკიძე – პარამძლეოსნობა (ბირთვის კვრა)
გიგა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. ამასთანავე, მას ეკუთვნის რეკორდი ევროპის მასშტაბით.
- დავით ქავთარაძე – პარამძლეოსნობა (შუბის სტყორცნა)
დავითი შუბის ტყორცნაში გრან-პრის გამარჯვებულია. მან ტოკიოს პარაოლიმპიადაზე ასპარეზობა მე-12 ადგილზე დაასრულა.
- რევაზ ჩიკოიძე – პარაძიუდო
რევაზს ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ის არის ევროპის ორგზის ჩემპიონი და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი.
- გიორგი ქალდანი – პარაძიუდო
გიორგი ევროპის ორგზის ჩემპიონია. ამასთანავე, ის არის არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.
- ინა ქალდანი – პარაძიუდო
ინა ტოკიოს ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
- ლაშა ყიზილაშვილი – პარაძიუდო
ლაშას მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
- ზურაბ ზურაბიანი – პარაძიუდო
ზურაბი მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალს ფლობს, ასევე არის ევროპის ვიცე-ჩემპიონი.
- აკაკი ჯინჭარაძე – პარაწოლჭიმი
აკაკი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებულია.
- ლადო ჭინჭარაული – პარასროლა
ლადო ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.