ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად დასახელდა

ფარელ უილიამსი Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად დასახელდა

Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულ დირექტორად ფრანგულმა ბრენდმა პროდიუსერი და მომღერალი, ფარელ უილიამსი დაასახელა. თანამდებობაზე უილიამსის დანიშვნით, ფრანგული ბრენდი ცნობილ სახეებთან თანამშრომლობისა და შემოქმედებაში ქუჩის სტილის დანერგვის ბოლოდროინდელ ტენდენციას ინარჩუნებს. შეგახსენებთ, აღნიშნული თანამდებობა 2021 წელს დიზაინერ ვირჯილ აბლოს გარდაცვალების შემდგომ ვაკანტური იყო.

უილიამსი, რომელიც ფრანგულ ბრენდთან 2004 და 2008 წლებშიც თანამშრომლობდა, Louis Vuitton-ისთვის პირველ კოლექციას ივნისში, პარიზში, მამაკაცის ხაზის მოდის კვირეულზე წარადგენს. Louis Vuitton-ი, თავის ახალ კრეატიულ დირექტორზე საუბრისას, ხაზს უსვამს ფარელის როგორც მუსიკალურ სფეროში წარმატებას, მათ შორის მომღერლის მიერ მოპოვებულ 13 გრემის, ასევე არაკომერციულ მუშაობას YELLOW-ისთვის. ეს ორგანიზაცია უილიამსის მიერ 2019 წელს, საჯარო განათლებაში თანასწორობის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა.

ცნობისთვის, ფარელ უილიამსს ეკუთვნის დიზაინი Billionaire Boys Club-ის ტანისამოსისა და სკეიტბორდით შთაგონებული ფეხსაცმლის ბრენდ Ice Cream-ისთვის. აღსანიშნავია, რომ ფარელი რიგით მეორე მუსიკოსია, რომელიც LVMH-თან ითანამშრომლებს. პირველი რიანაა, რომელიც 2019 წელს ფრანგულმა ბრენდმა Fenty-ისთვის დაიქირავა.

LVMH-ის მონაცემებით, 2022 წელს Louis Vuitton-ის შემოსავალმა $21.4 მილიარდს მიაღწია. გასული წელი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრენდის შემოსავალმა ერთი წლის პერიოდში $20 მილიარდს გადააჭარბა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *