ფინანსური სტაბილურობის ანგარიში

ფინანსური სტაბილურობის ანგარიში

ფინანსური სტაბილურობის საკითხებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის აქტუალობა მსოფლიოში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში, საგრძნობლად გაიზარდა. მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკით, საჭიროა ფინანსური სტაბილურობის კომპლექსური და სიღრმისეული ანალიზი, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ საბანკო სექტორის რისკების შეფასებას. ის ყურადღებას აქცევს ქვეყნის საგარეო ფაქტორებსაც, რომლებიც, როგორც ბოლო წლებმა დაგვანახვა, მნიშვნელოვანი რისკების წყარო აღმოჩნდა. ფინანსური სტაბილურობის ანალიზი ასევე მოიცავს მაკროფინანსურ გარემოს, შინამეურნეობებს, კომპანიებსა და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს.

ფინანსური სტაბილურობა გულისხმობს ისეთ მდგომარეობას, როდესაც ფინანსურ სისტემას შესწევს უნარი, ბაზრის მონაწილეებს მიაწოდოს მომსახურება როგორც კარგ, ასევე სტრესის პირობებში. ამისათვის საჭიროა ფინანსური შუამავლობისა და საბაზრო ინფრასტრუქტურის, საგადახდო სისტემების ეფექტიანი ფუნქციონირება, ფინანსური სისტემის მდგრადობა შოკების მიმართ და სისტემური რისკების შემცირება. სტაბილური ფინანსური სისტემა ხელს უწყობს ეკონომიკის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას. ფინანსური სტაბილურობა ასევე გულისხმობს ფინანსური სექტორის განვითარებასა და ფინანსური ბაზრების გაღრმავებას.

საქართველოში ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა, რომელიც “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონით მონიჭებული მანდატითაა განსაზღვრული. ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად ეროვნული ბანკი ახორციელებს მაკრო- და მიკროპრუდენციულ პოლიტიკას. ამ პოლიტიკების ერთობლივი მიზანია ფინანსური სისტემის უსაფრთხო და ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა, რაც მაკროპრუდენციული პოლიტიკისთვის გულისხმობს სისტემური რისკების დაგროვების თავიდან აცილებას, კრიზისის ალბათობის შემცირებასა და მთლიანი ფინანსური სისტემის სტაბილურობას, ხოლო მიკროპრუდენციული პოლიტიკისთვის მოიაზრებს ინდივიდუალური ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ხელშეწყობას.

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს განსავითარებლად, 2017 წლის სექტემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკში შეიქმნა ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტი. საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, დეპარტამენტი ავითარებს ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს.

ჩარჩოს ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ციკლური მაკროპრუდენციული პოლიტიკის დანერგვა. ამ მიზნით, პირველ ეტაპზე, საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემუშავდა ფინანსური სტაბილურობის კომპლექსური ინდიკატორები, რომლებიც სხვადასხვა მაკროფინანსური ცვლადების დინამიკაზე დაფუძნებით ფინანსური სისტემის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირებისა და შეფასებისთვის გამოიყენება. მათ შორისაა სესხების ზრდა, სესხების მშპ-თან ფარდობის გაპი, სესხის გაცემის სტანდარტები, უძრავი ქონების ფასების დინამიკა და სხვა. აღნიშნულ ინდიკატორებზე დაყრდნობით შესაძლებელია ციკლური მაკროპრუდენციული პოლიტიკის გადაწყვეტილებების მიღება. ასევე ამოქმედდა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი, როგორც ციკლური მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტი. ამ ინსტრუმენტის უშუალო მიზანია საბანკო სისტემის დაცვა დაკრედიტების ჭარბი ზრდისას წარმოქმნილი სისტემური რისკებისგან.

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ეფექტიანობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოლიტიკის გამჭვირვალობისა და კომუნიკაციის ზრდას. ამ მიზნით, 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა განაახლა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ფორმატი.

განახლებული ფორმატით კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ, წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად და ყოველი სხდომის შემდეგ ქვეყნდება პრესრელიზი, რომელშიც აღწერილია ფინანსურ სისტემაში არსებული გამოწვევები, ძირითადი ტენდენციები და კომიტეტის გადაწყვეტილებები. ამასთან, წელიწადში ორჯერ, კომიტეტის სხდომის შემდეგ, იმართება პრესკონფერენცია.

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით განახლდა საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდის ფინანსური სტაბილურობის ნაწილი, სადაც დეტალურადაა წარმოდგენილი ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული საკითხები. ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოს განვითარების ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2019 წელს გამოაქვეყნა მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია, რომლის მიზანია ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის უზრუნველყოფა. სტრატეგია ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკის განხორციელების ძირითად პრინციპებს ასახავს და გადაწყვეტილების მიღების პროცესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. აღნიშნული სტრატეგია იზიარებს როგორც ევროპის სისტემური რისკის კომიტეტის რეკომენდაციებს, ასევე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით მაკროპრუდენციული პოლიტიკის ხუთ შუალედურ მიზანს განსაზღვრავს:

• ჭარბი საკრედიტო ზრდისა და ლევერიჯის შემცირება და თავიდან აცილება.

• ბაზრის არალიკვიდურობისა და ვადიანობის ჭარბი შეუსაბამობის შემცირება და თავიდან აცილება.

• პირდაპირი და არაპირდაპირი პოზიციის კონცენტრაციის შეზღუდვა.

• არასწორი სტიმულების სისტემური ზემოქმედების შეზღუდვა მორალური რისკის შემცირების მიზნით.

• ფინანსური სისტემის დოლარიზაციის შემცირება.

სტრატეგია აღნიშნულ შუალედურ მიზნებს შესაბამის ინდიკატორებსა და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებს უკავშირებს.

ბოლო წლებში ეროვნულ ბანკში ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის ჩარჩოსა და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებამ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან თავსებადი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის მომზადების საფუძველი შექმნა.

ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამჭვირვალობისა და კომუნიკაციის ზრდისკენ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაახლა ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის გამოცემა.

2019 წლიდან ფინანსური სტაბილურობის ანგარიში ყოველწლიურად გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე. აღნიშნული დოკუმენტი ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს მნიშვნელოვანი კომპონენტია და მასზე მუშაობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარებით 2018 წელს დაიწყო. ანგარიში დაფუძნებულია მომავალზე ორიენტირებულ მაკროფინანსურ ანალიზზე.

ფინანსური სტაბილურობის ანგარიშის ძირითადი მიზანია, ფინანსური ბაზრების მონაწილეებს გააცნოს ეროვნული ბანკის ხედვა მაკროფინანსური გარემოს ტენდენციების შესახებ, ასევე წარუდგინოს ფინანსური სისტემის მდგრადობისა და ფინანსური სტაბილურობის მთავარი რისკების შეფასება და ამ რისკების შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებები. უნდა აღინიშნოს, რომ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში განხილული რისკები არ წარმოადგენს მოვლენების მოსალოდნელ განვითარებას, არამედ ნაკლებად სავარაუდო და ამავდროულად ფინანსური სისტემისთვის მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველ ფაქტორებს. სწორედ ამიტომ ისინი დროულად გამოვლენასა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებას საჭიროებს.

ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსური სტაბილურობის რისკებისა და ფინანსურ სისტემაში არსებული მოწყვლადობის შეფასება. ანალიზი ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე და ეფუძნება ფინანსური სექტორის ისეთ სტრუქტურულ მახასიათებლებს, როგორიცაა ფინანსური დოლარიზაცია და დამოკიდებულება უცხოურ მოზიდულ სახსრებზე. ანგარიში ასევე მიმოიხილავს საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებს, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ფინანსური სისტემის მდგრად ფუნქციონირებასთან, მათ შორისაა შინამეურნეობები, კომპანიები და უძრავი ქონების სექტორი. აღნიშნული რისკებისა და მოწყვლადობის გათვალისწინებით, ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში აგრეთვე წარმოდგენილია სხვადასხვა ალბათობისა და ინტენსივობის მქონე მაკროფინანსური რისკ-სცენარების მიმართ ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზი. გარდა ამისა, ანგარიშში ვრცლადაა ასახული ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ღონისძიებები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ზომები. ფინანსური სტაბილურობის ანგარიში ასევე მოიცავს თემატურ ჩანართებს, რომლებიც სიღრმისეულად აანალიზებს მიმდინარე პერიოდში ფინანსური სტაბილურობისთვის რელევანტურ საკითხებს.

მომდევნო საავტორო სვეტებში შემოგთავაზებთ ფინანსური სისტემისა და მასთან დაკავშირებული სექტორების შესახებ ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში განხილული თემების შეჯამებას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *