ცნობილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული ფრანგი მოდელის, მარი-ტერეზ ვალტერის პორტრეტი, სახელწოდებით „Femme nue couchée“ ნიუ-იორკში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 67.5 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ნამუშევარი ემი კაპელაცომ შეიძინა, რომელიც Sotheby’s-ის სახვითი ხელოვნების განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელია. მან სააუქციონო სახლი გასულ წელს დატოვა.
პიკასომ „Femme nue couchée“ 1932 წლის აპრილში დახატა. მარი-ტერეზის ეს პორტრეტი ხელოვნების ნიმუშების შიშველი სხეულის კლასიკური თემიდან ბიომორფულ გადახვევას წარმოადგენს. გამოსახულება ზღვის ბინადარს მოგვაგონებს, თუმცა, ამასთანავე, ტილოზე ქალის პროფილია დახატული.
შეგახსენებთ, რომ პიკასოს მარი-ტერეზ ვალტერთან სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა. 1935 წელს წყვილს ქალიშვილი შეეძინა. მარი-ტერეზით შთაგონებულმა პიკასომ მისი არაერთი პორტრეტი შექმნა. ცნობისთვის, ერთ-ერთი მათგანი, „Femme assise près d’une fenêtre (Marie-Thérèse)“, რომელიც ასევე 1932 წელსაა დახატული, გასულ წელს აუქციონზე 103.4 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. ეს ნამუშევარი, 2021 წლის განმავლობაში, აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშია.
მიმდინარე თვეში, პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული კიდევ ერთი პორტრეტი გაიყიდა. ნამუშევარში, სახელწოდებით „დორა მაარი“ ჰონგ-კონგში გამართულ Sotheby’s-ის აუქციონზე 21.6 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს. ტილოზე ფრანგი მხატვარი და ფოტოგრაფი, დორა მაარია გამოსახული, რომელსაც პიკასო ათწლეულის განმავლობაში ხვდებოდა.