აშშ-ის კონგრესში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ მოსმენა გაიმართა

აშშ-ის კონგრესში ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ მოსმენა გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კონტრტერორიზმის, კონტრდაზვერვისა და კონტრპროლიფერაციის კომიტეტმა ამოუცნობი საჰაერო მოვლენების (UAPs) შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსნებს მოუსმინა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი მოსმენა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (UFO) უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

ამერიკელ კანონმდებლებს სურთ, რომ ამ საკონგრესო მოსმენით, ქვეყანაში ამოუცნობი საჰაერო მოვლენების გამოძიებისა და მათ შესახებ გამჭვირვალედ საუბრის პრაქტიკა დაამკვიდრონ. „დიდი ხნის განმავლობაში, ამოუცნობ საჰაერო მოვლენებთან დაკავშირებული სტიგმა სადაზვერვო კვლევის ჩატარებაში ხელს გვიშლიდა. პილოტები ამ თემაზე მოხსენებებს არ აბარებდნენ ან თუ აბარებდნენ, მათ ამის გამო დასცინოდნენ“, – განაცხადა რესპუბლიკელმა ანდრე კარსონმა. „ამოუცნობი საჰაერო მოვლენები – ამოუცნობია, ცხადია, მაგრამ ამასთანავე, ეს მოვლენები – ნამდვილიც არის“.

პენტაგონის მაღალჩინოსნების განცხადებიდან გაირკვა, რომ არსებობს ბევრი რამ, რაც მათ არ იციან – ეს პრობლემა, უმეტესწილად, მაღალხარისხიანი მონაცემების მოპოვების სირთულესთან არის დაკავშირებული. საინტერესოა, რომ საკონგრესო მოსმენაზე ამ დრომდე გრიფით საიდუმლო ვიდეომასალაც აჩვენეს. ერთ-ერთ ასეთ ვიდეოში ამრეკლავი ზედაპირის მქონე სფეროსებრი ობიექტია ასახული, რომელიც სამხედრო თვითმფრინავის გასწვრივ, ცაში გაჩნდა. კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც ღამის ხედვის კამერითაა გადაღებული, მწვანედ განათებული სამკუთხედები გამოჩნდა – ეს მოვლენა, პენტაგონის მაღალჩინოსნებმა დრონებს დაუკავშირეს.

აღსანიშნავია, რომ საკონგრესო მოსმენაზე 2021 წლის მოხსენებაც გაიხსენეს, რომლის თანახმად, ამერიკის ხელისუფლებას ხელთ არ აქვს ფაქტები, რომლებიც უცხოპლანეტელების არსებობას დაადასტურებს. ამაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ არცერთ ამოუცნობ მფრინავ ობიექტსა და ამერიკელ პილოტებს ერთმანეთთან კომუნიკაციაში შესვლა არ უცდიათ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ამოუცნობი საჰაერო მოვლენების შესახებ ბოლო დროს არაერთი თეორია გავრცელდა – მათ ხშირად საავიაციო ნაგავს, ბუნებრივ ატმოსფერულ მოვლენებს, არამეგობრული ქვეყნების ტექნოლოგიას და გრიფით საიდუმლო ამერიკულ სამთავრობო ტექნოლოგიას უკავშირებენ. თუმცა, მონაცემთა სიმწირიდან გამომდინარე, ზუსტი დასკვნების გამოტანა შეუძლებელია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *