მეოცე საუკუნის ნიდერლანდელი მხატვრის, პიტ მონდრიანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „Composition No. II“ შესაძლოა ნოემბერში, Sotheby’s-ის აუქციონზე $50 მილიონზე ძვირად გაიყიდოს, რაც ფერმწერის ხელოვნების ნიმუშში გადახდილი რეკორდულად მაღალი თანხა იქნება, – ამის შესახებ თავად ბრიტანულ-ამერიკული სააუქციონო სახლი წერს. საინტერესოა, რომ ნამუშევრის აღნიშნული შეფასება ოცდახუთჯერ აღემატება იმ ფასს, რომელიც მის შესაძენად უკანასკნელად აუქციონზე გადაიხადეს, ორმოციოდე წლის წინ.
„Composition No. II“ პიტ მონდრიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტილოა, რომელიც ხელოვანმა 1930 წელს, პარიზში ცხოვრებისას შექმნა – აღნიშნულ ნამუშევარზე გამოსახული შავი ზოლები სწორედ ის ფერწერული ელემენტია, რომელმაც მხატვარს გლობალური აღიარება მოუტანა. ეს ტილო მონდრიანის მიერ იმ დროს შესრულებულ კვადრატულ ნამუშევართა ციკლს მიეკუთვნება – აღნიშნული კოლექციის უდიდესი ნაწილი მუზეუმებში ინახება, ასე რომ ბაზარზე მათი გამოჩენა ძალიან იშვიათი მოვლენაა.
პიტ მონდრიანის ეს ნამუშევარი აუქციონზე უკანასკნელად 1983 წელს გამოჩნდა, როცა ის იაპონელმა კოლექციონერმა $2.1 მილიონად შეიძინა. იმ დროს „Composition No. II“ აუქციონზე გაყიდულ ყველაზე ძვირად ღირებულ ფერწერულ ტილოდ მიიჩნეოდა, როგორც მონდრიანის, ასევე ზოგადად აბსტრაქციონიზმის მიმართულების ხელოვნების ნიმუშებს შორის. ცნობისთვის გეტყვით, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, აღნიშნული ნამუშევრის დღევანდელი ფასი $6.4 მილიონი იქნებოდა.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და, თავისთავად ცხადია, შეიცვალა არამხოლოდ სახელოვნებო ბაზრის დინამიკა, არამედ პიტ მონდრიანის ნამუშევართა ფასიც. ამასთანავე, დღეს, მონდრიანი ევროპული მოდერნიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს არტისტადაა მიჩნეული, რომელმაც საზოგადოებაში ხელოვნების, როგორც ცნების აღქმა სამუდამოდ შეცვალა.
როგორც მოგახსენეთ, მოსალოდნელია, რომ პიტ მონდრიანის აღნიშნული ნამუშევარი რეკორდულად მაღალ ფასად – $50 მილიონზე ძვირად გაიყიდება – ამ დრომდე, ნიდერლანდელი მხატვრის ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევრის ტიტულს „Composition No. III, with Red, Blue, Yellow, and Black“-ი ფლობდა, რომელიც 2015 წელს, $50.6 მილიონად გაიყიდა.