პონცის სქემები ტიპური ფინანსური თაღლითობაა, რომელიც ინვესტორებს უჩვეულოდ მაღალი შემოსავლის მიღებას ჰპირდება. სქემის ახალი წევრების მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი სქემის დამფუძნებელთათვის და უფრო ადრეული ინვესტორებისათვის ფულის გადასახდელად გამოიყენება. სქემის ფუნქციონირება მანამდე გრძელდება, ვიდრე ფულის ნაკადი არ შეწყდება.
სქემას იტალიელი ჩარლზ პონცის სახელი ჰქვია. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ის კლიენტების თანხის გაორმაგების გარანტიას 90 დღეში იძლეოდა. მას შემდეგ, პონცის სქემით არაერთი ორგანიზაცია მანიპულირებს.
90-იან წლებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პონცის სქემა არსებობდა, რომელთა ბრუნვაც 500 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა. მაგალითად, რუმინეთში ფუნქციონირებადი პონცის სქემის, Caritas-ის, ბრუნვა მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენდა. მისი მესვეურები სქემის ახალ წევრებს სამ თვეში 800%-იან მოგებას ჰპირდებოდნენ. თუმცა ორი წლის შემდეგ კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. როგორც გამოძიებით დადგინდა, ქვეყანაში არსებულის ფულის მესამედი სწორედ ამ სქემაში ბრუნავდა.
90-იან წლებში პონცის სქემები რუსეთშიც არსებობდა. ცნობილი თაღლითის, სერგეი მავროდის მიერ დაფუძნებული MMM-ის – ბრუნვა 10 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა, რაც რეკორდულად დიდი თანხაა.
საინტერესოა, რომ შეერთებულ შტატებში პონცის სქემამ 21-ე საუკუნეშიც შეაღწია და მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა. ყველაზე ცნობილი სკანდალი Madoff Investment-სა და მის დამფუძნებელს, ბერნი მედოფს ეხებოდა. თაღლითური სქემის ბრუნვამ მსოფლიოში რეკორდულ თანხას – 65 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. მისი მიზეზით კი ათასობით ამერიკელმა დაკარგა შემოსავლები. გარდა აღნიშნული სქემისა, ამერიკაში კიდევ არსებობდა რამდენიმე შედარებით მცირებრუნვიანი პონცის სქემა. Mutual Benefits Company-ს, Petters Group Worldwide-სა და Stanford Financial Group-ის ერთობლივი ბრუნვა დაახლოებით 12 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდებოდა.
ზემოთ აღნიშნული თაღლითური სქემები შესაბამისი უწყებების მიერ იქნენ გამოვლენილნი, თუმცა მათ მსხვერპლთა კომპენსაციის საკითხი დღემდე ვერ გვარდება. შეერთებულ შტატებში სქემა უკანონოდ ითვლება და სანქციაც უმკაცრესია. მაგალითისათვის, ზემოთ ნახსენებ ბერნი მედოფს150 წელი მიუსაჯეს ფედერალურ ციხეში. ხოლო შტატებს გარეთ კანონმდებლობა შედარებით ლმობიერია, რაც განაპირობებს იმას, რომ განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში ამგვარი სქემები დღემდე მოქმედებს.