„წარმატებას მაშინ მიაღწევ, როცა ყველა სირთულეს და მარცხს გადალახავ და მაინც გააგრძელებ წინსვლას“ – Deloitte–ის თანამშრომელი დავით ცირეკიძე

„წარმატებას მაშინ მიაღწევ, როცა ყველა სირთულეს და მარცხს გადალახავ და მაინც გააგრძელებ წინსვლას“ – Deloitte–ის თანამშრომელი დავით ცირეკიძე

2021 წელს Green Card–ის მოსაგებად 14 მილიონზე მეტი აპლიკაცია შეივსო. ეს მაჩვენებელი გასული წლების მონაცემებთან შედარებით, გაცილებით დაბალია, რადგან მონაწილეობის პირობები შეიცვალა და გამკაცრდა. წლების განმავლობაში მონაწილეებს შორის ბევრი ქართველიცაა, რომლებსაც ამერიკაში ცხოვრება და მუშაობა სურთ. დავით ცირეკიძეც მათ შორის იყო, ვისაც ამერიკაში წასვლა სურდა, თუმცა მან მიზნის მისაღწევად ასეთი მარტივი გზა არ აირჩია. დღეს ის პირველი ქართველია, რომელსაც სტენფორდის ეკონომიკის დოქტორის ხარისხი აქვს მინიჭებული. ამჟამად დავითი Deloitte–ში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. 2020 წელს მან მსოფლიოს ამ მოწინავე კომპანიაში მუშაობა კონსულტანტის პოზიციაზე დაიწყო, ერთი წლის თავდაუზოგავი შრომის შედეგად კი დაწინაურდა. Forbes Georgia–მ დავით ცირეკიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

დავით, ამჟამად Deloitte–ში საქმიანობთ, სადაც ერთი წლის შემდეგ დაწინაურებაც შეძელით. რა შედის თქვენს პასუხისმგებლობაში ამჟამად?

Deloitte-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, სადაც მუშაობის დაწყება ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობა იყო. Deloitte-ში მუშაობა 2020 წლის აპრილში დავიწყე. მაშინ ამერიკაში პანდემია მძვინვარებდა და, შესაბამისად, ოფისების უმრავლესობა დახურული იყო. ამიტომ Deloitte-ში ჩემი პირველი სამუშაო დღე ონლაინ იყო და ასე გრძელდება უკვე წელიწადზე მეტია. ეს დამატებითი სირთულე იყო, თუმცა აქ ძალიან მეგობრული და კოლეგიალური გარემოა, რაც სირთულეების გადალახვაში დამეხმარა.

მუშაობა დავიწყე უფროსი კონსულტანტის პოზიციაზე, საერთაშორისო გადასახადების მიმართულებით. ჩვენ მულტინაციონალურ კომპანიებს საგადასახადო მიმართულებით ამერიკისა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობასთან შესაფერისი დოკუმენტაციის მომზადებაში ვეხმარებით. ასევე ვეხმარებით, რომ საერთაშორისო გადასახადების მიმართულებით ოპტიმალურ შედეგებს მიაღწიონ.

Deloitte-ში საკმაოდ დატვირთული გრაფიკია და ბევრი მუშაობაა საჭირო, რომ არაერთ პროექტზე დაკისრებულ მოვალეობებს თავი გაართვა. თავდაუზოგავი შრომის შედეგად ერთ წელიწადში უფროსი კონსულტანტის პოზიციიდან დამაწინაურეს მენეჯერის პოზიციაზე,  რაც ძალიან იშვიათი შემთხვევაა.

ას გვეტყვით ამერიკულ კომპანიებზე, როგორც დამსაქმებლებზე? როგორია მათი თანამშრომლების მიმართ დამოკიდებულების პოლიტიკა?

ჩემი გამოცდილებით, ამერიკის წარმატებულ კომპანიებში მოხვედრა ძალიან რთულია. ისინი კლიენტებს უმაღლესი ხარისხის სერვისს აწვდიან და, შესაბამისად, თანამშრომლებისგან უმაღლესი ხარისხის შედეგებს და თავდაუზოგავ შრომას ითხოვენ. მეორე მხრივ, ამერიკული კომპანიები თანამშრომლებს ძალიან აფასებენ და მათ მიერ გაწეული შრომის მაქსიმალურად კომპენსირებას ცდილობენ. ჩემი გამოცდილებით, Deloitte-ი პანდემიის პირობებშიც კი ცდილობს, ხელი შეუწყოს თავის  თანამშრომლებს, რაც გულისხმობს კომპენსაციას, შვებულებასა თუ დაწინაურებას. კომპანიისგან ასეთი დამოკიდებულება მოტივაციას გაძლევს, შენი მაქსიმუმი გაიღო და საბოლოო ჯამში, ეს კომპანიის შედეგებზე დადებითად აისახება.

თქვენი გამოცდილება ქართველებისთვის მნიშვნელოვანი და სამაგალითოა. რას ურჩევთ ახალგაზრდებს, ვისაც ამერიკაში სწავლა და მუშაობა სურს?

ქართველ ახალგაზრდებს აღნიშნულის მიღწევა ნამდვილად შეუძლიათ, თუ მიზნის მისაღწევად თანამიმდევრულად იმოქმედებენ. პირველ რიგში, აუცილებელია მიზნის დასახვა. ზუსტად უნდა იცოდეთ, რისი მიღწევა გაქვს გადაწყვეტილი. შემდეგ ამ მიზნის მისაღწევად არსებული გზების მოძიებაა აუცილებელი. უნდა მოიძიოთ არსებული რესურსები, მათ შორის, სასწავლო პროგრამები, საზაფხულო დასაქმების პროგრამები და ა.შ. შესაძლოა, ეს პროგრამები საბოლოო თვითმიზანი არ იყოს, მაგრამ ისინი გზას უფრო დიდი მიზნებისთვის გაგიხსნიან. ამ პროცესში აუცილებელია, რომ მომთმენი იყოთ და შედეგებს უმალ არ ელოდოთ. წარმატება მხოლოდ მაშინ მოდის, როცა ყველა სირთულეს და მარცხს გადალახავ და მაინც გააგრძელებ წინსვლას.

თავად თქვენთვის ამერიკაში მოხვედრა ბავშვობის ოცნება იყო?

მაღალი შედეგებისა და მიზნებისკენ სწრაფვა ბავშვობიდან მომყვება. სკოლის ასაკშივე დავიწყე მათემატიკურ ოლიმპიადებში მონაწილეობა. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მათემატიკის ფაკულტეტზე გავაგრძელე. ჯერ კიდევ ბაკალავრიატში სწავლისას დავინტერესდი სამეცნიერო მუშაობით, რისკენაც მამამ და ჩემმა პროფესორებმა მიბიძგეს. ბაკალავრიატის დასრულებისას სამეცნიერო ნაშრომები უცხოურ მათემატიკურ ჟურნალებში უკვე გამოქვეყნებული მქონდა.

ამ დროისთვის ჩემი კარიერა წარმატებულად ვითარდებოდა, მაგრამ მქონდა განცდა, რომ უფრო დიდი არეალი მჭირდებოდა. ჩემი ამოცანა იყო, არა მარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონის წარმატებისთვის მიმეღწია. ასე რომ, გადავწყვიტე, თავი გამომეცადა მსოფლიოს ყველაზე მაღალი დონის, ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტში. თუმცა არ ვიცოდი, ეს როგორ გამეკეთებინა.

ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად წახვედით და გახდით პირველი ქართველი, რომელსაც სტენფორდის ეკონომიკის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. როგორი იყო გზა სტენფორდში მოსახვედრად და გაამართლა თუ არა მან თქვენი იმედები?

ამერიკის ტოპ-უნივერსიტეტებში მოსახვედრად საერთაშორისოდ აღიარებული პროფესორების რეკომენდაციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ასეთი მეცნიერები ასწავლიან თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET), სადაც სამაგისტრო პროგრამაზე გავაგრძელე სწავლა. ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტი ვიყავი. შესაბამისად, ჩემმა ლექტორებმა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში რეკომენდაციის ძალიან კარგი წერილები გაგზავნეს. შედეგად რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში მიმიღეს და მე ავარჩიე საუკეთესო – სტენფორდის უნივერსიტეტი.

ძლიერ პროფესორებთან შეხება ISET–ში სწავლის დროსაც მქონდა, თუმცა  სტენფორდში ეკონომიკას ნობელის პრემიის ლაურეატები მასწავლიდნენ.  დოქტორანტები ამერიკისა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები არიან. ასე რომ, ძალიან კონკურენტული, თუმცა მეგობრული გარემო დამხვდა. ასეთ კონკურენციაში თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია. დისერტაციის წარმატებით დაცვისთვის ბევრს ვმუშაობდი სადოქტორო პროგრამის განმავლობაში, რაც ექვს წელს გრძელდებოდა. ამ პერიოდში საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმებების მიმართულებით დავინტერესდი. ჩემი ხელმძღვანელი, სტენფორდის პროფესორი, კაილ ბაგველი, ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომისტია მსოფლიოში. ძალიან გამიმართლა, რომ ის მხარს მიჭერდა და სამეცნიერო რჩევებს მაძლევდა.

სწავლის ბოლო წელს ამერიკის სხვადასხვა უნივერსიტეტსა თუ კერძო კომპანიაში აპლიკაციების გაგზავნა დავიწყე. ეს საკმაოდ ცენტრალიზებული სისტემაა, რა დროსაც დაინტერესებული დამსაქმებლები ყოველწლიურად ხვდებიან დამამთავრებელი კურსის დოქტორანტებს. 2017 წელს ამ შეხვედრებს ჩიკაგოში დავესწარი. იქ რამდენიმე შეხვედრისა და დამატებითი ინტერვიუების გავლის შემდგომ მუშაობა ვაშინგტონში, ეკონომიკურ საკონსულტაციო კომპანია Edgeworth Economics-ში დავიწყე, სადაც სამი წელი ვიმუშავე. შემდეგ კი უკვე კარიერა Deloitte-ში გავაგრძელე.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? უკავშირდება თუ არა ისინი საქართველოს?

ჩემი მიზანია, კარიერული წინსვლა Deloitte-ში გავაგრძელო. ძალიან საინტერესო მიმართულებით ვმუშაობ, სადაც მუდმივად სიახლეები და ახალი გამოწვევებია. Deloitte-ი უზარმაზარი კომპანიაა და კარიერული წინსვლის დიდ შესაძლებლობებს იძლევა. მინდა, ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო.

როგორც ყველა ქართველს, მეც ძალიან მინდა, რომ საქართველოში დავბრუნდე და ჩემი საქმიანობა სამშობლოსთან იყოს დაკავშირებული. თუმცა ჯერჯერობით არ მაქვს ამის  საშუალება. ვიმედოვნებ, საქართველოსთან მალე უფრო მჭიდრო კავშირი მექნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *