მსოფლიოში ორად ორი ადამიანია, ვისი იდეებიც უნდა ისწავლებოდეს ბიზნესადმინისტრირების ნებისმიერ სამაგისტრო კურსზე – მაიკლ პორტერი და ჰენრი მინცბერგი. ჯერ კიდევ 25 წლის წინ, როდესაც სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ვსწავლობდი, ეს ორი პროფესორი უკვე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა აკადემიურ წრეებში. მათი წარმატება, მეცნიერული იდეების გარდა, ნათელმა და სხარტმა გადმოცემის უნარმა განაპირობა.
ორივე მეცნიერმა დიდი გავლენა მოახდინა სტრატეგიის სწავლებაზე (საგანზე, რომელიც ჟურნალ Forbes-ის მკითხველებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა), თუმცა მათი მიდგომები რადიკალურად განსხვავებულია.
პორტერი წინასწარ განსაზღვრული, ფრთხილი სტრატეგიისკენ უფრო იხრება, ხოლო მინცბერგი კონკრეტულ ვითარებაზე დაყრდნობით გამოავლენს სამოქმედო სტრატეგიას. ორივე მიდგომა აქტუალურია და დღემდე ისწავლება. სულ რაღაც ორი კვირის წინ ჩავატარე ლექციების სერია პორტერის სამი საბაზისო სტრატეგიისა და მისი ხუთი მამოძრავებელი ძალის მოდელის შესახებ მაკ-გილის უნივერსიტეტში. და მაინც, რომელი მიდგომა უფრო სასარგებლოა დღეს – პორტერის თუ მინცბერგის?
„გათვლილი სტრატეგიის” არსი კარგად გავითავისე – ჯერ IBM-ში, კორპორაციული მენეჯერის თანამდებობაზე, შემდეგ კი ოქსფორდსა და ლონდონის ბიზნესსკოლაში, უფროს მასწავლებლად მუშაობის პერიოდში. შესანიშნავი გამოცდილება მივიღე. სტრატეგიული დაგეგმარების სემინარებს ქალაქგარეთ, მშვენიერ სასტუმროებში ვმართავდით, სადაც სიღრმისეულად განვიხილავდით ხუთ მამოძრავებელ ძალას ჩვენს კონკრეტულ საქმიანობებში და ვფანტაზიორობდით, რას შევცვლიდით, ჯადოსნური ჯოხი რომ გვქონოდა.
პორტერის ეს მიდგომა შესანიშნავად მუშაობდა 80-იანი წლების მიწურულს და 90-იანების დასაწყისში. ახლაც, რომ ვიხსენებ, ვხვდები, რა შესანიშნავი დრო იყო. მაშინ შეგეძლო წარსულისა და აწმყოს საფუძველზე დაგეგეგმა მომავალი. დღეს კი მსოფლიო აბსოლუტურად შეიცვალა. ჩვენს დროში ამ ტიპის სტრატეგიის ფართო მასშტაბით გამოყენება არარეალურია.
პორტერის „გათვლილ სტრატეგიას” ეწინააღმდეგება მინცბერგის მიდგომა. მინცბერგი ფიქრობს, რომ სტრატეგია დროთა განმავლობაში გამოაშკარავდება, გეგმების დაპირისპირებისა და რეალობასთან მათი მისადაგების პროცესში. მინცბერგის „გამოვლენილი სტრატეგია” კონკრეტული სიტუაციით განპირობებული მოქმედებების ან ქცევების ერთობლიობას წარმოადგენს – ახლად შეცნობილ მოდელს, რომელიც სტრატეგიული გეგმით გათვალისწინებული არ იყო. „გამოვლენილი სტრატეგიით” მოქმედება იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზაცია სწავლობს, თუ რა უფრო მუშაობს პრაქტიკაში. ჩემი აზრით, დღევანდელ სამყაროში „გამოვლენილი სტრატეგია” უპირატესია და ახლავე მოგახსენებთ, რატომ.
მეტი თვალსაჩინოებისთვის აქვე ვიტყვი, რომ მე და ჰენრი ერთად წარვმართავდით „ლიდერობის პროგრამების” კურსს მაკ-გილის უნივერსიტეტში, სადაც უკვე ათ წელზე მეტია ვმუშაობთ. ბევრჯერ, ფაქტობრივად, მე წარმიდგენია პორტერის იდეები სტრატეგიის შესახებ. ორი საათის შემდეგ ჰენრის ჯერი დგებოდა და იგი მაიკლისგან აბსოლუტურად განსხვავებულ იდეებს აფრქვევდა. ასეთი შეჯერებული მუშაობა დაახლოებით თერთმეტი წლის წინ დავიწყეთ და შემიძლია დარწმუნებით განვაცხადო, რომ ჰენრისთვის სულ უფრო და უფრო იოლი ხდებოდა ჩემი „დაძირვა”, განსაკუთებით კი – უკანასკნელ წლებში. აუდიტორიაში მსხდომი აღმასრულებელი მენეჯერებიც უფრო მეტად ჰენრის აზრს იზიარებდნენ.
როგორც ჩანს, ჩემი სტაბილური კორპორაციული კარიერა ისტორიას ჩაჰბარდა (ყოველ შემთხვევაში – მისი გარკვეული ნაწილი). ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მსოფლიო შეიშალა: იაპონია, the PIGS (პორტუგალიის, იტალიის, საბერძნეთის, ესპანეთის ეკონომიკის ჩამოშლა), 9/11, ქარიშხალი კატრინა, კორონავირუსი SARS (რესპირაციული დაავადება, რომელმაც ჰონკონგში პანდემიის სახე მიიღო), 2008-2009 წლების ფინანსური კოლაფსი, BP-ის ნავთობის დაღვრა და მრავალი სხვა კატასტროფა. როგორც Sunday New York Times-ის ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა: „რაღაც მომენტში გედებიც კი გაშავდნენ”. ამას პასუხიც მოჰყვა. ჩემმა მეგობარმა, Alcan-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა დიკ ევანსმა მითხრა, რომ ჩემი მეხსიერებაც გარკვეულწილად შერჩევითია, რადგან სტაბილურობის შეგრძნების გაქრობა მხოლოდ ბოლო პერიოდის თავისებურება არაა. მან გაიხსენა აფრიკაში მუშაობის დროს მომხდარი სამი სახელმწიფო გადატრიალება, შტატებში დაბრუნებულს კი ძველი ობლიგაციების გარშემო აგორებული სკანდალი და თავდაყირა დაყენებული მრეწველობა დახვდა; გაიხსენა რკინის ფარდის ჩამოშლა, საკუთარ ტყავზე გამოცდილი ლომა პრიტას მიწისძვრა. „ეს ყოველივე მეც გედების გაშავებად მეჩვენებოდა მაშინ!” – მითხრა დიკმა და ეს სინამდვილესთან ახლოს იყო. ვფიქრობ, ბოლო ათწლეულში, „გამოვლენილმა სტრატეგიამ” „გათვლილი სტრატეგია” ჩაანაცვლა, რადგან დაგეგმარების სკოლამ თავისი სტატუსი და საზოგადოების ნდობა დაკარგა. ამის მიზეზი ისაა, რომ, როგორც უნდა ვეცადოთ, ჩვენ აღარ შეგვიძლია გავშიფროთ ცვლადები, რომელთა ჯამსაც უნდა მივაბათ ჩვენი ბიზნესგადაწყვეტილება. ამგვარად, მინცბერგის სტრატეგია უფრო გამოსადეგია.
პორტერის იდეები ჯერაც აქტუალურია, მე და ჩემი კოლეგები ისევ ვასწავლით ამ თეორიას და, შესაბამისად, ჯერაც გვწამს მისი. ვიცნობ მრავალი კორპორაციის აღმასრულებელ მენეჯერებს, რომლებიც, გარკვეული დოზით, დღემდე იყენებენ პორტერის სტრატეგიას, თუმცა მენეჯერები იმასაც აღიარებენ, რომ დღევანდელ ცვალებად სამყაროში ჰენრის იდეები უფრო ადეკვატურია, რადგან ფაქტების წინასწარ განჭვრეტა თითქმის შეუძლებელია. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, რომ დაგეგმარება აღარ არის საჭირო, უბრალოდ, გრძელვადიანი ტექნოლოგიური გათვლები, მაგალითად, ხუთი ან თუნდაც ორი წლით ადრე, ფანტაზია უფროა, ვიდრე გეგმა. მინცბერგის სტრატეგია მეტად მოქნილია. მოქნილი სტრატეგია – სწორედ ამისკენ ისწრაფის კომპანიების უმეტესობა. უმრავლესობამ, თუმცა არა ყველამ, გააცნობიერა, რომ ინდუსტრია აღარ არის ისეთი გამჭვირვალე და პროგნოზირებადი, როგორიც ადრე. ამიტომ პროცესების გაანალიზება რთულია. მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი აზრით, ჰენრის იდეებმა უკან მოიტოვეს მაიკლის იდეები, მაინც დიდი გულისყურით ვუსმენ პორტერის მოსაზრებებს. ამას წინათ ინტერვიუ ავიღე მისგან კანადის ყოველკვირეული ნაციონალური გაზეთისთვის Globe and Mail და მისი ახალი იდეების თანამედროვეობაში დავრწმუნდი. საინტერესოა, რომ ორივე მეცნიერმა ჯერ კიდევ რვა-ათი წლის წინ მიაპყრო ყურადღება ჯანდაცვის საკითხებს. ისინი აქაც განსხვავებული მიდგომით გამოირჩევიან. როგორც მოგეხსენებათ, პორტერი აშშ-ში ცხოვრობს, ხოლო მინცბერგი – კანადაში, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული ჯანდაცვის სისტემა მოქმედებს. როცა საკითხს ჩავუღრმავდი, გავაცნობიერე მისი მნიშვნელობა. მეორე საკითხი, რომელზეც პორტერი მუშაობს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობაა, რაც ამერიკელების კორპორაციული ქცევის ფუნდამენტურ ცვლილებებს მოითხოვს. ამავე დროს ჰენრი მუშაობს წიგნზე „საზოგადოების რებალანსირება… რადიკალური განახლება სმიტისა და მარქსის შემდეგ”. ამიტომ, როდესაც სტრატეგიაზე ვსაუბრობთ, ვფიქრობ, ჰენრის იდეები უფრო მრავლისმომცველია. საბოლოო ჯამში კი მიმაჩნია, რომ ორივე ერთი და იმავე საკითხის გარშემო იღვწის, უბრალოდ, სხვადასხვა გზით მიიწევენ საწადელისკენ.