პორტუგალიის ხელისუფლებამ ატლანტის ოკეანეში მოცურავე 24 მეტრი სიგრძის მქონე იახტიდან 5.2 ტონა კოკაინი ამოიღო, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 232 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მთვარობის წარმომადგენლების განცხადებით, ამდენი ნარკოტიკისთვის ერთდროულად ქვეყანაში გასული 15 წლის განმავლობაში არ მიუგნიათ. მათივე ცნობით, მსგავსი ფაქტი ბოლო წლებში არც ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოში დაფიქსირებულა.
პორტუგალიის სანაპიროსთან მოცურავე იახტა ალყაში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მოაქციეს. მათ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და საჰაერო ძალების დახმარებით იქ 183 შეკვრა კოკაინი აღმოაჩინეს. ოპერაციაში, რომელსაც “თეთრი მოქცევა” უწოდეს, ასევე მონაწილეობას იღებდა ესპანეთის პოლიცია, ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკის წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია და დიდი ბრიტანეთის კრიმინალთან ბრძოლის ეროვნული სააგენტო.
ოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა სამი მამაკაცი დააკავეს. პორტუგალიის ხელისუფლების წარმომადგენლების ვარაუდით, ისინი ნარკომოვაჭრეთა მსხვილი ქსელის წარმომადგენლები არიან, რომელსაც ლათინური ამერიკიდან ევროპაში კოკაინი იბერიის, იმავე პირენეის ნახევარკუნძულის გავლით შემოაქვს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი დაკავებული პერუელია, მეორე კი – ესპანელი.