პრემია „საბას“ მეცხრამეტე დაჯილდოება 23 დეკემბერს გაიმართება

პრემია „საბას“ მეცხრამეტე დაჯილდოება 23 დეკემბერს გაიმართება

23 დეკემბერს, 23:00 საათზე, ფორმულას პირდაპირ ეთერში, ასევე საბას, თიბისის, არაერთი გამომცემლობისა და პორტალის FACEBOOK გვერდებზე ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს.

წელს განსაკუთრებული სიახლეა – ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ დააწესა, ხოლო გამარჯვებულს ჯილდოს გადასცემენ  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

როგორც ცნობილია, ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ წელს 260 კონკურსანტი მონაწილეობდა, ზაფხულში „საბას“ ჟიურიმ 43 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებს გადაეცემათ „საბას“ პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები.

საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური შემდეგ 9 ნომინაციაში გამოავლენს:

  • საუკეთესო რომანი
  • საუკეთესო პოეტური კრებული
  • საუკეთესო პროზაული კრებული
  • საუკეთესო პიესა
  • საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  • ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

ფინალისტი წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულია „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge.

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა – პრემია „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *