პრინცმა ჩარლზმა ტელეწამყვანი დევიდ ატენბორო რაინდის ჯვრით დააჯილდოვა

პრინცმა ჩარლზმა ტელეწამყვანი დევიდ ატენბორო რაინდის ჯვრით დააჯილდოვა

უელსის პრინცმა ჩარლზმა ტელეწამყვანი დევიდ ატენბორო ტელევიზიის, მაუწყებლობისა და ბუნების კონსერვაციისთვის გაწეული შრომისთვის პრესტიჟული სამეფო ჯილდოთი, წმ. მიქაელისა და წმ. გიორგის ორდენის რაინდის ჯვრით დააჯილდოვა, – აღნიშნული ჯილდო ატენბორომ უშუალოდ უელსის პრინცისგან მიიღო, უინძორის სასახლეში გამართულ მიღებაზე.

საინტერესოა, რომ დევიდ ატენბოროსთვის ამ პრესტიჟული ჯილდოს გადაცემას წინ უსწრებდა ტელეწამყვანის უახლესი ფილმების, The Green Planet-ისა და A Plastic Ocean-ის ჩვენებები, რომლებიც გასულ კვირას, ბუკინგემის სასახლის გარეთ გაიმართა, დედოფალ ელისაბედ მეორეს აღსაყდრების პლატინის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ატენბოროს უახლესი ფილმების ნაწყვეტები ბუკინგემის სასახლეზე მაშინ გამოისახა, როცა კემბრიჯის ჰერცოგი, პრინცი უილიამი ბუნების დამცველების შესახებ საუბრობდა. შეგახსენებთ, რომ რაინდის წოდება დევიდ ატენბორომ ჯერ კიდევ 1985 წელს, უშუალოდ დედოფლისგან მიიღო.

არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დევიდ ატენბორო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნების დამცველია მსოფლიოში – მის ფილმებს მილიონობით ადამიანი უყურებს. ამასთანავე, მისი შემოქმედების აღიარება არც საერთაშორისო ორგანიზაციებს ავიწყდებათ – ამა წლის აპრილში გაეროს გარემოს დაცვის პროგრამამ ატენბორო დედამიწის ჩემპიონად გამოაცხადა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ უინძორის სასახლეში გამართულ მიღებაზე, დევიდ ატენბოროს გარდა Snow Patrol-ის სოლისტი, გერი ლაითბოდი და მსახიობი ტობი ჯოუნსი დაჯილდოვდნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *