პრორუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ იაპონიას კიბერომი გამოუცხადა

პრორუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ იაპონიას კიბერომი გამოუცხადა

იაპონიაში კიბერთავდასხმები რამდენიმე დღეა გრძელდება. ამჯერად ჰაკერების სამიზნე ტოკიოსა და ოსაკის მეტროს ვებგვერდები გახდა. აზიის სახელმწიფოში განხორციელებულ კიბერშეტევებზე, სოციალური ქსელის საშუალებით, პასუხისმგებლობა პრორუსულმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Killnet-მა უკვე აიღო.

მეტროების ვებგვერდებზე კიბერთავდასხმები მას შემდგომ განხორციელდა, რაც Killnet-მა განაცხადა, რომ იაპონიის მთავრობის ვებგვერდების დაჰაკვის უკან სწორედ ეს დაჯგუფება იდგა. ოთხშაბათს, დაახლოებით 18:30 საათზე, Killnet-მა აპლიკაცია Telegram-ის საშუალებით ე.წ. „იაპონიის ანტირუსულ კამპანიას“ ომი გამოუცხადა, რის შემდგომაც მცირე დროში, ტოკიოს მეტროს ქსელის შეჩერებაც დააანონსა.

პრორუსული დაჯგუფების მიერ განხორციელებული ბოლო კიბერთავდასხმა, შესაძლოა, DdoS-ის ტიპის შეტევით იყოს გამოწვეული. DdoS-ის ტიპის შეტევისას ჰაკერები, მოკლე პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე წყაროდან მონაცემთა ნაკადის გაგზავნით ქსელის ინფორმაციით გადატვირთვას ცდილობენ. სავარაუდოდ, სამთავრობო ვებგვერდებზეც მსგავსი სახის შეტევა განხორციელდა, რის შედეგადაც სერვისებზე წვდომა შეიზღუდა. Killnet-მა სამშაბათს გამოქვეყნებული პოსტით თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო და განაცხადა, რომ „აჯანყდა იაპონიის მილიტარიზმის წინააღმდეგ და ებრძოდა სამურაებს“.

ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე, მინისტრთა კაბინეტის მდივნის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, კიბერშეტევების შედეგად წვდომა 23 ვებსაიტზე შეფერხდა. ამჟამად, ვებგვერდები კვლავ ფუნქციონირებს და მონაცემთა გაჟონვა არ დადასტურებულა. იაპონელები შეფერხების მიზეზების, მათ შორის თავდასხმის Killnet-ის დაჯგუფებასთან კავშირის დადგენაზე კვლავ მუშაობენ.

მიიჩნევა, რომ სწორედ Killnet-ი იდგა კიბერთავდასხმების უკან, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების საიტებზე რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდგომ განხორციელდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.