ქალები, რომლებმაც შეცვალეს და ცვლიან ტექნოლოგიურ სამყაროს

ქალები, რომლებმაც შეცვალეს და ცვლიან ტექნოლოგიურ სამყაროს

წარსულშიც და ახლაც, ტექნოლოგიური სფეროს ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლებად ყოველთვის მამაკაცები მიიჩნევიან. შედეგად, ქალების წვლილი ტექსამყაროს ცვლილებასა და ტრანსფორმაციაში შეუმჩნეველი რჩება მაშინაც კი, როდესაც სწორედ ქალები დგანან ისეთი ინოვაციების უკან, რომელმაც ხელი ინტერნეტის, WiFi-ისა და GUI-ის გამოგონებას შეუწყო. მიუხედავად ამისა, დღესაც, ქალები STEM-ის სამუშაო ძალის მხოლოდ 29%-ს შეადგენენ (გლობალური გენდერული განსხვავებულობის 2023 წლის ანგარიში), თუმცა, კვლავ განაგრძობენ მათი პროფესიონალიზმის დამტკიცებას და ტექნოლოგიურ გიგანტებში მაღალ პოზიციებსაც იკავებენ.

სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქალებს, რომელთაც ტექნოლოგიური სამყაროს ცვლილებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და მათაც, რომლებიც დღესაც წარმატებით განაგრძობენ ინდუსტრიის ტრანსფორმაციას:

ადა ლავლეისი: მსოფლიოს პირველი კომპიუტერული პროგრამისტი

პირველ პროგრამისტ ქალად აღიარებული ადა ლავლეისი 1815 წელს ლონდონში დაიბადა. განსაკუთრებული ინტერესით ლავლეისი მანქანების მექანიზმების მიმართ გამოირჩეოდა, რამაც განაპირობა მისი შემდგომი სამუშაო გამოცდილებაც ჩარლზ ბაბიჯთან. ბაბიჯი პირველი „ანალიტიკური მექანიზმის“ გამომგონებელია – მოწყობილობის, რომელიც რეალურად არასდროს შექმნილა, თუმცა, თანამედროვე კომპიუტერის ელემენტებს შეიცავდა.

ლავლეისს ხშირად „მსოფლიოში პირველ კომპიუტერულ პროგრამისტადაც“ მოიხსენიებენ. მისი ჩანაწერები „ანალიტიკური მექანიზმის“ შესახებ, 1940-იან წლებში, ალან ტურინგმა პირველ თანამედროვე კომპიუტერზე მუშაობისას, შთაგონებისთვის გამოიყენა. ოქტომბრის ყოველი მეორე სამშაბათი, STEM-ში ქალთა მიღწევების აღსანიშნავად, ადა ლავლეისის დღედაა მიჩნეული.

გრეის ჰოპერი: კომპიუტერული მეცნიერი

ტექნოლოგიურ სამყაროში ფართოდ ცნობილი და აღიარებული გრეის ჰოპერი კომპიუტერული მეცნიერი და ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი იყო, რომელიც Harvard Mark I-ის შექმნაზე მუშაობდა. აღსანიშნავია მისი წვლილი ადრეული პროგრამირების ენის, COBOL-ის განვითარებაშიც. ჰოპერმა 1947 წელს პირველი კომპიუტერული ბაგიც გამოავლინა.

ჰედი ლამარი: WiFi-ის ტექნოლოგიის ფუძემდებელი

კინომსახიობი ჰედი ლამარი თვითნასწავლი გამომგონებელიც იყო, რომელმაც 1942 წელს, „საიდუმლო კომუნიკაციის სისტემების“ პატენტის შექმნისთვის ჯილდოც კი მიიღო. თავდაპირველად სისტემა, ომის პერიოდში, რადიომართვადი ტორპედოების კურსის შესაცვლელად განვითარდა, თუმცა საბოლოოდ, WiFi-ის, GPS-ისა და Bluetooth-ის შექმნისთვის მაგალითად იქცა.

ენი ისლი: NASA-ს სარაკეტო მეცნიერი

ენი ესლი NASA-ს სარაკეტო მეცნიერი იყო, რომელიც პარალელურად, STEM-ში არსებულ გენდერულ და რასობრივ მრავალფეროვნებას იკვლევდა. თავდაპირველად ის ოთხ აფროამერიკელ დასაქმებულს შორის მოხვდა, 34 წლის შემდეგ კი, კომპიუტერული მეცნიერის როლში არაერთ პროგრამაზე მუშაობდა. ენიმ ბევრი შთააგონა მისი ენთუზიაზმით და თანაბარი დასაქმების მიმართულებით არსებული ბარიერებიც დაარღვია. NASA-ში ყოფნისას, ესლის მუშაობამ „კენტავრის“ რაკეტის პროექტს ჩაუყარა საფუძველი.

მერი უილკესი: პირველი ადამიანი, რომელიც კომპიუტერს სახლში იყენებდა

უილკესი ყოფილი კომპიუტერული პროგრამისტია, რომელიც ცნობილი ინტერაქტიური პერსონალური კომპიუტერის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული სისტემა LINC-ისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით გახდა. LINC-ის გამოყენებამ უილეკსი, სახლში, პერსონალური კომპიუტერის პირველ მომხმარებლადაც აქცია.

ადელ გოლდბერგი: შთაგონება GUI-სთვის

ადელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პროგრამირების ენის Smalltalk-80-ის შემუშავებაში, რომელმაც Apple-ის პირველი კომპიუტერი შთააგონა. კონცეფციები, რომლებიც ადელმა და მისმა გუნდმა შეიმუშავეს, გრაფიკული სამომხმარებლო ინტერფეისის (GUI) საფუძვლად იქცა.

რადია პერლმანი: „ინტერნეტის დედა“

ზედმეტსახელი „ინტერნეტის დედა“ რადია პერლმანს ეკუთვნის. პელმანის მიერ შემუშავებულმა Spanning Tree Protocol-ის (STP) ალგორითმმა, დღევანდელი სახით არსებული ინტერნეტის შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. პელმანის ნამუშევრებმა დიდი გავლენა მოახდინა ქსელების თვითორგანიზებასა და მონაცემების გადაადგილებაზე, ასევე ინტერნეტ ტრაფიკის ძირითადი წესების დანერგვაზეც.

კეტრინ ჯონსონი: NASA-ს მათემატიკოსი

NASA-სთვის შექმნილი კეტრინის ტრაექტორიის ანალიზმა, აშშ-ში პირველი კოსმოსური ფრენის წარმატებისთვის, გადამწყვეტი როლი ითამაშა. ჯონსონის კომპლექსური გამოთვლები გამოიყენებოდა მომავალ კოსმოსურ მისიებშიც, მათ შორის ჯონ გლენისთვის – პირველი ამერიკელი კოსმონავტი, რომელმაც დედამიწას შემოუარა.

კარენ სპარკ-ჯონსი: პიონერი ინფორმაციულ მეცნიერებაში

ინფორმაციული მეცნიერების პიონერმა Inverse Document Frequency (IDF) შეიმუშავა – ფაქტორი დოკუმენტში სიტყვის მნიშვნელობის შესაფასებლად. ამჟამად, IDF-ი ვებ-საძიებო სისტემებში, საძიებო მოთხოვნასთან დოკუმენტის შესაბამისობის შესაფასებლად გამოიყენება.

ელიზაბეტ ფეინლერი: თავდაპირველი საძიებო სისტემის ავტორი

1972-1989 წლებში, ელიზაბეტი კალიფორნიაში, Network Information Center-ს მართავდა, რომელსაც „პრეისტორიულ Google-ადაც“ კი მოიხსენიებენ ხოლმე. ფეინლერის ჯგუფმა შეიმუშავა დომენების სახელების სქემაც, მათ შორის – .com, .edu, .gov, .net – რომლებიც დღეს ყველაზე დიდი სიხშირით გამოიყენება.

ტექნოლოგიური სამყაროს ტრანსფორმაციას ქალები დღესაც განაგრძობენ. ბევრი მათგანი მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მაღალ პოზიციებსაც იკავებს. მათ შორისაა მირან მურატი, OpenAI-ის ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი, რომელიც, ხელოვნური ინტელექტის სწრაფ ევოლუციაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. OpenAI-ის ინოვაციურ პროდუქტებს შორისაა ChatGPT-ი და Dall-E.

თანამედროვე ტექნოლოგიური ინდუსტრიის კიდევ ერთი გამოკვეთილი წარმომადგენელი Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი საფრა კატზია. კატზი Oracle-ს გუნდს, უფროსი ვიცე პრეზიდენტის როლში 1999 წელს შეუერთდა. 2001 წელს საბჭოს წევრად, ხოლო 2004 წელს პრეზიდენტად დაინიშნა. კატზის მმართველობისას Oracle-მა 130-ზე მეტი შესყიდვა განახორციელა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი პირდაპირი კონკურენტის, PeopleSoft-ის შესყიდვა იყო.

გვენ შატუელი SpaceX-ის COO და პრეზიდენტია. შატუელი MLV-კლასის სატელიტური პროგრამის მთავარ ინჟინრად მუშაობდა, სადაც მან, ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციისა და NASA-სთვის კოსმოსის კომერციული კვლევის პოლიტიკა შეიმუშავა. კოსმოსის ძიებისადმი მისმა ინტერესმა 2002 წელს შატუელი SpaceX-ისთვის საუკეთესო კანდიდატად აქცია. კომპანიის რიგით მე-11 თანამშრომელი ბიზნესის განვითარების ვიცე პრეზიდენტად, შემდგომში კი უკვე კომპანიის პრეზიდენტად COO-დ დაინიშნა.

ორგანიზაცია Girls Who Code-ის დამფუძნებელია რეშმა საუჯანი. ორგანიზაცია 2012 წელს, ტექნოლოგიურ სფეროში არსებულ გენდერულ უთანასწორობასთან საბრძოლველად დაარსდა. Girls Who Code-ი დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სასწავლო პროგრამებს, სკოლის შემდგომ კლუბებს, ონლაინ რესურსებს და ა.შ. დღეისათვის ორგანიზაცია 450,000-ზე მეტ გოგონას ემსახურება, მათი უმრავლესობა შავკანიანი ან დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახიდანაა.

კიმბერლი ბრაიანტი კი, Black Girls Code-ის დამფუძნებელია. ათწლეულზე მეტხანს მუშაობდა რამდენიმე ფარმაცევტულ და ბიოტექნოლოგიურ კომპანიაში, მათ შორის Novartis-ისა და Merck-ში. Black Girls Code-ი, რომელიც 7-დან 17 წლამდე ფერადკანიან გოგოებს STEM-ის საგნებს შეასწავლის, ბრაიანტმა 2011 წელს დააარსა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *