ქალს, რომელმაც ტრამპს რიცინის შხამი გაუგზავნა, 22 წლამდე პატიმრობა მიესაჯა

ქალს, რომელმაც ტრამპს რიცინის შხამი გაუგზავნა, 22 წლამდე პატიმრობა მიესაჯა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ქალს, რომელმაც დონალდ ტრამპს, თეთრ სახლში, რიცინის შემცველი მუქარის წერილები გაუგზავნა, 22 წლამდე (262 თვით) თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. შემთხვევა 2020 წელს მოხდა.

დამნაშავე 56 წლის პასკალ სესილ ვერონიკ ფერიერია, რომელიც კანადისა და საფრანგეთის ორმაგ მოქალაქეობას ფლობს. ფერიერი, რომელიც წერილების გამოქვეყნებიდან ორ დღეში დააკავეს, ბიოლოგიური იარაღის შესახებ კანონის დარღვევას აღიარებს. ცნობისთვის, ტრამპის გარდა, რიცინით მოწამლული წერილები ტეხასის სამართლებრივი ორგანოს რვა წარმომადგენელსაც გაეგზავნა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გაგზავნილი მოწამლული წერილები, აშშ-ის საფოსტო სამსახურის თანამშრომლებმა თეთრი სახლის ფოსტების დახარისხების ობიექტში აღმოაჩინეს, საეჭვოდ მიიჩნიეს და FBI-ის გადასცეს. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, რიცინის შემცველი წერილები გაუგზავნეს პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ნიუ-იორკის მაშინდელ მერს, მაიკლ ბლუმბერგსაც.

ფერიერის განცხადებით, მან რიცინი საკუთარ სახლში, კანადაში დაამზადა. თეთრ სახლში გაგზავნილ წერილებში, ფერიერი ტრამპს “მახინჯ ტირან კლოუნად” მოიხსენიებდა და იმ შემთხვევაში, თუ ეს მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებდა, განმეორებითი ქმედებებითაც ემუქრებოდა. გარდა ამისა, ბრალდებული ტრამპისგან არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნასაც ითხოვდა.

როგორც ფერიერი მიიჩვევს, ის “აქტივისტია” და არა “ტერორისტი”. ბრალდებული საკუთარ თავს “მშვიდობიან და კეთილ ადამიანს” უწოდებს და აცხადებს, რომ მისი აღშფოთება არსებულმა უსამართლობამ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ და “სულელურმა წესებმა” გამოიწვია.