ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია

ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია

„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აცხადებენ საჯარო აუქციონს შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ 100%–იანი წილის გაყიდვის მიზნით.

„ქართლის ქარის ელექტროსადგური“ წარმოადგენს საქართველოში განხორციელებულ, ქარის პირველი ელექტროსადგურის პროექტს, რომლის წლიური საპროგნოზო გამომუშავებული ენერგია 84 100 000 მლნ კვტ/სთ–ია. ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს შევიდა. 2016 წლის 10 ნოემბრიდან „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ საცდელი გაშვების რეჟიმში დარეგისტრირდა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ, ხოლო 2017 წლის 27 იანვრიდან, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორთან“ დარეგისტრირდა როგორც კვალიფიციური საწარმო აღრიცხვიანობის ერთიან რეესტრში.

ჯამში 11 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე განთავსებული, 20.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის „ქართლის ქარის ელექტროსადგური“, მოიცავს 3.45 მგვტ. სიმძლავრის 6 ტურბინას, პლატფორმებს, ფუნდამენტებს, სიმძლავრის მიწისქვეშა გადამცემ ხაზს, მიწისქვეშა ოპტიკურ კაბელს, საოფისე შენობას და სხვა მოძრავ ქონებას.

აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტაცია 31 ოქტომბრამდე უნდა წარადგინონ.

დაინტერესებულმა პირებს მოეთხოვებათ 1.5 მილიონი ლარის საბანკო გარანტია. აუქციონი 15 ნოემბერს ჩატარდება.

წილის საწყისი ღირებულება კი 14 250 000 მილიონი დოლარის ექვივალენტია ლარში.

აუქციონზე გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ზეპირი ვაჭრობის შედეგად შეთავაზებული უმაღლესი ფასის გათვალისწინებით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *