ქართველმა მომხმარებლებმა კრიპტოაქტივები გაასმაგებული ღირებულებით გაყიდეს – Coinbase-ის პასუხი

ქართველმა მომხმარებლებმა კრიპტოაქტივები გაასმაგებული ღირებულებით გაყიდეს – Coinbase-ის პასუხი

30 აგვისტოს, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კრიპტობირჟაზე, ამერიკულ Coinbase-ზე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რომელმაც მომხმარებლებს საკუთარი კრიპტოაქტივების რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ასჯერ უფრო მაღალი შეფასებით გაყიდვის საშუალება მისცა. როგორც ირკვევა, მესამე პირის ბრალეულობით გამოწვეული ტექნიკური ხარვეზის გამო, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება კრიპტობირჟაზე 290 ლარად შეფასდა, როცა რეალურად, ერთი ამერიკული დოლარი 2.9 ლარი ღირდა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემდეგ, ქართული კრიპტოკომუნის რამდენიმე ასეულმა წევრმა საკუთარი კრიპტოაქტივები ბირჟიდან გაზრდილი ღირებულებით გამოიტანა –  მათმა ნაწილმა კი, თანხის განაღდებაც მოახერხა. თუმცა, Coinbase-იდან თანხის გამოტანის შემდეგ, იმ მომხმარებლების ანგარიშები, რომლებმაც ზემოხსენებული ტრანზაქციებისთვის ქართული ბანკების მიერ მოწოდებული სერვისები გამოიყენეს, ფინანსური ინსტიტუტებისგან შეტყობინება მიიღეს, მათი ანგარიშების გაყინვის თაობაზე. როგორც Forbes Georgia-სთვის ხდება ცნობილი, ქართულმა ბანკებმა მომხმარებელთა ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება თავად, Coinbase-ის მიმართვის გარეშე მიიღეს.

აღნიშნული საკითხის სენსიტიურობიდან გამომდინარე, Coinbase-თან დაკავშირება გადავწყვიტეთ. „მესამე მხარის ბრალეულობით გამოწვეული ტექნიკური ხარვეზის გამო, რომლის შედეგად არასწორად გამოისახა ქართული ლარის გაცვლითი კურსი, მომხმარებელთა ძალიან მცირე რაოდენობამ (მომხმარებელთა ჯამური რაოდენობის 0.001%-ზე ნაკლებმა) შეცდომით ივაჭრა და მცირე, არანივთიერი მოცულობის თანხების განაღდება მოახერხა. ხარვეზი აღმოჩენისთანავე გამოვასწორეთ და შეცდომით გატანილი თანხების დასაბრუნებლად ნაბიჯებს ვდგამთ“, – განაცხადა Coinbase-ის წარმომადგენელმა Forbes Georgia-სთან საუბრისას.

როგორც Coinbase-ის ვებგვერდიდან ვიგებთ, კრიპტობირჟას 130 მილიონზე მეტი ვერიფიცირებული მომხმარებელი ჰყავს. ამგვარად, ზემოხსენებული ხარვეზით ვაჭრობა 1030-ზე ნაკლებმა ადამიანმა შეძლო. ამგვარი გზით დაუფლებული თანხების ჯამური მოცულობა, ჯერჯერობით, უცნობია.

ის, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს Coinbase-ის შეცდომით გატანილი თანხების დასაბრუნებლად, ამ მომენტისთვის, უცნობია. თუმცა, როგორც Coinbase-ისა და მისი მომხმარებლების შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან ვიგებთ, კრიპტობირჟა უფლებას იტოვებს ცალმხრივად გააუქმოს, ჩაასწოროს, დაიბრუნოს ან შემოაბრუნოს ციფრულ აქტივთან დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქცია, მაშინაც კი, როცა თანხა ანგარიშიდან უკვე გადაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ ეს უფლება ვრცელდება მაშინაც, როცა ტრანზაქცია, Coinbase-ის ვარაუდით, შეცდომით განხორციელდა – ამ შემთხვევაში, Coinbase-ი უფლებას იტოვებს ტრანზაქცია გააუქმოს და თან, კომპანია გარიგების იგივე ფასად ან იმავე პირობებით აღდგენის ვალდებულებას არ იღებს.

Coinbase-დან გადმორიცხულ თანხებთან დაკავშირებით Forbes Georgia საქართველოს საბანკო ასოციაციის თავმჯდომარესაც ესაუბრა. ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, რომ როდესაც სტანდარტული გადარიცხვების მიღმა, გარკვეული მიმართულებით, ტენდენციიდან ამოვარდნილი დიდი ოდენობით ტრანზაქციები ფიქსირდება, უსაფრთხოების მიზნით მათი დროებით შეყოვნება – აუცილებელია.

საქართველოს საბანკო ასოციაციაში არ დაუკონკრეტებიათ, თუ რა ოდენობით თანხები გადმორიცხეს Coinbase-ის ქართველმა მომხმარებლებმა, მაგრამ როგორც ალექსანდრემ ძნელაძემ განაცხადა, ქართულ საბანკო ანგარიშებზე, დროის მოკლე მონაკვეთში, საკმაოდ ბევრი გადმორიცხვა შესრულდა.

როგორც ამ ეტაპზე არის ცნობილი, Coinbase-ის ქართველი მომხმარებლების საბანკო ანგარიშები, უკვე განიბლოკა. თუმცა, რა ნაბიჯებს გადადგამს Coinbase-ი აღნიშნული თანხების დასაბრუნებლად და გადადგამს თუ არა მათ საერთოდ – ჯერჯერობით, უცნობია.