2022 წელი ქართველი ძიუდოისტებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ამას ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) რეიტინგში მათი მოწინავე პოზიციებიც მოწმობს. აღსანიშნავია, რომ, მოცემული დროისთვის, საკუთარ წონით კატეგორიაში, სიაში სამი ქართველი ძიუდოისტი ლიდერობს.
-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში 9296 ქულით პირველ ადგილს ტატო გრიგალაშვილი იკავებს, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. სულ ცოტა ხნის წინ, 20 დეკემბერს ტატომ იერუსალიმის მასტერსზე ოქროს მედალი მოიპოვა. მანამდე, ოქტომბერში გრიგალაშვილმა, საკუთარ წონით კატეგორიაში, ტაშკენტში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. ივნისში თბილისის გრანდ სლემზე მეორე ადგილი, ივლისში ზაგრების გრან-პრიზე კი მესამე ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ტატო რეიტინგში უახლოეს მდევარს, ბელგიელ მატიას კასეს 1451 ქულით უსწრებს; მესამეადგილოსან საიდ მოლაეის კი, რომელიც აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობს, 3372 ქულით.
რეიტინგის ტოპ-10 ასე გამოიყურება (-81კგ):
- ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) 9296 ქულა
- მატიას კასე (ბელგია) 7845 ქულა
- საიდ მოლაეი (აზერბაიჯანი) 5924 ქულა
- გილერმე შმიდტი (ბრაზილია) 4468 ქულა
- შაროფიდინ ბოლტაბოევი (უზბეკეთი) 4013 ქულა
- სამი ჩუჩი (ბელგია) 3844 ქულა
- ვედატ ალბაირაკი (თურქეთი) 3740 ქულა
- შამილ ბორჩაშვილი (ავსტრია) 3682 ქულა
- ტაკანორი ნაგასე (იაპონია) 3550 ქულა
- ფრენკ დე ვიტი (ნიდერლანდები) 3342 ქულა
-73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლიდერობს კიდევ ერთი წარმატებული ქართველი ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი, რომელსაც 6615 ქულა აქვს. მეორე ადგილზე მყოფი ჰიდაიათ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი) 6070 ქულას, მესამე ადგილზე მყოფი ცენდ-ოჩირინ ცოგტბაატარი (მონღოლეთი) 5810 ქულას ფლობს.
შეგახსენებთ, ლაშამ წელს თბილისის გრანდ სლემი მოიგო, უნგრეთის გრანდ სლემზე მეორე ადგილი დაიკავა, ბაქოს გრანდ სლემზე კი – მესამე.
რეიტინგის ტოპ-10 ასე გამოიყურება (-73კგ):
- ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) 6615 ქულა
- ჰიდაიათ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი) 6070 ქულა
- ცენდ-ოჩირინ ცოგტბაატარი (მონღოლეთი) 5810 ქულა
- სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) 4310 ქულა
- დანიელ კარგნინი (ბრაზილია) 3722 ქულა
- არტურ მარგელიდონი (კანადა) 3718 ქულა
- მუროდჯონ იულდოშევი (უზბეკეთი) 3671 ქულა
- ტოჰარ ბუტბული (ისრაელი) 3637 ქულა
- ჯოვანი ესპოზიტო (იტალია) 3126 ქულა
- მანუელ ლომბარდო (იტალია) 2940 ქულა
-100 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერია ილია სულამანიძე, რომელსაც 5752 ქულა აქვს მოგროვებული. ილიამ წელს იერუსალიმის გრანდ სლემი და სარაევოში გამართული ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო. ზაგრების გრან-პრიზე კი მან მეორე ადგილი დაიკავა.
რეიტინგის ტოპ-10 ასე გამოიყურება (-100კგ):
- ილია სულამანიძე (საქართველო) 5752 ქულა
- მიხაელ კორელი (ნიდერლანდები) 5325 ქულა
- ზელიმ კოცოიევი (აზერბაიჯანი) 5321 ქულა
- ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია) 5080 ქულა
- პიტერ პალჩიკი (ისრაელი) 4508 ქულა
- შადი ელნაჰასი (კანადა) 4398 ქულა
- ტომა ნიკიფოროვი (ბელგია) 4114 ქულა
- კაილ რეიესი (კანადა) 3934 ქულა
- მუზაფარბეკ ტურობოიევი (უზბეკეთი) 3598 ქულა
- ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო) 3531 ქულა
აღსანიშნავია, რომ -60 კილოგრამ წონით კატეგორიაში რეიტინგის პირველ ათეულშია გიორგი სარდალაშვილი, რომელიც სიაში მე-7 ადგილს იკავებს. -66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი მე-6 ადგილზეა. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში რეიტინგის პირველ ათეულში საქართველოს სამი წარმომადგენელია: ბექა ღვინიაშვილი (მე-3), ლუკა მაისურაძე (მე-4) და ლაშა ბექაური (მე-7). -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მე-10 ადგილზეა ვარლამ ლიპარტელიანი, +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი გურამ თუშიშვილი მეორე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება ძიუდოისტ ქალებს, აქ -57 კილოგრამ წონით კატეგორიაში, რეიტინგში ეთერ ლიპარტელიანი მე-7 პოზიციაზეა.