ყაზახურ Forbes-ში საგამოძიებო სამსახური შევიდა

ყაზახურ Forbes-ში საგამოძიებო სამსახური შევიდა

ყაზახური Forbes-ის ალმა-ატას რედაქციაში საგამოძიებო სამსახური შევიდა. გამოცემა საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერს, რომ პოლიცია რედაქციაში 2 აპრილს დილით მივიდა. ოფიციალური უწყებებისგან გამოცემამ საგამოძიებო მუშაობის დაწყების დოკუმენტაცია მოითხოვა, თუმცა ვერ მიიღო. ძიების დაწყების შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია Forbes-ის იურისტს წარუდგინეს, თუმცა მისი ფოტო-გადაღების საშუალება არ მისცეს. 

ამასთან, გამოცემის თანამშრომლებს პოლიციელებმა ჩამოართვეს მობილური ტელეფონები. 

ყაზახური Forbes-ის მთავარი რედაქტორი ასკარ აუკენოვი საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქზე წერს, რომ რედაქციაში მათთვის უცნობი პირები მოულოდნელად მივიდნენ. 

„პოლიციელებმა ჩემი მოადგილის გარდა, ყველა თანამშრომელს ოთახის  დატოვება მოსთხოვეს. ჩვენ მათ ვთხოვეთ გამოძიების ოფიციალური საბუთის ჩვენება, რომელიც მხოლოდ ორმა პოლიციელმა წარმოგვიდგინა. თუ რის გამო ატარებს საგამოძიებო სამუშაოებებს უწყება უცნობია. 

გარკვეული დროის შემდეგ, პოლიციელებმა ჩემი მოადგილე ოთახიდან გამოიყვანეს და განაცხადეს, რომ ამჯერად მის სახლში მიდიოდნენ, სადაც ასევე საგამოძიებო ქმედება უნდა ჩატარდეს“, – წერს გამოცემის მთავარი რედაქტორი და აღნიშნავს, რომ პოლიციელბმა მის მოადგილეს სამუშაო ნივთები, მათ შორის პირადი კომპიუტერი ჩამოართვეს. 

“ყველაფერი ეს ჩვენთვის მოულოდნელია. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მშვიდობით დასრულდება. ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, რისთვისაც ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ“, – წერს ყაზახური Forbes-ის რედაქტორი.