ყველაფერი, რაც იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა იცოდეთ

იტალიაში 25 სექტემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ არჩევნები მას შემდგომ დანიშნა, რაც აწ უკვე ყოფილი პრემიერი მარიო დრაგი, კოალიციაში უთანხმოების გამო, თანამდებობიდან გადადგა. საინტერესოა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იტალიამ მომავალი ლიდერი შესაძლოა, ულტრამემარჯვენეთა რიგებიდან აირჩიოს.

არჩევნების წინ ჩატარებული გამოკითხვებით, ჯორჯია მელონის პარტია „იტალიის ძმები“ ლიდერობს, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მემარჯვენე მთავრობის ჩამოყალიბებასაც შეეცდება. თუმცა სანამ საბოლოო შედეგები გახდება ცნობილი, მარიო დრაგის ერთიანი მთავრობის დაშლიდან ორი თვის თავზე, წარმოგიდგენთ ყველაფერს, რაც იტალიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე უნდა იცოდეთ.  

იტალიის ახალი საარჩევნო სისტემა

იტალიის არჩევნებში გამარჯვებულ ალიანსს უმრავლესობა პარლამენტის ორივე პალატაში, როგორც დეპუტატთა პალატაში, ასევე სენატში დასჭირდება. ახალი წესების თანახმად, პარლამენტი მესამედით შემცირდა, რის გამოც ამჟამად პალატაში 630-მდე დეპუტატის ნაცვლად 400 დეპუტატი, ხოლო 315-ის ნაცვლად 200 სენატორი იქნება.

იტალიას ხმის მიცემის ჰიბრიდული სისტემა აქვს, რომელშიც წევრთა სამი მერვედი (დაახლოებით 36%) ერთმანდატიან ოლქებში პირველივე კენჭისყრაში უმრავლესობით აირჩევა. დანარჩენი ადგილები კი პროპორციული წესით, კანდიდატთა პარტიული სიების მიხედვით გადანაწილდება. პარტიებს, მინიმუმ, 3%-იანი ზღვრის გადალახვა სჭირდებათ.

ჯორჯია მელონი

სულ რაღაც ოთხი წლის წინ ჯორჯია მელონის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების მხოლოდ 4% დაიმსახურა, მაშინ როდესაც 2022 წლის არჩევნების წინასწარი გამოკითხვებით, ხმების მეოთხედით გამარჯვების ერთ-ერთი კანდიდატია. დამატებით ორი სხვა პარტიის, League-ისა და Forza Italia-ს მხარდაჭერით, მელონიმ შესაძლოა, იტალიის პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობა მოიპოვოს.

45 წლის ჯორჯია მელონი მთავარი პოლიტიკური პარტიების ლიდერთა შორის ერთადერთი იყო, რომელმაც მარიო დრაგის კოალიციაში შესვლაზე უარი განაცხადა და, შესაბამისად, ივლისში კოალიციის დაშლის დროს, ერთ-ერთ ძირითად ოპოზიციურ ლიდერადაც შეფასდა. მელონიმ პოლიტიკური პარტია „იტალიის ძმები“ 2012 წელს, იტალიის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრად გახდომიდან ოთხი წლის შემდგომ ჩამოაყალიბა.

აღსანიშნავია, რომ სხვა მემარჯვენე მოკავშირეებისგან განსხვავებით, მელონი ნატოსა და უკრაინის მომხრედ რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მემარჯვენეების ამომრჩეველთა დიდი ნაწილი გულგრილად ეკიდება დასავლეთის სანქციებს. გადასახადების შემცირების გარდა, მისი ალიანსი ევროკავშირის პანდემიიდან აღდგენის გეგმაზე მოლაპარაკებების განახლებასა და იტალიის პრეზიდენტის სახალხო კენჭისყრით არჩევის საკითხს ემხრობა. კონსტიტუციის შესაცვლელად მელონის პარლამენტის უმრავლესობის ორი მესამედი დასჭირდება.

საკამათო ძველი ლოზუნგით, „ღმერთი, სამშობლო და ოჯახი“, მელონი LGBT პირების უფლებების წინააღმდეგ ახორციელებს კამპანიას, ლიბიის სასაზღვრო ბლოკადას ითხოვს და მუსლიმი მიგრანტების მიმართაც არ გამოირჩევა კეთილგანწყობით.

ენრიკო ლეტა

როდესაც საქმე მელონის დამარცხებას ეხება, პირველ სავარაუდო კანდიდატად ენრიკო ლეტა მიიჩნევა, მემარცხენე ცენტრისტული დემოკრატიული პარტიის (PD) ლიდერი. თუმცა ლეტას იმედებმა მცირე პარტიებთან ძლიერი და კონკურენტული ალიანსის ჩამოყალიბების შესახებ მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადა, როდესაც ცენტრისტულმა პროევროპულმა Azione-მ პარტია დატოვა, მისი ორი პარტნიორი Italian Left-ი და Green Europe-ი კი გააკრიტიკა.

56 წლის ენრიკო ლეტა იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2013-14 წლებში იკავებდა. ლეტა ხელმძღვანელობდა კოალიციას სილვიო ბერლუსკონის Forza Italia-სთან ერთად. ლეტამ, რომელიც მარიო დრაგის მთავრობის დიდი მხარდამჭერია, განაცხადა, რომ თავად იტალიელები დასჯიან მათ, ვინც ივლისში დრაგის მთავრობის ნგრევაში მიიღო მონაწილეობა და პირდაპირ ჯუზეპე კონტეს „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობისკენ“ მიუთითა.

მემარცხენე ცენტრისტული პარტიის ლიდერის მთავარი მიზანია, იტალია ულტრამემარჯვენეების ხელში ჩაგდებას გადაარჩინოს. გარდა ამისა, განახლებად ენერგიაში ინვესტიციების გაზრდის მოწოდებითაც გამოდის და განათლების რვაპუნქტიან გეგმასაც გვთავაზობს ბანერით, „ცოდნა ძალაა“. PD-ის გეგმაშია ემიგრანტების შვილებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივება, LGBT-დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა და არატრადიციული ორიენტაციის პირების ქორწინების ლეგალიზება.

სხვა მნიშვნელოვანი პარტიები და მათი დაპირებები:

მემარჯვენე კონსერვატორები

ჯორჯია მელონის პარტიას მთავრობაში მუშაობის არანაირი გამოცდილება არა აქვს, რისთვისაც ექსპრემიერ სილვიო ბერლუსკონისა და მატეო სალვინისგან სრული მხარდაჭერა დასჭირდება. ცნობისთვის, ორივე მათგანი დრაგის მთავრობის ნაწილი იყვნენ. საარჩევნო კამპანიის დასასრულს, რომში სამივე ლიდერმა ერთობლივი აქციაც გამართა.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ყველაზე გრძელვადიანი პრემიერი, 85 წლის ბერლუსკონი, 2013 წელს, საგადასახადო თაღლითობის ბრალდებით აკრძალვის შემდგომ, სენატის არჩევნებში კენჭს პირველად იყრის. თუმცა მისი პარტია Forza Italia დანარჩენ სამ პარტიასთან შედარებით ყველაზე სუსტად მიიჩნევა.

რაც შეეხება მატეო სალვინის, მისი პარტია League-ი მელონის ბუნებრივი პარტნიორია, რომელმაც, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, დახურა მიგრანტთა ბანაკები და ხმელთაშუა ზღვიდან გამოყვანილი მიგრანტების ნავებისთვის პორტი დაბლოკა. აღსანიშნავია, რომ სალვინი, ზამთრამდე ბიზნესისთვის ენერგოხარჯების შესამცირებლად, $30 მილიარდის სახელმწიფო სუბსიდიასაც ითხოვს, რათა დარწმუნდეს, რომ იტალიის ინდუსტრიები მომდევნო თვეებში ენერგიის მზარდ გადასახადებს გადაურჩებიან. „თუ ზვავი დაიწყება, მთავრობაში მოსვლის შემდგომ ჩვენ მხოლოდ შედეგებს გავუმკლავდებით“, – აცხადებს მემარჯვენეების ლიდერი.

პარტიები იტალიის მოსახლეობას ენერგიასა და სხვა აუცილებელ პროდუქტებზე ფასების შემცირებას, ასევე თვითდასაქმებულთათვის არაპროგრესული საგადასახადო განაკვეთის დაწესებას ჰპირდებიან. ამას გარდა, სურთ მოხსნან იტალიის აკრძალვა ბირთვულ ენერგიაზე, ებრძოლონ არალეგალურ მიგრაციას, ხოლო ლეგალური მიგრაციის სწორად მართვა შეძლონ.

ხუთი ვარსკვლავის მოძრაობა

ჯუზეპე კონტეს პარტიამ 2018 წლის არჩევნებში ხმების თითქმის მესამედით გაიმარჯვა. თუმცა ამჟამად, გამოკითხვის მიხედვით, 14%-ს ფლობს და არც რომელიმე ალიანსს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ რამდენიმე დეპუტატმა კონტე მას შემდგომ მიატოვა, რაც ამ უკანასკნელმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააპროტესტა.

კონტეს ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტიკამ მემარცხენე მხარეს გადაინაცვლა. კონტე მხარს უჭერს რეგიონული ბიზნესისთვის გადასახადის გაუქმებასა და მიგრანტების შვილებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას. „ხუთი ვარსკვლავის“ იდეები დიდად არ განსხვავდება მემარცხენე ცენტრისგან და როგორც ორი მთავარი ცენტრისტული პარტია ამომრჩეველს აფრთხილებდა, კონტემ შესაძლოა, ენრიკო ლეტასთან უთანხოების მოგვარებაც კი შეძლოს.

ცენტრისტები

მატეო რენცის Italia Viva-სა და კარლო კალენდას Azione-ს გაერთიანება „მესამე პოლუსის“ შექმნას და როგორც მემარჯვენეების, ასევე მემარცხენეთა ხმების მოპოვებას ისახავს მიზნად. 10%-ზე მეტის მოპოვების შემთხვევაში სჯერათ, რომ სხვა პარტიებთან თანამშრომლობით იტალიას მელონის ხელმძღვანელობით მთავრობას თავიდან ააცილებენ.

მომავალი პრემიერის კანდიდატურა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს, თუმცა სავარაუდოდ, მატარელა მას სწორედ გამარჯვებული კოალიციიდან აარჩევს. თავად ცენტრისტებს დრაგის წინა მთავრობის პროევროპული პოლიტიკის გაგრძელებასთან ერთად, თანამდებობაზე მისი დაბრუნებაც კი სურთ.

გარდა ამისა, პარტიებს, მემარჯვენე ცენტრის მსგავსად, სურთ გააუქმონ ბირთვული ენერგიის აკრძალვა და მემარცხენე ცენტრის მსგავსად, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის მომხრეები არიან. მათ გუნდში შედიან Forza Italia-ს ორი ყოფილი მინისტრი, მარიასტელა ჯელმინი და მარა კარფანია, რომლებმაც დატოვეს ბერლუსკონის პარტია მისი როლის გამო დრაგის მთავრობის დამხობაში.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *