ყველაფერი, რაც რუსული ბირთვული არსენალის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც რუსული ბირთვული არსენალის შესახებ უნდა ვიცოდეთ

მსოფლიომ „ცივი ომის“ დასრულების პარალელურად თითქმის დაივიწყა საფრთხე, რომელიც შესაძლოა, ბირთვულმა ომმა გამოიწვიოს. თუმცა მიძინებული შიშები ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარამ გამოაღვიძა. პუტინმა ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა, რაც, ზოგის აზრით, უკრაინაში მიმდინარე ომის ბირთვულ კონფლიქტში გადაზრდის წინაპირობას წარმოადგენს.

ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება NATO-სკენ არის მიმართული, იმის გასარკვევად, მოიყვანს თუ არა ორგანიზაცია საკუთარ ბირთვულ ძალებს მზადყოფნაში რუსეთის პრეზიდენტის განცხადების საპასუხოდ. უნდა აღინიშნოს, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ ვლადიმირ პუტინმა და აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ამ საკითხთან დაკავშირებით ჟენევაში გამართულ ყრილობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული არ იქნება, ამიტომ მსგავსი სახის ბრძოლა არასდროს არ უნდა გაჩაღდეს.

როგორც ჩანს, პუტინმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი შეიცვალა. თუმცა, მისი განცხადება შესაძლოა, მოწინააღმდეგეთა შესაშინებლად საჯაროდ პოზირება იყო და არა რეალური განკარგულება. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ პუტინის ბრძანება ეხებოდეს მცირე ტაქტიკურ ბირთვულ არსენალს და არა – სტრატეგიულ იარაღს. ასეთი ტაქტიკური არსენალი მოიცავს გრავიტაციულ ბირთვულ ბომბებს, მცირე რადიუსის რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს, სახმელეთო ნაღმებსა და სხვას. ეს სისტემები ბრძოლაში გამოსაყენებლად არის შექმნილი. თუმცა, თუკი პუტინის განცხადება უფრო დიდ სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ეხება, ეს მსოფლიოს შეშფოთების საგანს ნამდვილად უნდა წარმოადგენდეს.

რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს?

აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაცია Bulletin of the Atomic Scientists-ის ინფორმაციით, რუსეთს დაახლოებით 1500 ბირთვული ქობინი აქვს განლაგებული, 3000 კი რეზერვში ინახება. ეს ბირთვული ქობინები მიწოდების სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის კლასიკურ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებზეა დამონტაჟებული. ასევე, არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, რუსეთი უფრო საშიშ პლატფორმასაც ფლობდეს, ვინაიდან ბოლო დროს სახელმწიფო ზებგერითი რაკეტების განვითარებაზე მუშაობდა.

იარაღის ამ სისტემებს, განსაკუთრებით კი მათ, რომლებიც ICBM-ზე, იმავე საკონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებზეა დამონტაჟებული, აქვთ პოტენციალი, რამდენიმე წუთში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილამდე მიაღწიონ.

რას ცვლის პუტინის განცხადება ბირთვული ომის რისკის თვალსაზრისით?

ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება უდავოდ გამოიწვევს შფოთვას ბირთვული იარაღის მფლობელ სახელმწიფოებში, რაც, თავის მხრივ, ქვეყნების მიერ შეცდომების დაშვების შანსებსაც გაზრდის. ასეთ პერიოდში, როდესაც ბირთვული აქტივები განსაკუთრებულ მზადყოფნაშია, ცრუ განგაშის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.

ექსპერტების განცხადებით, პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯი შექმნილ მძიმე ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს. უნდა ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების პარალელურად NATO-მ უკვე გასცა მზადყოფნის განკარგულება „ყველა გაუთვალისწინებელი შემთხვევისათვის“.

დიდი ალბათობით, პუტინის უახლოესი გარემოცვის გარდა არავინ იცის, თუ რატომ მიიღო მან ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის გადაწყვეტილება, თუმცა ექსპერტების ნაწილი ამის შესახებ საკუთარ აზრს გამოთქვამს. მათი ვარაუდით, აღნიშნული ნაბიჯით რუსეთის პრეზიდენტი ცდილობს, სიგნალი გაუგზავნოს დასავლეთს, რომ უკრაინის დასახმარებლად ომში სამხედრო ჩარევაზე არც კი იფიქროს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *