შეზღუდვები, რომლებიც ტექნოლოგიურმა კომპანიებმა რუსეთს დაუწესეს

შეზღუდვები, რომლებიც ტექნოლოგიურმა კომპანიებმა რუსეთს დაუწესეს

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციის მიმართ დასავლეთის ქვეყნებმა, ცალ-ცალკე და ერთად, ამ დრომდე არნახული ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების პაკეტი შეიმუშავეს, რომელსაც არაერთი გლობალური ტექნოლოგიური კომპანია შეუერთდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამგვარი კომპანიების ჩამონათვალი ძალიან გრძელია, ხოლო მათ მიერ დაწესებული შეზღუდვების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე – ფართომასშტაბიანია, გადავწყვიტეთ, რომ მათ თავი ამ ვრცელ სტატიაში მოვუყაროთ.

Apple – ბოლო დღეების განმავლობაში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა, რუსეთს არაერთი შეზღუდვა დაუწესა: ჯერ კიდევ გასულ კვირას მათ ქვეყანაში საკუთარი პროდუქციის ექსპორტი აკრძალეს, რასაც ორშაბათს რუსეთის ბაზარზე უკვე არსებული პროდუქციის გაყიდვის შეჩერება მოჰყვა. ამასთანავე, შეჩერებულია Apple Pay-ის ფუნქციონირება, ხოლო საერთაშორისო App Store-იდან ამოღებულია რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებების, RT News-ისა და Sputnik News-ის აპლიკაციები. გარდა ამისა, უკრაინელი ხალხის დაცვის მიზნით, კომპანიამ Apple Maps-ის ლაივ-ფუნქციები გათიშა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ამგვარი შეზღუდვების დაწესების ინიციატივით უკრაინის ვიცე-პრემიერი, მიხაილო ფიოდოროვი გამოვიდა – მისი თქმით, Apple-ის მიერ დაწესებული ასეთი შეზღუდვები რუს ახალგაზრდებს სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ გამოსვლას აიძულებს.

Intel, AMD და TSMC: ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, ნახევარგამტარების ორმა მსხვილმა ამერიკელმა მწარმოებელმა, Intel-მა და AMD-მ რუსეთში მიკროჩიპების ექსპორტის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ექსპორტის შეწყვეტა ეხება იმ მიკროჩიპებს, რომლებიც სამხედრო შეიარაღების წარმოებაში პირდაპირ ან ირიბად გამოიყენება – ჯერჯერობით უცნობია, გაიყიდება თუ არა რუსეთში Intel Core-ისა და AMD Ryzen-ის პროცესორები.

აღსანიშნავია, რომ სანქციებს მიკროჩიპების ტაივანური მწარმოებელი, TSMC-იც შეუერთდა – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამ დრომდე, რუსული ტექნოლოგიური კომპანიების მიერ შექმნილი მიკროჩიპები სწორედ ტაივანში იწყობოდა. ამგვარად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსული მიკროჩიპების წარმოებას შავი დღე ელის.

Dell, Ericsson, HP და Lenovo – დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, Dell-მა, Ericsson-მა, HP-მ და Lenovo-მ რუსულ ბაზარზე პროდუქტების ექსპორტი შეაჩერეს.  გამომდინარე იქიდან, რომ სანქციები დასავლეთის ქვეყნებში რეგისტრირებულ ყველა კომპანიას ეხება, თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ჩამონათვალს მალე სხვა კომპანიებიც დაემატებიან.

Kuna, WhiteBit და CEX.io – რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს სამი კრიპტოპლატფორმა, Kuna, WhiteBit-ი და CEX.io შეუერთდა. Kuna-მ რუსულ რუბლში ყოველგვარი ტრანზაქციების შესრულება შეწყვიტა, ხოლო WhiteBit-მა რუსეთიდან ახალი მომხმარებლების რეგისტრაცია აკრძალა – მსგავსად მოიქცა CEX.io-ც, მაგრამ რუსეთში არსებული მომხმარებლების გარდა, მათ შემთხვევაში, ეს შეზღუდვა ბელორუსსა და უკრაინაში მყოფ ადამიანებსაც შეეხოთ.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას უკრაინის ვიცე-პრემიერი ამ მიმართულებითაც აქტიურობდა: მან გლობალურ კრიპტოკომუნას მიმართა და რუსი და ბელარუსი პოლიტიკოსებისა და მათი გარემოცვის კრიპტოსაფულეების მისამართების სანაცვლოდ, მათ მსუყე გასამრჯელო შესთავაზა.

Google – ამერიკულმა გიგანტმა, Google-მა ღიად განაცხადა, რომ დასავლეთის ყველა სანქციას შეუერთდება. ამ ეტაპზე Google-მა რუსეთში Google Pay-ი გამორთო და უკრაინაში Google Maps-ის ლაივ-ფუნქციების მუშაობა შეაჩერა, რათა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს უკრაინელების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონოდათ.

Visa, Mastercard და American Express – დასავლეთის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციების თანახმად, გადახდების ორმა უმსხვილესმა ოპერატორმა, Visa-მ და Mastercard-მა წამყვანი რუსული ბანკები საკუთარი ქსელიდან მოკვეთეს. აღსანიშნავია, რომ რუსული ბანკების მიერ გამოშვებული Visa-ს და Mastercard-ის ბარათებით გადახდა საქართველოშიც შეჩერდა – შეზღუდვა ეხება ყველა საბარათე ოპერაციებს, მათ შორის თანხის განაღდებას და გადახდას.

NYSE და Nasdaq – რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს ამერიკის შეერთებული შტატების ორივე საფონდო ბირჟა გამოეხმაურა და რუსული კომპანიების, მათ შორის Yandex-ის, Ozon-ის, Qiwi-ს, HeadHunter Group-ისა და MTS-ის აქციებით ვაჭრობა დროებით შეაჩერა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *