ყველაზე პოპულარული საგადახდო ბარათები საქართველოში

ყველაზე პოპულარული საგადახდო ბარათები საქართველოში

2017 წლის განმავლობაში საგადახდო ბარათები საქართველოში კვლავ ძირითად საცალო გადახდის ინსტრუმენტად რჩებოდა. მისმა რაოდენობამ წლის ბოლოსთვის 9.1 მილიონი შეადგინა. მათგან დიდი წილი (92%) არის სადებეტო, ხოლო 8% საკრედიტო ბარათები. გამოშვებული ბარათების უმეტესობა – 83 % არის საერთაშორისო ბარათები: 

MasterCard – 47 %

Visa – 28 %

UPI – 7 %

AmEx – 1 %

დანარჩენი 17 % არის ლოკალური ბარათები. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში ქართული ბარათების რაოდენობა 2016 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით 3 პროცენტით შემცირდა. მათგან გამოშვებული Visa ბარათების რაოდენობა შემცირდა 21 პროცენტით, ხოლო ლოკალური ბარათების – 9 პროცენტით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, MasterCard ბარათების რაოდენობა გაიზარდა 11 %-ით,  AmEx ბარათების 24 %-ით და UPI ბარათების 25 %-ით.  

გამოშვებული ბარათების 96 პროცენტის ემიტენტი ქვეყნის სამი დიდი კომერციული ბანკია. 

ქართული საგადახდო ბარათებით შესრულებული ოპერაციების რაოდენობამ 2017 წლის განმავლობაში 179 მილიონი ოპერაცია და თანხობრივად 19.0 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 32 %-ით მეტია 2016 წლის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების რაოდენობაზე და 24 %-ით მეტია თანხობრივ მაჩვენებელზე.

შესრულებული ოპერაციის რაოდენობის 96% და თანხის 93% შესრულდა ქვეყნის შიგნით. მხოლოდ 4% რაოდენობრივად და 7% თანხობრივად შესრულდა ქვეყნის გარეთ. 2017 წლის განმავლობაში ქართული ბარათებით შესრულებულ ოპერაციებში კვლავ იზრდებოდა სავაჭრო-მომსახურების ობიექტებში გადახდის ოპერაციების რაოდენობის წილი. კერძოდ, ამ მაჩვენებელმა 66 პროცენტი შეადგინა, შესაბამისად, 34 პროცენტი იყო ნაღდი ფულის გატანის ოპერაციების რაოდენობა. თანხობრივი თვალსაზრისით პოს- გადახდების წილი სულ საბარათე ოპერაციებში 23 პროცენტი, ხოლო ნაღდი ფულის გატანის ოპერაციებში კი 77% იყო.