შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ქიმიის დარგში 2024 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინა. ესენი არიან: დევიდ ბეიკერი, დემის ჰასაბისი და ჯონ ჯამპერი.
დევიდ ბეიკერს, რომელიც ვაშინგტონის უნივერსიტეტში მუშაობს, პრემია მიენიჭა ახალი ცილის შექმნისთვის, რომლის მსგავსიც აქამდე არ არსებობდა. დემის ჰასაბისი და ჯონ ჯამპერი ცილის სტრუქტურის პროგნოზირების მეთოდის შემუშავებისთვის დაჯილდოვდნენ. ორივე მეცნიერი Google-ის DeepMind-ის პროგრამის მიმართულებით მუშაობს და მათ წარმოადგინეს ხელოვნური ინტელექტის მოდელი სახელწოდებით AlphaFold2, რომლის დახმარებითაც ცილების სტრუქტურის პროგნოზირებაა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, ქიმიის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ: მანგი ბავენდი, ლუი ბრიუსი და ალექსეი ეკიმოვი. მეცნიერებს პრესტიჟული ჯილდო კვანტური წერტილების აღმოჩენისა და სინთეზისთვის გადაეცათ. ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ეკიმოვმა და ბრიუსმა მოახერხეს კვანტური წერტილების შექმნა, ბავენდიმ კი ქიმიურ წარმოებაში რევოლუცია მოახდინა.
ცნობისთვის, 1901-დან 2023 წლამდე პერიოდში ქიმიის დარგში ნობელის პრემია 116-ჯერ გაიცა. აქედან 28-ჯერ ჯილდო სამ მეცნიერზე გაიყო, ისევე როგორც წელს, შარშან და შარშანწინ. აქვე გეტყვით, რომ ქიმიის დარგში ნობელის პრემია დღემდე რვა ქალს აქვს მიღებული.