ფოტო: Bloomberg
ნავთობის ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, საუდის არაბეთს ექსპორტისთვის განკუთვნილი ნავთობის მარაგი ამოეწურება, თუ უახლოეს დღეებში წითელი ზღვის მიმართულებით გამავალი მთავარი მილსადენის მუშაობას არ აღადგენს. აღნიშნული ნავთობსადენის შეფერხება საფრთხეს გლობალური მიწოდების 4%-ს უქმნის.
საუდის არაბეთიდან ნავთობის მიწოდების შემდგომი შემცირება კიდევ უფრო გაამწვავებს ენერგორესურსის გლობალურ დეფიციტს, რომელმაც უკვე გამოიწვია საწვავზე ფასების რეკორდული ზრდა, ინფლაციის დაჩქარება მთელ მსოფლიოში და აშშ-ის ობლიგაციების შემოსავლიანობის ისეთ მაჩვენებლებამდე გაზრდა, როგორიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
პარასკევს საუდის არაბეთზე დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო სამეფო იძულებული გახდა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით გამავალი ნავთობსადენის მუშაობა შეეჩერებინა. ერ-რიადს დაზიანების მასშტაბებისა და იმის შესახებ, თუ რამდენი ხნით დარჩება მარშრუტი მწყობრიდან გამოსული, ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
Reuters-ისთვის მიწოდებული ანონიმური ინფორმაციის თანახმად, დაზიანების აღდგენას შესაძლოა ხუთიდან ექვს კვირამდე დასჭირდეს. სხვა წყარო მიიჩნევს, რომ შეკეთება უფრო ადრეც შეიძლება დასრულდეს და ნავთობის გადაქაჩვა შესაძლოა ნაწილობრივ სარემონტო სამუშაოების პარალელურადაც განახლდეს.
ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი, საუდის არაბეთი, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მილსადენს დღეში დაახლოებით 4 მილიონი ბარელი ნავთობის წითელ ზღვაში მდებარე იანბუს პორტისკენ გადასამისამართებლად იყენებდა. აღნიშნული მოცულობა გლობალური მიწოდების 4%-ს შეადგენს. თუმცა მილსადენის მწყობრიდან გამოსვლის გამო, იანბუს პორტში არსებული მარაგი ექსპორტის უზრუნველსაყოფად მხოლოდ ხუთიდან შვიდ დღემდე იქნება საკმარისი.
პარასკევს ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) განაცხადა, რომ აგვისტოში საუდის არაბეთიდან ნავთობის მიწოდება ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რაც ჰორმუზის სრუტესა და წითელ ზღვაში ტრანსპორტირების შეფერხებებით იყო განპირობებული.
ომამდე ახლო აღმოსავლეთიდან გლობალურ ბაზარს დღე-ღამეში დაახლოებით 22 მილიონი ბარელი ნავთობი მიეწოდებოდა. სხვადასხვა მონაცემით კი, ამჟამად ეს მაჩვენებელი დღე-ღამეში 6-9 მილიონ ბარელამდეა შემცირებული.
გასულ კვირას საუდის არაბეთმა OPEC-ს აცნობა, რომ აგვისტოში ქვეყანაში ნავთობის წარმოება დღე-ღამეში 6.2 მილიონ ბარელამდე დაეცა. ომის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი 10.9 მილიონ ბარელს შეადგენდა.













