„ქრისტე აღსდგა, ძმებოჯან!“

„ქრისტე აღსდგა, ძმებოჯან!“

„ქრისტე აღსდგა! იმისი მადლი შეგეწიოთ, ძმებოჯან!.. დღევანდელი დღე იესო ქრისტეს საფლავიდან ადგომისა და იმის მტანჯველების პირქვე დამხობის დღეა, ძმებოჯან! ამიტომ არის, რომ ყველა ქრისტიანი ძე ფეხზე წამომდგარა, პირი ღვთისაკენ მოუბრუნებია…“, – „კინტო აღდგომა დღეს“, გაზეთი „ივერია“, 1888 წ.

აბა, რა გასაკვირია, რომ ტფილისი, რომელიც „სულ დღეობებზე დადიოდა და ობების გატარებაში იყო“ – აღდგომის დღესასწაულს განსაკუთრებით ელოდა და აღნიშნავდა კიდეც?!

აღდგომის დადგომამდე, თბილისის მოსახლეობას, ტრადიციულად, არაერთი მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა მოსასწრები, რადგან „ყველა დღესასწაულს საეროვნო მხარეც აქვს. ქართველს დღესასწაული, სხვა-და-სხვა დღეობა და ხატობა საეკლესიო დაწესებულებად არ მიაჩნია. ქართველს დღესასწაული მარტო ლოცვისა და ვედრებისთვის არ უნდა, „დღეობა“, „ხატობა“ სალხინოდ, საქეიფოდ, დროის-გასატარებლად მიაჩნია“, – წერდა 1894 წელს, გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული ფელეტონის ავტორი.

ამ ცნობის გარეშეც, სადღესასწაულოდ, ქალაქის ბაზრებსა და სავაჭროებში დიდი ფუციფუცი  რომ იქნებოდა, ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება. ეკონომიკური თვალსაზრისით, დღესასწაულების წინა და მომდევნო პერიოდები კი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დრო უნდა ყოფილიყო ქალაქის ცხოვრებაში.

„ქალი სააღდგომო კვერცხებით“ | ნიკო ფიროსმანაშვილი

აღდგომის წინა დღეებში ხშირად ნახავდით თბილისის ქუჩებში მოფუსფუსე ხალხს. ეს ის დროა, როცა „ყველგან მოძრაობა და დიდი მოლოდინია ქრისტეს აღდგომისა“, როცა „მთელი ტფილისი გოჭების ჭყვირილადა და ბატკნების ბღავილად არის გადაქცეული“, როცა „დიასახლისებს ჯერაც არ გადასვლიათ ხელებიდამ კვერცხების ღებით ახალი ფერი“.

ამ პერიოდში, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ზოგჯერ ბუნებრივად, უფრო ხშირად კი – მანიპულაციურად, იცვლებოდა პროდუქტის ფასი. „ქალაქში ყველა ხორაგეულის ფასმა საოცრად აიწია; არასოდეს ესე არა ყოფილა. ასი კვერცხი 3-4 მანეთ ნაკლებ არ იშოვებოდა, გოჭი 3-4 მანეთი და ამავე ფასად ინდოური და სხვ. ბატკნების შოვნა ხომ თითქმის არც-კი არის. რადგანაც ეს საშინელი სიძვირე უფრო ვაჭრების საქმეა, პოლიციამ მოხელეები დააყენა ყოველ მოედნებზე თვალ-ყურის დასაჭერად და ზოგიერთ ხორაგეულზედ ფასი გადაჰკვეთა. ამით ქალაქის ღარიბ ხალხს კარგი შეღავათი მიეცა“, – იუწყებოდა ძველი ქართული პრესა 1893 წელს.

მიუხედავად ამისა, გემრიელი კერძების, კარგი ღვინისა და რაც მთავარია – პასკის გარეშე აღდგომა ტფილისში აბა, როგორ ჩაივლიდა?!

საგანგებოდ ამ დღესასწაულისთვის, ძმები გუდიაშვილები სარეკლამო განცხადებებით პოტენციურ კლიენტებს აცნობებდნენ, რომ „ვორონცოვის ძეგლის პირდაპირ, ჯოვანის ფირმის მაღაზიაში მზადდება მრავალი ლორი საუკეთესო ხარისხისა. მაღაზიას მოუვიდა აგრეთვე ნამდვილი მალოროსიული ლორი და ქონი [сало] და საუკეთესო ფქვილი პასქისათვის“.

„სააღდგომო ბატკანი“ | ნიკო ფიროსმანაშვილი

დღევანდელისა არ იყოს, როგორც ჩანს, საუკეთესო პასკის წოდებისთვის XIX საუკუნის დამლევსაც იბრძოდნენ კონდიტერები. მაგალითად, ვინმე ივ. ალიხანოვი „საყურადღებო განცხადებით“ გვაუწყებდა:

„რადგან პასკებს [ბაბკებს] ცხობით ბევრი აცხობს, თუმცა-კი ჯერ ბევრს არა აქვს შესწავლილი და შეგნებული ნამდვილი ხელი და მოხერხება კარგის პასკების გამოცხობისა, ამიტომ მსყიდველი ხშირად ტყუვდება.

ამისათვის მაქვს პატივი ვაუწყო საზოგადოებას, რომ ჩემს საკანდიტეროში და საცხობში, რომელიც იმყოფება ვორონცოვის ძეგლთან, სააღდგომოდ მზადდება დიდძალი პასკები [ბაბკები] კულიჩები და სხვ.

ღირსებები ჩვენის პასკებისა, რომლისათვისაც საუკეთესო მასალის შემზადება და ხელოვნება მუდამ ჩვენს საზრუნველს შეადგენს, ყველასათვის ადვილი საცნობია“.

„სააღდგომო ნატურმორტი“ | ნიკო ფიროსმანაშვილი

მნიშვნელოვანი საზრუნავი იყო სააღდგომო სუფრის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტის – ხარისხიანი და კარგი გემოს მქონე ღვინის შოვნა. მით უმეტეს, როგორც უკვე ხსენებულ ტექსტში [„კინტო აღდგომა დღეს“] ვკითხულობთ, ქრისტეს ერთ-ერთი სასწაული პირდაპირ კავშირშია არა მხოლოდ ღვინოსთან, არამედ მთლად ჩვენებურ „კახურთან“:

„ერთხელ თურმე ჩვენისთანა ბიჭს ქორწილი ჰქონდა. შუა ლხინში რომ არიან და ჯიხვები, ხელადები, ყანწები, კულები და აზარფაშები ართურმასა და მიჭკამალაყს გადადიან, ამ დროს, ბიჭებოჯან, თურმე ერთი „ნესჩასტია“ არ მოუვიდათ… ღვინის კოლოტი [ტყავის ჭურჭელი, რედ.] დაცარიელდა. მაშინვე ყველანი თამადას მიეხვივნენ: ჰა, თამადავ, სუფრის მამა ხარ, შენ უნდა გვიშველო რამეო! მაგრამ თამადა რას უშველიდა. ყველანი აქეთ-იქით ეცნენ, არ იციან უღვინოდ რა ჰქნან. ამ დროს შებრძანდა თურმე იესო ქრისტე ლოცვითა და კურთხევით, გადასწერა პირჯვარი ყველას, შეიტყო იმათი დარდი. მერე, ძმებოჯან, მოატანინა ექვსი რუმბი და მტკვრის წყლით გაავსებინა; ჯერ ეშმაკი დასწყევლა და შეაჩვენა, მერე სამჯერ პირჯვარი გადასწერა თურმე რუმბებს, ვენაცვალე ქრისტეში, და მტკვრის წყალი წითელ კახურ ღვინოდ გარდააქცია… მაშა… კახურ ღვინოდ, იესო ქრისტეს გეფიცებით!“

ქართველ მეღვინეებს მსგავს სასწაულს, ანუ წყლის – ღვინოდ ქცევას არავინ სთხოვდა, უფრო კი პირიქით, მით უმეტეს სააღდგომოდ, როცა ყველა ერიდებოდა, რომ მეღვინეების კეთილგანწყობისა თუ პროდუქტზე სპეციალური, სადღესასწაულო ფასების მიუხედავად, „კახურის“ ნაცვლად – წყალნარევი, წახდენილი ღვინო არ შერჩენოდათ ხელში.

აღდგომის დღესასწაული ვერც წითელი კვერცხის გარეშე ჩაივლიდა. „ვისაც სააღდგომოდ კვერცხი არ მოეძევება, ის ჭონაზე დადის. პარასკევიდამ მოკიდებული შეიყრება რამდენიმე კაცი და კარ-და-კარ დადის. იმათ დააქვთ კალათი ან პარკი. ვისთანაც მივლენ, მიუგალობენ, მიულოცვენ ბრწყინვალე აღდგომას ბედნიერებისასა და სავსებისას; სახლის პატრონი კვერცხებს ჩაუწყობს კალათაში და გაისტუმრებს. ვინც ერთ კვერცხს ჩაუდებს, იმას ეტყვიან ხოლმე: „სახლი პატრონო, ოროლობაა!“ ამ გვარად მეჭონენი დიდძალს კვერცხს მოაგროვებენ ხოლმე“.

თქვენ წარმოიდგინეთ და, ზოგიერთი სულაც გამორჩეულად ეგებებოდა აღდგომის დღესასწაულს. მაგალითად, 1893 წელს, „სააღდგომოდ, როგორც  პასპორტების დავთრებიდგან ჩანს, პალესტინაში გამგზავრებულა სამოცი კაცი ქრისტეს საფლავის თაყვანის საცემლად“.

ამ დროს, თურმე, „იერუსალიმის ქუჩები დიდძალის მლოცველებით ივსება ხოლმე. თითქმის ყველა ერის წარმომადგენელს შეჰხვდებით ამ დროს იქ. ყველას თან სანთლები აქვთ აღდგომის წინა დღეს „წმიდა ცეცხლზედ“ მოსაკიდებლად. მლოცველნი შაბათს იკრიბებიან ამაღლების ეკლესიაში ამ „წმიდა ცეცხლის მისაგებებლად. ნაშუადღევის ორ საათზედ გამოდის აღსავლის კარებიდგან ბერძენთა მიტროპოლიტი სანთლებით ხელში [ჩვეულებრივ 33 სანთელი უჭირავს ხოლმე] და მაცხოვრის კუბოს ნიშისკენ მიდის. წინ მიტროპოლიტს შემოსილი სამღვდელოება მიუძღვის. მიტროპოლიტი მაცხოვრის კუბოს გამოქვაბულში შედის მარტოდ-მარტო; იმის შესვლისას კარებსა ჰხურავენ.

ცოტა ხანს უკან გამოქვაბული ნათლდება და ფანჯრებიდგან სინათლე მოსჩანს და სანთელ მოკიდებული მიტროპოლიტი გარედ გამოდის. ხალხი დიდ აღტაცებას ეძლევა; ყველა სცდილობს „ზეციდგან ჩამოსულ“ ცეცხლით სანთლის მოკიდებას. ეკლესიამდე მიტროპოლიტი ხელით მიჰყავთ. ბოლოს ხალხი მოკიდებულ სანთლებით სახლში მიდის“.

„ბატკანი და სააღდგომო სუფრა“ | ნიკო ფიროსმანაშვილი

ისევ ტფილისს რომ დავუბრუნდეთ; წინასადღესასწაულოდ ქალაქში არც გაჭირვებულებს ივიწყებდნენ. მაგალითად, 1899 წელს, „აღდგომას დღეს სადარბაზოდ სიარულის ნაცვლად ფულად წარმოგზავნეს „ივერიის“ რედაქციაში დასაარსებლად განზრახულ დედათა ქართულ სასწავლებლის სასარგებლოდ: მკურნალმა მიხეილ ალექსანდრეს ძემ და ანასტასია კონსტანტინეს ასულმა გედევანიშვილებმა – 3 მანეთი; მკურნალმა ლუკა ანტონის ძემ ჯავახიშვილმა – 5 მანეთი“; ამავე წელს, თბილისელ ღვინის ვაჭარს – გ. გ. ყუზანოვს ქალაქის პოლიცმეისტერისთვის 250 მანეთი გადაუცია სააღდგომოდ ღარიბებისთვის დასარიგებლად…

რაც შეეხება უშუალოდ აღდგომის დღეს და ზეიმს – „გაზაფხულის მზით დამთბარ ქუჩებში აუარებელი ხალხი დასეირნობდა და ყველა თავისებურად მხიარულობდა.

ვერის ხიდთან ახლად მოსწორებულ მეიდანზე ბალაგანები და საქანელები ბევრი გაემართათ და ახლო მდებარე „ბალკების“ მცხოვრებლები მრავალსა ჰყიდულობდნენ კაცები ვოდკას და ქალები მზეო ჭვრიტას.

იუნკრების სასწავლებელთან ნემეც ჯამბაზს ბლონდენს თვალ-აუწვდენელ სიმაღლეზე ჯაჭვი გაება, ზედ თავისუფლად დადიოდა თავისი რვა წლის ქალით და უხვადა ჰკრეფდა ფულებს მაყურებელთაგან.

მუშტაიდში ტევა აღარ იყო; ცხენ-რკინის-გზის ვაგონებში ადგილების მძებნელნი ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევდნენ, – ერთის სიტყვით, საცა კი მიიხედავდით, ყველგან სიცოცხლე სდუღდა, მაგრამ სამწუხაროდ არსად დროს გატარებას ადგილობრივი ხასიათი არ ეტყობოდა. არსად ჯირითი, არსად ბურთაობა, არსად ლეკური, არსად ჭიდაობა…“.

ამ ზეიმისთვის განსაკუთრებით ემზადებოდნენ ქალები – „პატარძლებმა და გასათხოვარმა ქალებმა სწორედ ათ-ათჯერ დაიბანეს პირი და ვისაც-კი რამ ზიზილ-პიპილა მოეპოვებოოდა, ტანზე მიიკოსეს; „ბუზიკები“ და „პოლსაპოჩკები“ გაიწმინდეს“. თუმცა, საქართველოს ზოგიერთ კუთხეში, აღდგომა დღეს ქალები ჩაგვრის, გაუნათლებლობისა და ხალხში მყარად გამჯდარი ცრურწმენების მსხვერპლი ხდებოდნენ:

„ზემო იმერეთიდამ შემდეგ ამბავს გვწერენ: კიდევ ბევრგან დარჩენილა ჩვენს ხალხში ცრუ-მორწმუნოება; მაგალითად: სოფელ ლეღვანის საზოგადოება, წმიდა გიორგის ეკლესიის შემამავალი ხალხი აღდგომიდან ნაახალკვირებამდინ არ უშვებს ეკლესიაში დედაკაცებს, რადგან დარწმუნებულია, დედა-კაცი რომ ეკლესიაში შეუშვათო აღდგომასო, იმ წელს დიდი სეტყვა იქნებაო და ნამუშევარს დაგვისეტყვავსო. რამდენიმე გლეხი აღდგომას კეტებით დგანან ეკლესიის კარებში და არ უშვებენ დედა-კაცებს“, – გაზეთი „დროება“, 1883 წ.

„კახეთიდამ გვწერენ: ძველი ცრუ-მორწმუნეობა, რომელიც აღდგომა დღეს დედა-კაცებს ეკლესიაში შესვლას უკრძალავს, ჯერ კიდევ არ მოსპობილაო. თუმცა ზოგან მღვდლები ბევრსა სცდილობენ, მაგრამ ხალხი დარწმუნებულია, რომ თუ ესე არ მოვიქეცით, უეჭველად სეტყვა წაგვახდენსო. მართლა რომ თანაგრძნობის ღირსნი არიან ქალები მეტადრე იმისთანა სუსხიან დღეს, როგორიც იყო შარშანდელი აღდგომა“, – გაზეთი „დროება“, 1883 წ.

ამ ცნობების ფონზე, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ძველ ქართულ პრესაში სხვა ტიპის – „გასართობი“ ტექსტებიც ქვეყნდებოდა, რომელშიც ავტორს „თამამი ქალები ჰყავდა გამოყვანილი“ და ასევე მასალა, ნებსით თუ უნებლიეთ, ერთგვარ Product Placement-საც შეიცავდა:

„აღდგომის ორშაბათია, ქალები დაარიხინებენ და დაასრიალებენ ეტლებს სადარბაზოდ. ქუჩის ყოველ კუთხეში გაისმის „ქრისტე აღსდგა!“ „ჭეშმარიტად!“ და კოცნის ტლაშა-ტლუში. ასეთი ამბავია სახლებშიაც.

„ქალი სააღდგომო კვერცხებით“ | ნიკო ფიროსმანაშვილი

აგერ ერთი ქალი გადაეხვია მეორეს.

– მომილოცნია დღესასწაული, ქმარ-შვილი გიცოცხლოს… ქრისტე აღსდგა!

– ჭეშმარიტად! [ჰკოცნის]

– ოჰ, ნინო, რა ტკბილი ტუჩები გაქვს! ალბათ ძლიან დაშაქრული პასქა გიჭამია… დაიბანდი მაინცა.

– არა, განგებ წავისვი ტკბილი ტუჩის პომადა. ასეთი პომადა ეხლა ქართველ ფარმაცევტთა აფთიაქის მაღაზიაში იყიდება და ეწოდება „Delices du baiser“-ი… საკაცებოდ არის გაკეთებული… თუ არა-და, რასა ჰგავს: გაკოცებს კაცი და ვერც-კი გაიგებს, რა განსხვავებაა ლამაზისა და მახინჯის ქალის კოცნას შუა…

– მოგიხდება-კი დღეს კაცებთან კოცნა?

– როგორ არა, სამი მოდარბაზე გვეწვია… ერთს არ ვაკოცე: „რიჟა“ თმები ჰქონდა და ასეთები-კი იუდა ისკარიოტელებსა ჰგვანან!.. ორს კი, მეტი რა ღონე იყო…

– მერე, როგორ იმოქმედა შენმა „პომადამ“?

– ძალიან კარგად… კოცნის შემდეგ კარგა ხანს ტუჩებს ილოკავდნენ…“

დასასრულ კი, „ქრისტე აღსდგა, ძვირფასო მკითხველო! აღდგომა სიხარულისა, ბედნიერებისა, სიმართლისა, წინ-მსვლელობისა და სახელ-განდიდებისა მოგცეს ღმერთმან; ბნელი უსამართლობისა და უგუნურებისა შემოგაცალოს; ნათელი ჭეშმარიტებისა და მეცნიერებისა დაგიმკვიდროს; ჩვენთვის ჯვარ-ცმულის უკვდავი მცნება: „სიყვარული, სიბრალული, ერთობა, ძმობა, თანასწორობა და თავისუფლება“ ყოველდღიურ ლოცვად და სჯულად გარდაგიქციოს!..“

P.S. „ერთ სოფელს აღდგომა ჰქვია. ერთმა კაცმა სთხოვა მეორეს ცხენი, აღდგომამდი ცხენი მათხოვეო. მიირთვიო, უთხრა მეორემ: აღდგომამდი ცხენს როგორ დაგიჭერო! ეს იყო იანვარში. წაიყვანა იმ კაცმა ცხენი და დიდ მარხვის მეხუთე კვირაში დაუბრუნა პატრონს მადლობის თქმით.

– რა მიყავ, კაცო, ესა! განა გაჩუქე ცხენი, რომ ამდენი ხანი ხედნიო! უსაყვედურა გაჯავრებით ცხენის პატრონმა.

– რათა, ძმაო! შენ აღდგომამდი მათხოვე ცხენი და ჯერ სად არი აღდგომა, კიდევ რამდენიმე დღეაო! მე მეგონა ადრე მივუყვან, კვლავაც მათხოვებს მეთქი და შენ მიჯავრდებიო!“

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *