Quest Diagnostics-მა 31 ივლისიდან მომხმარებლებისთვის ალცჰაიმერის სისხლის ტესტის შეთავაზება დაიწყო. ტესტირების შედეგად სისხლში ბეტა ამილოიდის ცილის დონის დადგენაა შესაძლებელი, რომლის სიჭარბეც ალცჰაიმერის დაავადების განვითარებაზე მისი სიმპტომების გაჩენამდე რამდენიმე წლით ადრე მიანიშნებს.
AD-Detect-ის სახელწოდებით ცნობილი ტესტის ღირებულება $399-ს შეადგენს. შეგახსენებთ, ამავე ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სისხლის ტესტის გაყიდვა კომპანიამ ექიმებისთვის 2022 წლიდან დაიწყო.
„ამილოიდის ტესტის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის გაძლევს საშუალებას, რამდენიმე წლით ადრე იცოდე, რომ ალცჰაიმერის რისკის ქვეშ ხარ“, – განაცხადა Quest Diagnostics-ის ნევროლოგიის მიმართულების დირექტორმა.
Quest Diagnostics-ის სამომხმარებლო ტესტი ხელმისაწვდომი იქნება 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ მეხსიერების მსუბუქი დაქვეითება ან ალცჰაიმერის გენეტიკური ისტორია და სურთ გაიგონ, მათში ამ დაავადების განვითარების რისკის შესახებ.
მომხმარებლებმა პირველ რიგში უნდა გადაიხადონ ტესტირების საფასური Quest-ის ვებსაიტზე. მედიკოსი განიხილავს შესყიდვას, რათა დარწმუნდეს, რომ ის სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებელია და განათავსებს შეკვეთას მათი სახელით. პაციენტებს შეუძლიათ განიხილონ თავიანთი შედეგები ონლაინ და აქვთ შესაძლებლობა გაესაუბრონ ექიმს დამატებითი საფასურის გარეშე.
თუ ტესტის პასუხი დადებითი იქნება, ინდივიდებს ავტომატურად დაუკავშირდებათ პირი დამოუკიდებელ ექიმთა ქსელიდან, რათა შემდეგი ნაბიჯები განიხილონ და შედეგები სხვა ექიმებს გაუზიარონ, – აცხადებენ კომპანიაში.