ქართველები უძრავ ქონებას ყველაზე ხშირად ესპანეთში, გერმანიაში, აშშ-ში, თურქეთში და ტაილანდში ყიდულობენ. ბოლო პერიოდში მოიმატა ინტერესმა აღმოსავლეთ ევროპის (ჩეხეთი, პოლონეთი) და ახლო აღმოსავლეთის (დუბაი) მიმართაც. კომპანია Propertyabroad-ის ინფორმაციით, რომელიც საზღვარგარეთ უძრავი ქონების რეალიზაციას ახდენს, გასაყიდი ფასი შეიძლება 20 000 ევროდანაც იწყებოდეს. საზღვარგარეთ უძრავი ქონების ზედა ზღვარი კი რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარსაც აღწევს.
საქართველოდან საზღვარგარეთ ყველაზე ხშირად 100 000 ევროს ფარგლებში ეძებენ უძრავ ქონებას.
Propertyabroad-ში ფორბსს უთხრეს, რომ ესპანეთიდან ყველაზე დიდი ინტერესი ბარსელონას მიმართულებაზეა, ამასთან ქართველების ინტერესში ხვდება ტაილანდში სასტუმრო ნომრების შეძენაც, რომლის მფლობელიც დღეს რამდენიმე ქართველია.
“არის ისეთი შეთავაზებებიც, სადაც ქონების მხოლოდ გარკვეულ წილს ყიდულობ, რომლის ღირებულება 25 000 დოლარს არ აღემატება. მაგალითად აშშ-ში უძრავი ქონების წილის შეძენის შემთხვევაში, გარკვეული წლების განმავლობაში ფართი ქირავდება, საიდანაც შემოსავალს მფლობელი იღებს. ქართველი მყიდველი ინტერესდება co-working ოფისებში წილის შეძენითაც, რომელიც საქართველოსთვის სიახლეა, თუმცა საზღვარგარეთ ნელ-ნელა ხდება პოპულარული თავისი საინტერესო კონცეფციის გამო. უძრავი ქონების შეძენაზე შეთავაზება ყველა ქვეყნისთვის ინდივიდუალურია და კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობას ეფუძნება”, – ამბობენ Propertyabroad-ში.
ესპანეთსა და გერმანიაში უძრავი ქონების ფასი 65 000 ევროდან იწყება. „ხშირია დაინტერსება იმ მშობლების მხრიდან, რომელთა შვილები საზღვარგარეთ სწავლობენ და ბინის ქირის საკმაოდ მაღალი გადასახადის გადახდა უწევთ ყოველთვიურად“.