ქვეყნის უფასო მარკეტინგული რეკლამა - რა მოგვიტანა და რას მოგვიტანს „ფორსაჟი 9“?

ქვეყნის უფასო მარკეტინგული რეკლამა - რა მოგვიტანა და რას მოგვიტანს „ფორსაჟი 9“?

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში გადაღებული ფილმის „ფორსაჟი 9“-ის პრემიერა საქართველოში 19 მაისს შედგა. აღნიშნული ფილმი იმით არის განსაკუთრებული საქართველოსთვის, რომ მისი დაახლოებით 10-წუთიანი მონაკვეთი თბილისის და რუსთავის ქუჩებში გადაიღეს. კერძოდ, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის UNIVERSAl PICTURES-ის ფილმში ასახულია თბილისის რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას გამზირები, თავისუფლების მოედანი, პუშკინის, ბესარიონ ჟღენტის, ავთო ვარაზისა და უნივერსიტეტის ქუჩები, ასევე, რუსთავში ბაზრობის ტერიტორია.

როგორც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა განაცხადა, ის, რომ საქართველოს ფილმის საშუალებით მილიონობით ადამიანი ნახავს, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვინაიდან ეს არის უფასო მარკეტინგული რეკლამა.

„ჩვენ ფილმების და სერიალების ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით, როდესაც კონკრეტულმა ქალაქებმა და ქვეყნებმა საგრძნობლად გაზარდეს ცნობადობა. სწორედ ერთი კონკრეტული ფილმის გამო ჩადიან ხოლმე ქვეყანაში. ამიტომ ყველა მოხარულები ვართ, რომ დიდხნიანი შრომის შედეგად, კომპანია „ენკენის“ მონაწილეობით და სახელმწიფო უწყებების აქტიური ჩართულობით და დახმარებით თბილისში ამ პროექტის განხორციელება მოხერხდა“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

მისივე თქმით, ამ მხრივ საქართველოს კონკურენტები მრავლად იყვნენ, მათ შორის განვითარებული ქვეყნები, საბოლოოდ კი მაინც საქართველო შეირჩა და ამით გადამღებმა კომპანიამ თანხებიც დაზოგა.

„ჩვენ შევძელით, რომ უმაღლეს დონეზე ჩაგვეტარებინა გადაღებები. გადაღებებით კმაყოფილია კომპანია „უნივერსალი“, ვინაიდან ეფექტურად მოახერხა გადაღება, დაიზოგა ხარჯები, და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანაში დაიხარჯა 25 მლნ ლარის კვალიფიციური ხარჯი. ეს არის თანხა, რომელიც პირდაპირ შევიდა ქვეყნის ბიუჯეტში“, – განაცხადა მიხეილ ხიდურელმა და დასძინა, რომ გადაღების ფარგლებში დასაქმდა უამრავი ადამიანი, რომლებმაც ასეთ მსხვილ კომპანიასთან მუშაობის დიდი გამოცდილება შეიძინეს.

ცნობისთვის, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ინფორმაციით, ფილმის გადამღები ჯგუფი 600 ადამიანისგან შედგებოდა, მათ შორის 425 ადგილობრივი  იყო. ჯამში პროექტის ფარგლებში 4 000-მდე ადამიანი დასაქმდა.

საქართველოში გადაღებების წარმოებისათვის ამერიკულმა კომპანიამ 32 მილიონ ლარამდე დახარჯა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *