თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბუტრანა“ ევროპული სტანდარტების წარმოებაზე გადადის

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბუტრანა“ ევროპული სტანდარტების წარმოებაზე გადადის

ბუტრანა კახეთში, სოფელ ტიბაანთან მდებარე მიკრო-ზონაა, რომელიც კახეთის ტერიტორიაზე არსებულთაგან ერთ-ერთი უძველესია. იქ მოყვანილი ყურძენი განსაკუთრებული საგემოვნო თვისებებით გამოირჩევა, ღვინო კი – ხასიათით. სულ რამდენიმე წლის წინ ბუტრანას შესახებ ცოტა ვინმეს თუ სმენოდა –  კახეთს გარეთ მცხოვრებთათვის ეს სახასიათო სიტყვა და გამორჩეული ადგილი ან სრულიად უცნობი, ან კიდევ მივიწყებული იყო –  მის ხსენებას და მასზე ინფორმაციას ძველ წიგნებში თუ წააწყდებოდით. სწორედ ამ მიზეზით გადაწყვიტა წარმოშობით ტიბაანელმა ჯემალ ხატიაშვილმა საკუთარი ბიზნესისა და წარმოების ბუტრანასთან დაკავშირება.

“ჩვენი ოჯახი 10 ჰექტარ მიწას ფლობს ტიბაანთან, სწორედ მათ –  პირველ რიგში კი პაპამ – ჩამინერგეს ადრეული ბავშვობიდან ამ საქმის სიყვარული. ჩვენ სამი სახის პროდუქციას ვაწარმოებთ – ღვინოს, ყველსა და ხორცპროდუქტს. ჩვენი ყველა პროდუქტი დაკავშირებულია ბუტრანაში მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებულ ღვინოსთან – მაგალითად, ჩვენს მიერ წარმოებული ყველი ჩვენივე საფერავშია დავარგებული”.

საქართველოში ნატურალური რძე მუდამ დეფიციტური იყო, მაგრამ “ბუტრანას” აქვს ამბიცია, რომ მის მიერ წარმოებული ყველი მხოლოდ ნატურალურ რძეზე იყოს დამზადებული. სწორედ ამის გამო გადაწყდა მერძეული ფერმის აშენება. ძროხების ექსპორტს ესპანეთიდან აპირებენ – მათი გამორჩეული გენეტიკისა და იშვიათი პროდუქტიულობის გამო. მანამდე კი, საკუთარ პატარა ფერმაში წარმოებული და სხვა ადგილობრივი ფერმერებისაგან შეძენილი რძით, “ბუტრანა” ოცამდე სახეობის ყველს სთავაზობს მომხმარებელს – საფერავში, თათარაში, აჯიკაში, თაფლში,  პიტნაში, კენკრაში თუ სხვა მეთოდებით დავარგებულს.

ფერმის გაფართოება და ევროპულ სტანდარტზე სრული გადასვლა, ცხადია, წარმოების მასშტაბსაც გაზრდის და ახალი ჩანაფიქრების თამამად განხორციელების საწინდარიც იქნება. ევროპული ყველეულიდან “ბუტრანა” უკვე აწარმოებს მოცარელას, ახლო მომავალში კი კამემბერისა და ლურჯი ყველის დამატებაც იგეგმება.

“ახალი ფერმა წარმოების მასშტაბის გაზრდაში ძალიან დაგვეხმარება. თავდაპირველად “ბუტრანაში” 5 ადამიანი იყო დასაქმებული, დღეს 20-მდე თანამშრომელი გვყავს, ფერმის ამუშავების შემდეგ კი მინიმუმ 7 ახალი თანამშრომელი დაგვემატება”.

ექვს ჰექტარზე გაშენებული ვენახების ყურძნისაგან “ბუტრანა” ორი სახეობის ღვინოს აწარმოებს – საფერავსა და ქვევრის რქაწითელს.

“ჯერჯერობით მხოლოდ 5000 ბოთლს ვასხამთ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გადის, მაგრამ გვაქვს შატოს აშენების გეგმა და გვინდა წლიური წარმოება 100 000 ბოთლამდე გავზარდოთ. ცხადია, ღვინის ექსპორტიც გეგმაშია. ვაპირებთ, ღვინო ჩინეთის, რუსეთისა და ევროკავშირის ბაზარზე გავიტანოთ”.

“ბუტრანას” ვენახებში 50-მდე ჯიშის ყურძენია. საღვინე ჯიშებიდან ღვინო იწარმოება, დანარჩენი კი ხილად  იყიდება – აქაური ვენახების დაფასოებული და ეტიკეტირებული ყურძნით “აგროჰაბი” მარაგდება. ეს ყურძენი სამაცივრე მეურნეობაში ინახება, რომელიც საქართველოში სიახლეს წარმოადგენს. ყურძნის ევროკავშირის ბაზარზე გატანაც გეგმაშია.

“ბუტრანა” ევროპული სტანდარტისა და ნოვაციების დამკვიდრებისთვის ზრუნავს, რაც შრომატევადი და ხარჯიანი საქმეა. თიბისისთან თანამშრომლობის 7 წლიანი ისტორია აქვს, სწორედ თიბისის მხარდაჭერით შეიძინეს სამაცივრე მეურნეობის გასამართად საჭირო დანადგარები, ახლა კი  ევროპული სტანდარტის ფერმის ასაშენებლადაც მოიპოვეს დაფინანსება. ჯემალ ხატიაშვილი ამბობს, რომ „გეგმაში კიდევ ბევრი სიახლეა და მათ შესახებ მეტ-ნაკლები სითამამით ლაპარაკის საშუალებას სწორედ ამგვარი მხარდაჭერა იძლევა”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *