რა არის დამპინგი?

რა არის დამპინგი?

დამპინგი (ინგლისურად dumping) არის საქონლისა და მომსახურების სხვა ქვეყანაში უფრო იაფად გაყიდვა, ვიდრე მწარმოებელი საკუთარ ქვეყანაში ყიდის. ანუ, როცა ექსპორტზე პროდუქცია იმაზე ნაკლებ ფასში გაგაქვს, ვიდრე ამ პროდუქციის წარმოების ქვეყანაში ყიდი. მაგალითად, თუ 1 კილოგრამი თურქული პომიდორი საქართველოში 2 დოლარად იყიდება, თურქეთში კი 3 დოლარად, ასეთ ვაჭრობას ეძახიან დამპინგს.

დამპინგის დროს ჩნდება ეჭვი, რომ გარკვეული დროის პერიოდში სხვა ქვეყანაში პროდუქცია იაფად კონკურენტების ჩამოსაშორებლად იყიდება. აქედან გამომდინარე, ბევრ ქვეყანას აქვს ე.წ. „ანტიდამპინგური კანონმდებლობა“, ანუ კრძალავს მის ტერიტორიაზე დამპინგს. 2021 წლის 1 ივნისიდან „ანტიდამპინგური კანონმდებლობა“ საქართველოშიც ამოქმედდა.

დამპინგი ძირითადად საგარეო ვაჭრობაშია აქტუალური მისი განმარტებიდან გამომდინარე, თუმცა შესაძლოა, დამპინგად ჩაითვალოს ნებისმიერი ვაჭრობა, როცა პროდუქციის რეალიზება თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასში ხდება. აქაც კონკურენტების ჩამოშორება შეიძლება იყოს მიზანი. რამდენად ფართო გაგება ექნება დამპინგს, ეს ქვეყნის კანონმდებლობაზეა დამოკიდებული.

ქართულ ენაში დამპინგზე უფრო ხშირად გვხვდება სიტყვა „დემპინგი“, რაც ინგლისური „dumping“-ის არასწორი ქართული შესატყვისია, შინაარსობრივად კი „დამპინგი“ და „დემპინგი“ ერთი და იგივეა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *