რა არის ეკონომიკური ზრდა?

რა არის ეკონომიკური ზრდა?

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას, ანუ ქვეყნის ტერიტორიაზე საქონლისა და მომსახურების წარმოების ზრდას.

ეკონომიკური ზრდის დათვლისას ერთი აუცილებელი გარემოების გათვალისწინებაა აუცილებელი. რადგან ეკონომიკა (მშპ) გამოშვებული პროდუქციის რაოდენობისა და ფასების ნამრავლით იანგარიშება, ის შეიძლება იმ შემთხვევაშიც გაიზარდოს, თუ მეტ საქონელსა და მომსახურებას არ ვაწარმოებთ, მაგრამ ფასები იზრდება. ქვეყნის ეკონომიკის ზრდა კი გამორიცხავს ფასების ზრდით მიღებულ მეტ ღირებულებას, ამიტომ როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას თვლიან, ფასების ზრდის ეფექტს გამორიცხავენ. ამისათვის, შესადარებელ (მაგალითად, 2021 და 2022) წლებში გამოშვებული პროდუქციას (მშპ) გასული (ისტორიული) წლის ფასებში ანგარიშობენ და თუ მაინც გადააჭარბებს 2022 წლის მაჩვენებელი 2021 წლისას, ამ შემთხვევაში გვაქვს ეკონომიკური ზრდა. მაგალითად, თუ 2015 წლის ფასებით ვიანგარიშებთ 2020 და 2021 წლების საქართველოს ეკონომიკას, გამოდის, რომ 2020 წელს იყო 37.6 მილიარდი ლარი, ხოლო  2021 წელს – 41.5 მილიარდი ლარი. 41.5 მილიარდი 37.6 მილიარდზე 10.5%-ით მეტია. აქედან ვასკვნით, რომ 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა.

ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების ძირითადი წყარო მისი ეკონომიკაა. შესაბამისად, ეკონომიკის ზრდა არის ერთადერთი საიმედო და მდგრადი გზა, რომ ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლები გაიზარდოს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *