რა არის ეფექტიანობა?

რა არის ეფექტიანობა?

ეფექტიანობა (ინგლისურად Efficiency) არის საქმიანობის შედეგის შედარება ამ საქმიანობის გაწევაში ჩადებულ რესურსებთან. თუ შედეგი დახარჯულ რესურსებზე მეტია, საქმიანობა ეფექტიანია, თუ პირიქით, ხარჯი მეტია, საქმიანობა არაეფექტიანია. თუმცა, თავის მხრივ, ეფექტიანი საქმიანობა შეძლება მეტად ან ნაკლებად ეფექტიანი იყოს. მაგალითად, ერთი ლარის რესურსით ორი ლარის შემოსავლის მიღებაც ეფექტიანია და 5 ლარის შემოსავლის მიღებაც, მაგრამ მეორე ვარიანტი მეტად ეფექტიანია. ამიტომ ეფექტიანობის გამოსათვლელად მიღებული სარგებლის გაწეულ ხარჯთან (დახარჯულ რესურსებთან) შეფარდებაა საჭირო. ფარდობაში რაც უფრო მაღალ რიცხვს მივიღებთ, საქმიანობა მით უფრო ეფექტიანია.

ეფექტიანობა ეკონომიკის, როგორც მეცნიერების (სწავლების) არსებობის მთავარი მიზეზია. ეკონომიკის მიზანი, ინდივიდის, საწარმოს ან ქვეყნის დონეზე, სწორედ შეზღუდული რესურსებიდან რაც შეიძლება მეტი სარგებლის მიღებაა, ანუ რესურსების რაც შეიძლება მეტად ეფექტიანად ხარჯვაა.