რა არის ფისკალური პოლიტიკა?

რა არის ფისკალური პოლიტიკა?

ფისკალური პოლიტიკა (ინგლისურად fiscal policy) არის მთავრობის საგადასახადო და ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკის ერთიანობა. მთავრობას სახელმწიფო მართვისთვის ფული, ანუ ბიუჯეტი სჭირდება. როგორ უნდა შეავსოს ბიუჯეტი და რა მიმართულებებით უნდა დაიხარჯოს თანხა, სწორედ ამას განსაზღვრავს ფისკალური პოლიტიკა. ფისკალურ პოლიტიკას დიდი გავლენა აქვს ქვეყნის მაკროეკონომიკაზე როგორც საგადასახადო პოლიტიკით, ასევე ხარჯებით. ამასთან ერთად, მაკროეკონომიკაზე გავლენა აქვს ბიუჯეტის დეფიციტით და მთავრობის ვალის აღებით. ფისკალური პოლიტიკის გადაწყვეტილებები ყოველთვის არ არის მაკროეკონომიკურად გამართლებული, რადგან მათზე პოლიტიკის გავლენა დიდია. მაგალითად, შესაძლოა, ეკონომიკურად სწორი იყოს ხარჯების შემცირება, ამ დროს კი მთავრობამ მოახლოებული არჩევნების გამო ხელფასები და პენსიები გაზარდოს.

ფისკალური პოლიტიკა მნიშვნელოვნად არის დაფუძნებული ბრიტანელი ეკონომისტის ჯონ მეინარდ კეინზის იდეებზე, რომელსაც ფისკალური პოლიტიკის დანიშნულებად ეკონომიკური ციკლების მართვაც მიაჩნდა, ანუ თუ ქვეყანაში მოთხოვნის შემცირებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისია, ამ დროს მთავრობამ ხარჯები უნდა გაზარდოს და პირიქით, თუ მოთხოვნა ჭარბადაა და ინფლაციას უწყობს ხელს, ხარჯები უნდა შეამციროს. თუმცა კეინზის იდეებიდან მთავრობებს ძირითადად მხოლოდ ხარჯების ზრდის იდეა მოსწონთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *