რა გაძვირდა და გაიაფდა ოქტომბერში?

რა გაძვირდა და გაიაფდა ოქტომბერში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ს გაუტოლდა.

ცნობისთვის, საბაზო ინფლაციის დაანგარიშება ხდება სამომხმარებლო კალათიდან შემდეგი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების გამორიცხვით: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები; ენერგომატარებლები; ადმინისტრირებადი ტარიფები; ტრანსპორტი (ცალკეული ტარიფები).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადად აისახა ფასების ცვლილება შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი +6.7%, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები +0.4%, ტრანსპორტი -1.4%.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე კი ძირითადი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება +5.8%, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები +7.6%, განათლება +5%.