რა გავლენა იქონია ომმა უკრაინელი მილიარდერების ქონებაზე | Forbes-ის რეიტინგი

რა გავლენა იქონია ომმა უკრაინელი მილიარდერების ქონებაზე | Forbes-ის რეიტინგი

რუსეთ-უკრაინის ომი დამანგრეველი აღმოჩნდა, როგორც უშუალოდ უკრაინისა და უკრაინელებისთვის, ასევე უკრაინელი მილიარდერებისთვის, რომელთა ქონების უდიდესი ნაწილი დროებით გაჩერებულ სამთომოპოვების ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული.

Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების 2022 წლის რეიტინგში შვიდი უკრაინელი მოხვდა, რომელთა ჯამური ქონება $11.9 მილიარდად არის შეფასებული – ცნობისთვის, ეს $7 მილიარდით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ სიაში ერთი ცვლილებაც დაფიქსირდა –  პლანეტის უმდიდრესი ადამიანების სიას ერთ-ერთი წამყვანი ციფრული ბანკის, Revolut-ის თანადამფუძნებელი, ვლად იაცენკო დაემატა.

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ტკბილეულის მაგნატმა და უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მისი ქონების 75% დაკარგა – კიევსა და ბორისპოლში ორი ქარხნის დახურვის გამო, უკრაინელმა $700 მილიონით იზარალა.

Forbes Georgia გთავაზობთ იმ უკრაინელების ჩამონათვალს, რომლებიც Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების 2022 წლის რეიტინგში მოხვდნენ.

რინატ ახმეტოვი

ქონება: $4.2 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფოლადი, ქვანახშირი
ომის დაწყებიდან დაკარგა: $4.3 მილიარდი

რინატ ახმეტოვი უკრაინის უმდიდრესი ადამიანია, რომელიც რამდენიმე მსხვილი ინდუსტრიული კომპანიის წილებს ფლობს, მათ შორის Metinvest Group-ში, რომლის საბადოები ალყამოქცეულ მარიუპოლში მდებარეობს. ამასთანავე, რინატ ახმეტოვს ეკუთვნის უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგო-მომწოდებლის, DTEK-ის წილი – რუსეთ-უკრაინის ომამდე, ეს კომპანია ქვეყნის ენერგომოთხოვნის 30%-ს აკმაყოფილებდა.

ვიქტორ პინჩუკი

ქონება: $1.9 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფოლადის მილები, სხვადასხვა
ომის დაწყებიდან დაკარგა: $700 მილიონი

ვიქტორ პინჩუკის ქონების ნაწილი ფოლადის მილების მწარმოებელი კომპანიიდან, Interpipe-იდან მოდის, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დაარსდა. ამასთანავე, პინჩუკი უკრაინის საზღვრებს მიღმა $1 მილიარდი დოლარის უძრავ ქონებას და $600 მილიონის ნაღდ ფულსა და ხელოვნების ნიმუშებს ფლობს. საინტერესოა ისიც, რომ პინჩუკი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ევროპულად მოაზროვნე მილიარდერია – ყოველ წელს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პინჩუკი სადღესასწაულო საუზმეს მართავს.

ვადიმ ნოვინსკი

ქონება: $1.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფოლადი
ომის დაწყებიდან დაკარგა: $2.2 მილიარდი

რუსეთში დაბადებული მილიარდერი ვადიმ ნოვინსკი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა 2012 წელს მიიღო, ვლადიმირ პუტინთან ყველაზე დაახლოებულ უკრაინელ ბიზნესმენად ითვლება. ეს სიახლოვე ნოვინსკის იდეოლოგიურ მიკუთვნებაზეც აისახება – ის რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრია, პრორუსული პარტიიდან. ამასთანავე, ნოვინსკი რინატ ახმეტოვის Metinvest-ის არასაკონტროლო წილს ფლობს.

კოსტანტინ ჟევაგო

ქონება: $1.3 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: სამთომოპოვება
ომის დაწყებიდან დაკარგა: $800 მილიონი

სხვა უკრაინელი მილიარდერების მსგავსად, კონსტანტინ ჟევაგოს ქონებაც სამთომოპოვების ინდუსტრიას არის მიბმული – ჟევაგო ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოვაჭრე კომპანიის, Ferrexpo-ს საკონტროლო პაკეტს ფლობს. ამასთანავე, ჟევაგოს აქტიური პოლიტიკური კარიერაც ჰქონდა – იგი უკრაინის რადის წევრი გახლდათ, 1998-2019 წლებში.

გენადი ბოგოლუიბოვი

ქონება: $1.1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ბანკინგი, ინვესტიციები
ომის დაწყებიდან დაკარგა: $900 მილიონი

გენადი ბოლოგიუბოვი უკრაინის უდიდესი კომერციული ბანკის, PrivatBank-ის თანადამფუძნებელია – ეს ბანკი მან და იგორ კოლომოისკიმ გასული საუკუნის 90-იან წლებში, $1 მილიონის საწყისი კაპიტალით შექმნეს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, PrivatBank-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც, 2016 წელს უკრაინის სახელმწიფომ მისი ნაციონალიზაცია მოახდინა. დღეს., ბოგოლიუბოვის ქონების უდიდესი ნაწილი Privat Group-ზე მოდის – კონგლომერატზე, რომელიც სხვა ინვესტიციებთან ერთად, ნავთობკომპანიების წილებსაც ფლობს.

ვლად იაცენკო

ქონება: $1.1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ფინტექი
ომის დაწყებიდან დაკარგა: –

ვლად იაცენკო Forbes-ის მილიარდერთა სიაში მას მერე მოხვდა, რაც მის მიერ დაარსებულმა ციფრულმა ბანკმა, Revolut-მა $800 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა და გაერთიანებული სამეფოს ყველაზე ძვირად ღირებულ ფინტექ-კომპანიად იქცა, რომელიც დღეს $33 მილიარდად არის შეფასებული.

იგორ კოლომისკი

ქონება: $1 მილიარდი
სიმდიდრის წყარო: ბანკინგი, ინვესტიციები
ომის დაწყებიდან დაკარგა: $800 მილიონი

ბუნებრივი წიაღისეულის გარდა, უკრაინელი მილიარდერი იგორ კოლომოისკი და მისი ბიზნეს-პარტნიორი, იგორ ბოგოლუბოვი ფლობენ, როგორც ფოლადის, რკინისა და შხამ-ქიმიკატების კომპანიების წილებს, ასევე ელექტროენერგიის სადისტრიბუციო ბიზნესს, საზღვაო პორტებსა და ბიტკოინის მაინინგით დაკავებულ კომპანიას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *