რა ხდება შვეიცარიის მეორე უმსხვილესი ბანკის, Credit Suisse-ის გარშემო?

რა ხდება შვეიცარიის მეორე უმსხვილესი ბანკის, Credit Suisse-ის გარშემო?

ამერიკის შეერთებული შტატების ბანკების, Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის კოლაფსიდან სულ რამდენიმე დღეში, შვეიცარიულმა გიგანტმა Credit Suisse-მა აქციების დიდი ნაწილი გაყიდა, რითაც გლობალურ საბანკო სექტორში შესაძლო კრიზისის შესახებ არსებული შეშფოთება კიდევ უფრო გაამძაფრა.

Credit Suisse-ის აქციები თითქმის 30%-ით, რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ბანკმა კი თავისი ღირებულების მეხუთედზე მეტი დაკარგა – შვეიცარიული გიგანტის ხუთწლიანი საკრედიტო დეფოლტის სვოპები ახალ რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ხოლო ამ ყველაფრის პარალელურად, ბანკის უმსხვილესმა ინვესტორმა, მარეგულირებელი პრობლემების გამო, დამატებით ფინანსურ დახმარებაზეც უარი განაცხადა. შვეიცარიის მეორე უმსხვილესი ბანკი ნდობის კრიზისმა მოიცვა.

აქციების ვარდნის ტენდენცია ევროპულ და ამერიკულ ბაზრებზეც შეიმჩნევა. მაგალითად, ოთხშაბათს Stoxx Europe-ის საბანკო აქციების ინდექსი 7%-ით დაეცა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი აქციების ვარდნა როგორც მსხვილ, ასევე მცირე ბანკებშიც დაფიქსირდა, რის შედეგადაც Dow-ი – 0.9%-ით, ხოლო S&P 500 0.7%-ით დაეცა. თითქმის 4%-ით დავარდა ლონდონის FTSE 100, რაც გაერთიანებული სამეფოს ინდექსისთვის, 2020 წლის პანდემიის პირველი დღეების შემდეგ, ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა.

ინვესტორების შეშფოთება კი განსაკუთრებით Credit Suisse-ის აუდიტორის მიერ გამოქვეყნებულმა ფინანსურმა ანგარიშმა გაამწვავა, რომელიც ბანკის ფინანსურ კონტროლში არსებულ „მატერიალურ სისუსტეებზე“ მიუთითებდა. ამას თან დაერთო შვეიცარიული გიგანტის მთავარი ინვესტორის, საუდის არაბეთის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, აღარ შეეძინა დამატებით აქციები Credit Suisse-ში.

სტრასბურგში ევროპარლამენტარების წინაშე გამოსვლისას, აშშ-ის ხაზინის სპიკერმა განაცხადა, რომ დეპარტამენტი შვეიცარიის საკრედიტო მდგომარეობას აკვირდება და შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის საბანკო სექტორი საერთო ჯამში კარგ მდგომარეობაშია. მისივე განცხადებით, სექტორმა ბოლო წლებში გამძლეობა გამოიმუშავა და მას მჭიდროდ ზედამხედველობენ ეროვნული და ევროპელი ხელისუფალნი.

თავის მხრივ, ბანკის გადარჩენისა და ინვესტორების ნდობის გასაძლიერებლად, შვეიცარიის მთავრობამ Credit Suisse-ისთვის $54 მილიარდის სესხების გადაწყვეტილება მიიღო. თავად Credit Suisse-მა შვეიცარიის ეროვნული ბანკისგან სესხის აღებას, მისი ლიკვიდურობის გასაძლიერებლად მიღებული „გადამწყვეტი ზომები“ უწოდა. შვეიცარიული გიგანტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ულრიხ კერნერმა თანამშრომლებსაც მიმართა, მათ ფაქტებზე ფოკუსირებისკენ მოუწოდა და, ოპერაციების დაჩქარების გეგმით, სწრაფად წინსვლის პირობაც დადო.

სესხის დამტკიცებამდე ცოტა ხნით ადრე, შვეიცარიის ფინანსურმა მარეგულირებელმა FINMA-მა და ქვეყნის ეროვნულმა ცენტრალურმა ბანკმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ Credit Suisse „აკმაყოფილებს კაპიტალისა და ლიკვიდურობის მოთხოვნებს, რომლებიც დაწესებულია სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების მიმართ“ და საჭიროების შემთხვევაში ფინანსური მხარდაჭერის მიღებას შეძლებდა.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ, როგორც Reuters-მა დაადგინა, ცოტა ხნით ადრე, ევროპის ცენტრალური ბანკი Credit Suisse-ის ფინანსური გავლენის შესწავლის მიზნით ევროზონის ბანკებსაც დაუკავშირდა. თუმცა, როგორც გამოცემამ დაადგინა, ბანკები Credit Suisse-ის პრობლემას უფრო შვეიცარიული ბანკისთვის სპეციფიკურ პრობლემებს უკავშირებენ და მის სისტემურ ხასიათს ნაკლებად აღიარებენ.

სპეციფიკურ პრობლემებს აღნიშნავს BBC-ის რეპორტაჟიც, თუმცა პარალელურად, შვეიცარიულ ბანკზე ამერიკული გიგანტების კოლაფსის გავლენებსაც არ გამორიცხავს. სპეციფიკურ პრობლემებს შორისაა საფონდო პარტნიორ Greensill Capital-თან დაკავშირებული სკანდალი, რომლის გაკოტრებითაც ბანკმა $10 მილიარდის ზარალი განიცადა. დამატებით $5.5 მილიარდი დაკარგა ბანკმა 2021 წლის მარტში ჰეჯ-ფონდ Archegos Capital Management-ის კოლაფსის გამო.

ბანკის ბოლოდროინდელ პრობლემებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს მოზამბიკის სკანდალიც, სადაც Credit Suisse-ი ინვესტორების მოტყუებაში დამნაშავედ ცნეს. საქმე „თინუსის თევზჭერის ფლოტისთვის“, $850 მილიონის ღირებულების სესხის გადახდას ეხებოდა. საბოლოოდ, ინვესტორების მოტყუებისთვის, ოქტომბერში მიღებული გარიგების მიხედვით, ბანკს ბრიტანეთისა და აშშ-ის მარეგულირებლებისთვის $475 მილიონის გადახდა დაეკისრა.

ფულის გათეთრების საქმეში დამნაშავედ ბანკი გასულ წელს შვეიცარიის ფედერალურმა კრიმინალურმა სასამართლომ ცნო. სასამართლოს მტკიცებით, 2004-2008 წლებში ბულგარული კრიმინალური დაჯგუფებები ნარკოტიკის რეალიზაციით გამომუშავებულ გათეთრებულ ფულს სწორედ შვეიცარიულ ბანკში ინახავდნენ, შემოსავლის არალეგალურობის შესახებ კი თავად ბანკს ჰქონდა ინფორმაცია, თუმცა მის აღსაკვეთად არაფერი გაუკეთებია. შვეიცარიის ფედერალური კრიმინალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ს $2.1 მილიონის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

შეშფოთება იზრდება და შვეიცარიის მთავრობა ბანკის ხელმძღვანელობას სიტუაციის გამოსწორებისკენ მოუწოდებს. ევროპული მთავრობები კი შვეიცარიის ხელისუფლებისგან ნდობის აღდგენის მოლოდინში არიან, თუმცა ამერიკული ბანკების კოლაფსის შემდგომ, ინვესტორების ნდობის მოპოვება ბევრად უფრო რთულდება და, მათი გადმოსახედიდან, მსგავს სარისკო აქტივებში ინვესტიციების ჩადების შანსიც მინიმუმამდე იკლებს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *