რა მანძილია ქუთაისიდან ანდრომედას გალაქტიკამდე? - გაიცანით საქართველოს ბანკის ბენეფიციარი ნანი გოდაძე

რა მანძილია ქუთაისიდან ანდრომედას გალაქტიკამდე? - გაიცანით საქართველოს ბანკის ბენეფიციარი ნანი გოდაძე

„სტივენ ჰოკინგი ამბობდა, არ დაგავიწყდეს ცაში ვარსკვლავების დანახვა, სანამ ფეხებზე დაიხედავ“, – ასე იწყება საუბარი ნანი გოდაძესთან, რომელიც ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეა და უკვე რამდენიმე წელია, რაც ფიზიკით არის გატაცებული. ის სწავლის გაგრძელებას ასტროფიზიკაზე, ბიოინჟინერიის მიმართულებით გეგმავს.

ნანი ერთ-ერთია იმ 70 მოსწავლეს შორის, რომლებიც საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივ პროექტში – საქართველოში გამართულ პირველ „კომაროვის STEM ბანაკში“ მონაწილეობდნენ, სადაც ახალგაზრდები STEM-ის (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) მიმართულების შესახებ იღრმავებდნენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას.

მიუხედავად იმისა, რომ STEM მიმართულებები საქართველოში ჯერ კიდევ არ არის პოპულარული და საკმაოდ სტერეოტიპული სფეროა, მიაჩნია, რომ ის მომავლის პროფესიებს აერთიანებს.

„საქართველოში, თუ სადმე იტყვი რომ ფიზიკაზე, მათემატიკაზე ან თუნდაც ბიოლოგიაზე აბარებ, ყოველთვის გკითხავენ – ა, მასწავლებელი უნდა გამოხვიდე?“

თუმცა, მასწავლებლობა მის მიზნებში ჯერჯერობით არ შედის. მას უმთავრესად კოსმოსის შეუცნობელი სივრცის აღმოჩენა და უკეთ გაგებას სურს. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არსებობს საკმარისი რესურსი და არც დაწესებულება, რომელიც მას სათანადო ცოდნას შესთავაზებს, ამიტომ, მიზნად დაისახა, სწავლა უცხოეთში გააგრძელოს.

როგორც ამბობს, ბანაკში მიღებულმა გამოცდილებამ უფრო მეტად გაუღრმავა მოტივაცია და სურვილი, სრულად გამოიყენოს მის ხელთ არსებული შესაძლებლობები და დაეხმაროს სხვებს, გადადგან ნაბიჯი მომავლის პროფესიებისკენ.

ჩემ გარშემო ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ ნუ ფიქრობენ, თითქოს მხოლოდ სამი პროფესია არსებობს, რომელსაც ხედავენ. როცა აბიტურიენტების სტატისტიკას ვუყურებ, მათი 70% ზუსტად ერთსა და იმავე ფაკულტეტზე აბარებს და მხოლოდ 1-2% ირჩევს განსხვავებულ მიმართულებას“, – ამბობს ნანი.

საქართველოსთვის ჯერ კიდევ უცნობი პროფესიის არჩევა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, თუმცა, გამოწვევებთან გამკლავებისთვის მთავარი მონდომება და ყველაზე რთული – პირველი ნაბიჯის გადადგმაა.

„მთავარი არის მონდომება – იმ შიშის დაძლევა, რომ ვიღაცას დახმარება სთხოვო. როდესაც ამას გააკეთებ, აღმოაჩენ, რომ შენს გარშემო ფიზიკა-მათემატიკური სკოლის უამრავი ლექტორი თუ მასწავლებელი არსებობს, რომლებიც მზად არიან, დაგეხმარონ“, – აღნიშნავს ნანი.

მონდომებულ ახალგაზრდებს პირველი ნაბიჯის გადადგმაში საქართველოს ბანკი ეხმარება, რომელიც საკუთარი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის შედეგად, აქტიურად აგრძელებს საქართველოში განათლების მხარდაჭერასა და ტექნოლოგიური პროფესიების პოპულარიზაციას. ფინანსური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული ინიციატივების შედეგად, ბანკმა უკვე 100 000-მდე ახალგაზრდისთვის შექმნა განათლების შესაძლებლობა, მათი რიცხვი კი მუდმივად იზრდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *