IEA: ქვანახშირის გლობალური მოხმარება წელს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს

IEA: ქვანახშირის გლობალური მოხმარება წელს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) მონაცემებით, მიმდინარე წელს ქვანახშირის გლობალური მოხმარება ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს. IEA-ის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დაბალი ნახშირბადის ეკონომიკაზე გადასვლა არ დაჩქარება, ქვანახშირის მოხმარება მსგავს დონეზე მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

ქვანახშირის გლობალური მოხმარების ზრდაზე განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი მოქმედებს, რომლის შედეგადაც ბუნებრივი აირის ფასები მკვეთრად გაიზარდა, მიწოდებები კი შეფერხებით მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, 2022 წელს ქვეყანათა ნაწილი შედარებით უფრო იაფი ქვანახშირის გამოყენებაზე გადავიდა.

ამას ერთვის გარკვეულ რეგიონებში სიცხე და გვალვა, რამაც ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა და ჰიდროენერგეტიკის შემცირება გამოიწვია. რაც შეეხება ბირთვულ ენერგიას, მისი წარმოებაც საკმაოდ შემცირებულია, განსაკუთრებით ევროპაში.

IEA-ს წლიური ანგარიში მიმდინარე წელს ქვანახშირის გლობალური მოხმარების 1.2%-ით მატებას პროგნოზირებს. შედეგად, მოხმარება პირველად გადააჭარბებს 8 მილიარდ ტონას და წინა რეკორდს, რომელიც 2013 წელს დაფიქსირდა. IEA-ის ვარაუდით, ქვანახშირის მოხმარება აღნიშნულ დონეზე 2025 წლამდე შენარჩუნდება, რაც ნიშნავს, რომ ქვანახშირი გლობალური ენერგეტიკული სისტემის CO2 ემისიების უდიდეს წყაროდ დარჩება.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ქვანახშირზე მოთხოვნის ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია ინდოეთში (7%), მას კი მოჰყვება ევროკავშირი და ჩინეთი, შესაბამისად 6%-ითა და 0.4%-ით. მიუხედავად ამისა, 2025 წლისთვის, სავარაუდოდ ევროკავშირის ქვანახშირის მოხმარება 2022 წლის დონესთან შედარებით შემცირდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *