მილიარდერი მეწარმე და ინვესტორი, რინატ ახმეტოვი უკრაინის უმდიდრესი მოქალაქეა. სხვა უკრაინელ ბიზნესმენების მსგავსად, რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის გამო, მისი ქონების შეფასებაც წელს მნიშვნელოვნად შემცირდა.
Forbes-ის შეფასებით, ომის დაწყებამდე ახმეტოვის ქონება 11 მილიარდ დოლარს აღწევდა და ის ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს ქარხნებსა და საწარმოებს ფლობდა. ამჟამინდელი მონაცემებით, მისი ქონების შეფასება 5.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ანუ გასულ ცხრა თვეში მისი ქონება თითქმის განახევრდა.
ახმეტოვი უკრაინაში უმსხვილესი ინდუსტრიული ჰოლდინგის, System Capital-ის მფლობელია, რომელიც მარიუპოლის მასშტაბით ათობით ქარხანას, მეტალურგიულ კომპლექსს, მაღაროსა და ელექტროსადგურს აკონტროლებს.
ომის დაწყების შემდეგ, მარიუპოლი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ფრონტის ხაზად იქცა, ცნობილი “აზოვსტალის” ქარხანაც სწორედ ახმეტოვის საკუთრებას წარმოადგენდა. ბუნებრივია, სამხედრო მოქმედებების ფონზე მისი აქტივები დაზიანდა, ქარხნებს უმეტესობამ კი ოპერირება შეწყვიტა, რაც ახმეტოვის ქონების შემცირების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი გახდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში ახმეტოვს საკუთარი მედიაბიზნესის სახელმწიფოსათვის იძულებით გადაცემაც მოუწია.
ახმეტოვის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი უკრაინის მთავრობის მიერ მიღებული ახალი ანტიოლიგარქიული კანონი გახდა, რომელიც ოლიგარქებსა და მილიარდერებს მაუწყებლობებისა და მედიაგამოცემების ფლობას უკრძალავს.
ახმეტოვის ჰოლდინგ System Capital Management-ში შემავალი ჯგუფი – Media Group Ukraine მოიცავს ისეთ პოპულარულ არხებსა და გამოცემებს, როგორებიცაა: „უკრაინა“, „უკრაინა 24“, „НЛО TV“, „ინდიგო TV“, „ფეხბურთი“, „დონბასი“, „სიგმა“ და „34-ე არხი“.